ჭადრაკი

13:47 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

1 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო„იოტაში“ (თბილისი, ლერმონტოვის ქ. №10)საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია წარადგენენ საქართველოს პირველ კორპორატიულ ჩემპიონატს ჭადრაკში, რომელიც გაიმართება 2018 წლის 23-24 ივნისს.

წარდგენაზე საქართველოს ჭადრაკის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რეგისტრაციის პირობებზე და თამაშის წესებზე.

პირველი კორპორატიული ჩემპიონატი საქართველოში ჭადრაკის ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება და წინ უძღვის მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ბათუმში ჩატარდება.

ჩემპიონატის მიზანია:

•საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;

•ევროპის მეორე კორპორატიულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვება.

ჩემპიონატი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება. მონაწილეობის უფლება აქვთ ბიზნესკომპანიების (კორპორაციების) გუნდებს. თითოეული გუნდი კომპლექტდება ოთხი ძირითადი (I, II, III, IV დაფა) და ერთი სათადარიგო მოჭადრაკისაგან, თუმცა სათადარიგო მოჭადრაკის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ყოველ ტურში ერთი მოჭადრაკე მაინც უნდა იყოს კომპანიის მოქმედი თანამშრომელი. გუნდში ნებადართულია ფიდეს ნებისმიერი წევრი-ფედერაციის მოჭადრაკის მონაწილეობა, თითოეულ გუნდში 2300-ზე მაღალი რეიტინგის (2018 წლის 1 მაისის მონაცემებით) მქონე ერთზე მეტი მოჭადრაკე არ უნდა იყოს და ერთ მოჭადრაკეს მაინც უნდა ჰქონდეს 2000-ზე ნაკლები რეიტინგი (ან ურეიტინგო).

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 3 წამის დამატებით პირველივე სვლიდან).

გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა რაოდენობის მიხედვით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 ლარს. პირველ ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც პარიზში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების ყველა წევრს გადაეცემა საქართველოს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი ბილეთები.

ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ

gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114184