ფეხბურთი

2:56 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" - იტალიის ლიდერი (+VIDEO)

ოთხი წელი, ოთხი დუბლი – ტურინის “იუვენტუსი” იტალიაში ყველაფერს ანადგურებს და ტიტულს არავის უთმობს. “ბებერმა ქალბატონმა” იტალიის თასი ისტორიაში მეცამეტედ და ზედიზედ მეოთხედ მოიგო. ეს აბსოლუტური რეკორდია.

არადა, ბევრად დაძაბულ ფინალს ველოდებოდით: აქამდე, “იუვენტუსისა” და “მილანის” ფინალები ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბულობით, მაგრამ ახლა მხოლოდ 45 წუთი გამოდგა ტოლ-სწორი. მეორე ტაიმში “იუვემ” დაუძინებელ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და გაანადგურა – 4:0.

შეხვედრა ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. თუმცა ორი ჯანლუიჯი, ვეტერანი ბუფონი და ახალგაზრდა დონარუმა დამაჯერებლად მოქმედებდნენ. აი, მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. დონარუმა შეხვედრის ანტიგმირი გახდა, რომელმაც ორ გოლში უდიდესი როლი დაიდო.

ჯერ იყო და, მირალემ პიანიჩის კუთხურს მეჰდი ბენატიამ მშვენივრად შეაგება თავი, ხოლო მალევე დუგლას კოშტამ შორიდან გაისროლა. რომ არა დონარუმა, რომელმაც ხელში ვერ შეიმაგრა ბურთი, ანგარიში არ გამორმაგდებოდა. 3 წუთში “ბუფონის მემკვიდრემ” კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა და ყველაფერი გააკეთა, რომ ბენატიას(!) დუბლი შეესრულებინა. სხვათა შორის, მაროკოელმა “იუვეს” მაისურით მეხუთე გოლი გაიტანა და აქედან სამჯერ “მილანი” დაამწუხრა. წერტილი ნიკოლა კალინიჩმა დასვა. ხორვატს მეტოქის კარშ არ გაუტანია, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, არამედ პინიჩის კუთხურის შემდეგ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ეს 76-ე წუთზე. მერე თამაში არ ყოფილა. “როსონერი” სცდილობდა პრესტიჟის გოლის გატანას, მაგრამ ერთხელ ძელმა შეუშალა ხელი, სამჯერ ჯიჯი ბუფონმა დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი.

“იუვენტუსმა” მოიგო და “იუვენტუსი” იტალიის ლიდერია. შემდეგ იყო დაჯილდოვების ცერემონია, სადაც თასი კაპიტან ბუფონს არ აღუმართავს. ლეგენდარულმა მეკარემ ეს მისია კლაუდიო მარკიზიოს გადაულოცა და თვითონ განზე გადგა.

ახლა, ტურინულ გრანდს დუბლის შესრულება აქვს დასახული მიზნად, რომლისგან ფაქტობრივად დროის გარდა აღარაფერი აშორებს.

“იუვენტუსი” – “მილანი” 4:0 (0:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 65 000

“იუვენტუსი” (4-3-2-1): ბუფონი; კუადრადო, ბარძალი, ბენატია, ასამოა; ხედირა, პიანიჩი (მარკიზიო 87), მატუიდი; დიბალა (იგუაინი 83), დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 73); მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე, ლოკატელი (მონტოლივო 80), ბონავენტურა; სუსო (ბორინი 67), კუტრონე (კალინიჩი 62), ჩალჰანოღლუ

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 1:0 ბენატია (56), 2:0 დუგლას კოშტა (61), 3:0 ბენატია (64), 4:0 კალინიჩი (76, ა.გ)

გაფრთხილება: დუგლას კოშტა (62) – კალაბრია (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (11) – 10 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ანტონიო დამატო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.337438