ფეხბურთი

13:51 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის ღირსეული საქციელი - რატომ არ აღმართა თასი ჯიჯიმ?

ტურინის “იუვენტუსმა” ზედიზედ მეოთხედ მოიგო იტალიის თასი. დიდი ალბათობით, ეს ჯიჯი ბუფონის ბოლოსწინა ტიტული იყო კარიერაში, რომელსაც ჯერ კიდევ არ განუცხადებია ფეხბურთიდან წასვლის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ ასე მოხდება.

იტალიის თასიც ბუფონს უნდა აღემართა, როგორც გუნდის კაპიტანს, მაგრამ ჯიჯიმ ეს პატივი სხვა ღვაწლმოსილ თანაგუნდელებს დაუთმო – კლაუდიო მარკიზიოს, ანდრეა ბარძალისა და სტეფან ლიხშტაინერს. თვითონ კი, როგორც რიგითი ფეხბურთელი გვერდზე გადგა და მოკრძალებულად აღნიშნა მეხუთედ მოგებული იტალიის თასი (4 “იუვენტუსში”, 1 “პარმაში”).

“რატომ არ ავღმართე თასი? – ბოლო წლებში იტალიის თასს ყოველთვის კიელინი სწევდა და ახლა მინდოდა, რომ იგივე მარკიზიოს, ლიხშტაინერსა და ბარძალის გაკეთებინათ. ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან და 7 წლის განმავლობაში ძალიან დამეხმარნენ”, - განმარტა ბუფონმა.

სხვათა შორის, 40 წლის მეკარეს “იუვენტუსის” მაისურით 18 ტიტული აქვს მოპოვებული და ტურინელთა ისტორიაში ამ მხრივ საუკეთესოა. მეორე ადგილზე ალესანდრო დელ პიერო გახლავთ 16 თასით.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “მილანი” 4:0 დაამარცხა, სეზონში პირველი ტიტული მოიგო და ზედიზედ მეოთხე დუბლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სტატისტიკა
0.295884