ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, ამ სეზონში მეორე პოულ პოზიცია, ესპანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში გამარჯვებით მოიპოვა. რბოლის სტარტზე პირველ რიგში ორი „მერსედესი“ დადგება - კვალიფიკაციაში მეორე დრო ვალტერი ბოტასს ჰქონდა. სებასტიან ფეტელი კი, ვისაც ზედიზედ მეოთხე პოულის მოგების შანსი ჰქონდა, ამჯერად მესამე დროს დასჯერდა.
ოთხი რბოლის შემდეგ, ბრიტანელი მრბოლი ფეტელს ოთხ ქულას უგებს. კვალიფიკაციის დასკვნით ნაწილში, მან ორი უსწრაფესი წრე დააფიქსირა, რომელთაგან უკეთესი - წუთი და 16.173 წამი, კატალუნიის ტრეკის რეკორდია. საბოლოოდ, ჰამილტონმა ფინელ თანაგუნდელს 0.040 წამით აჯობა. ფეტელს კი პოულამდე 0.132 წამი დააკლდა.
„ეს პოული ძალიან მჭირდებოდა, დიდი ხანია, მასზე არ ვმდგარვარ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ამ სეზონში პირველი კვალიფიკაცია ავსტრალიის ეტაპზე მოიგო. მისი პოულის დრო თითქმის სამი წამით უკეთესია ამავე ტრეკზე მის მიერვე გასულ სეზონში დაფიქსირებულ საუკეთესო დროზე (1:19.149).
ამგვარად, ჰამილტონმა ესპანეთის რბოლის პოული ზედიზედ მესამედ, ბოლო ხუთ სეზონში კი მეოთხედ მოიგო. სულ კი მას კარიერაში 74 პოულ პოზიცია აქვს მოგებული. ბარსელონას ტრეკი ცნობილია იმით, რომ მასზე მეტწილად ის პილოტები იგებენ, რომლებსაც კვალიფიკაციაც მოგებული აქვს.
ფეტელს მეორე რიგში გვერდს თანაგუნდელი კიმი რაიკონენი დაუმშვენებს, მესამე რიგს კი „რედ ბულის“ პილოტები დაიკავებენ. მათ შორეის დღეს უფრო სწრაფი მაქს ფერსტაპენი იყო, რომელმაც დანიელ რიკიარდოს სულ რაღაც, 0.002 წამით აჯობა.
მეოთხე რიგში კი „ჰაასის“ კევინ მაგნუსენი და „მაკლარენის“ ფერნანდო ალონსო დაიკავებენ. დანიელმა დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის პილოტია და ამერიკულმა გუნდმა იტალიურმა „დალარამ“ კარგი მანქანა მოუმზადეს. ალონსომ კი გაუმჯობესებული მაკით გაუმჯობესებული დრო აჩვენა. თუმცა უოკინგელები ამბობენ, რომ განახლებული მანქანის რეალურ შესაძლებლობებს რბოლისას ვნახავთ.
კვალიფიკაციაში ვერ იასპარეზა „ტორო როსოს“ ბრენდონ ჰარტლიმ, რომელმაც მესამე პრაქტიკის დროს მანქანა ძლიერ დაამტვრია. ბედად, ტრავმებს გადაურჩა, რბოლას კი ბოლო პოზიციიდან დაიწყებს.
ესპანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'16.173
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'16.213
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1'16.305
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1'16.612
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'16.816
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1'16.818
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'17.676
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1'17.721
- კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1'17.790
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1'17.835
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1'18.323
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1'18.463
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1'18.696
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1'18.910
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1'19.098
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1'18.923
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1'19.493
- სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1'19.695
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1'20.225
- ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) არ გამოსულა