ფეხბურთი

6:06 | 3.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" სასწაულამდე ცოტა დააკლდა - "ლივერპული" კიევში (+VIDEO)

ცოტა დააკლდა, მაგრამ სასწაული არ შედგა. „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. იურგენ კლოპის გუნდმა „ენფილდ როუდზე“ მოპოვებული კომფორტული უპირატესობა შეინარჩუნა და ახლა ევროპის საუკეთესო კლუბის წოდებისთვის მადრიდის „რეალს“ შეეჭიდება.

„სტადიო ოლიმპიკოზე“ კი უბრალოდ ფანტასტიკური ატმოსფერო და ასეთივე თამაში იყო. აფერუმ „რომას“! ცალსახად, ეუსებიო დრი ფრანცესკოს გუნდმა ის შეძლო, რასაც ბევრი არ ელოდებოდა და მართლაც ერთი ნაბიჯი დააკლდა ფინალამდე. დიახ, ერთი გოლით ნაკლები რომ გაეშვა, უკვე კიევში იქნებოდა, ხოლო ერთით მეტი რომ გაეტანა, ვინ იცის...

მატჩი კი, ინგლისელთა სწრაფი გოლით დაიწყო. სადიო მანემ კონტრშეტევა დააგვირგვინა და თითქმის ყველა კითხვას პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, „მგლები“ არ დანებებულან და მალებვე გაათანაბრეს. გოლი კი, კურიოზული გამოვიდა და ჯეიმს მილნერიმა ავტოგოლი მიითვალა. მერე ისევ ეცადნენ მასპინძლები გატანას, მაგრამ აქეთ გაუშვეს, ამჯერად ჟორჟინიო ვეინალდუმისგან, რომელიც მცველებს გაეპარა.

პირველი ტაიმში არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. აი, მეორე 45 წუთი კი მთლიანად ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის აქტვიში იყო. „ჯალოროსი“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა და გატანა არაერთხელ შეეძლო. გოლიც მალე გავიდა. ჯეკომ იხეირა. მერე იყო უამრავი საგოლე მომენტი, მსაჯების რამდენიმე შეცდომაც ინგლისელთა სასარგებლოდ. ერთ ეპიზოდში საერთოდ, დაუცველ კარში მიმავალი ბურთი ინგლისელ მცველს ხელში მოხვდა, მაგრამ სასტვენი დუმდა.

მატჩის ბოლო ნაწილში რაჯა ნაინგოლანის ჯერი დადგა. ბელგიელმა ჯერ შორიდან გაისროლა ლამაზად, მერე პენალტი გაიტანა და - 4:2. „რომას“ 1 გოლი სჭირდებოდა, თუმცა, დრო აღარ იყო. იტალიელებს გოლების გატანა მოუგვიანდათ...

და მაინც, რომაელები მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებენ. ადვილი საქმე არაა, თითქმის განწირული პოზიციიდან ლამის ფინალში გახვიდე. იმ ფინალში, რომელშიც „ლივერპული“ გავიდა. მომო სალაჰი და კომპანია 26 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მადრიდის „რეალის“ ჰეგემონიის დამხობას უმიზნებენ. „წითლებს“ ჩემპიონთა ლიგა 13 წელია არ მოუგიათ, ხოლო ფინალში ბოლოს 2007 წელს ითამაშეს. მოკლედ, იურგენ კლოპის ბიჭებს საქმის ბოლომდე მისაყვანად ერთი, მაგრამ მთავარი ნაბიჯის გადადგმა აშორებთ.

„რომა“ – „ლივერპული“ 4:2 (1:2) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 61 889

„რომა“ (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; პელეგრინი (ჯენგიზ იუნდერი 53), დე როსი (გონალონსი 69), ნაინგოლანი; შიკი, ჯეკო, ელ შაარავი (ანტონუჩი 75)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„ლივერპული“ (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი (კლაინი 90), ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო (სოლანკე 87), მანე (კლავანი 83)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 მანე (9), 1:1 მილნერი (15, ა.გ), 1:2 ვეინალდუმი (25), 2:2 ჯეკო (52), 3:2 ნაინგოლანი (86), 4:2 ნაინგოლანი (90, პენ)

გაფრთხილება: ფლორენცი (76), მანოლასი (84) - ლოვრენი (44), რობერტსონი (84), სოლანკე (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (6) – 6 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

Loading...
სტატისტიკა
0.220462