ძიუდო

20:48 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თელ ავივი 2018 – დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს შავი ლაქა

ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი ქართული ძიუდოს ისტორიაში შავი ასოებით შევა. 26-28 აპრილს, თელ ავივში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ... ტიტულოვანი ძიუდოისტებით დაკომპლექტებული ცხრაკაციანი გუნდი თბილისში უმედლოდ ბრუნდება. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა 44 ქვეყნის ნაკრებს შორის 27-ე ადგილი დაიკავა.

უსუსური საწყისი ორი დღის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრისთვის ხასიათის ოდნავ გამოკეთებას დღეს ველოდით, მაგრამ ევროპის და მსოფლიოს პრიზიორებმა ბექა ღვინიაშვილმა და უშანგი მარგიანმა (ორივე 90 კგ), ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) და ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) საპრიზო სამეულში შესვლა ვერ შეძლეს.

მიზანთან ყველაზე ახლოს თუშიშვილი იყო. ევროპირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა მძიმეწონოსანმა დილის პროგრამა უდანაკარგოდ ჩაამთავრა - ისლანდიელ თორმოდურ იონსონსა და უკრაინელ ოლექსანდრ გორდიენკოს სძლია და ნახევარფინალში გავიდა. შემდეგ კი ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა რუსეთის ნაკრების წევრ ტამერლან ბაშაევთან, ხოლო რეპეშაჟის ფინალში ჰოლანდიელ ჰენკ ხროლს ვერ მოუხერხა ვერაფერი და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ევროპირველობაზე მეორე ნომრად განთესილი ღვინიაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და ბრიტანელი ჯამალ პეტგრეივი მესამე წუთზე დაანარცხა ბეჭებით ტატამს. ჩეხ ჟირი პეტრსაც სამ წუთში შეუსრულა სუფთა გდება, თუმცა იქამდე გულშემატკივრების ანერვიულებაც მოასწრო – ჯერ ვაზარით ჩამორჩა, შემდეგ კი ვაზარი და იპონი მიითვალა. მეოთხედფინალში 22 წლის ღვინიაშვილი რუსეთის ნაკრების წევრს – 21 წლის მიხაილ იგოლნიკოვს დაეჭიდა, რომელთანაც აქამდე პირად შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი ჰქონდა (1:2). ჩამორჩენა იგოლნიკოვის მიერ შესრულებული ვაზარით კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინიაშვილი ბრინჯაოს გზაზე გადაერთო, მაგრამ უმალ დამარცხდა ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან და მე-7 ადგილს დასჯერდა.

მარგიანმაც მეორე წრიდან დაიწყო და ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიო "ოქროს დროში”, მეორე წუთზე დააგდო ვაზარიზე. მერვედფინალში კი ბერძენ თეოდოროს ცელიდისთან ვეღარას გახდა.

ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლან ლიპარტელიანი (100 კგ) მიმდინარე ევროპირველობაზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა - პირველსავე შეხვედრაში ბელარუს დანიელ მუკეტესთან "ოქროს დროში” ვაზარიზე დავარდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად დარჩა მედლის გარეშე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112751