ფეხბურთი

3:25 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: “არსენალმა” 10-კაციან “ატლეტიკოსთან” ვერ ივარგა
"მარსელი" ფინალს მიუახლოვდა

ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ყველაზე საინტერესო და გამომწვევი დაპირისპირება “ემირეითს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუხვდა და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

“მეთოფეები” რომ უპირატესობას ფლობდნენ, ამაში გასაკვირი ნაკლებადაა, რადგან მე-10 წუთისთვის შიმე ვრსალკომ უხეშობისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში კაცნაკლულნი იყვნენ, რამაც რასაკვირველია, დიეგო სიმეონეს გეგმებზე სერიოზულად იმოქმედა და მასპინძლებმა მშვენიერი შანსი მიიღეს, რომ მატჩი სასურველი შედეგით დაესრულებინათ.

ლონდონელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და ალექსანდრე ლაკაზეტს ჯერ კიდევ მე-5 წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან მიზანმა უმტყუნა. ვრსალკოს გაძევების შემდგომ, “არსენალმა” ბურთი დაიჭირა და შეტევებს შეუდგა. განსაკუთრებით სახიფათო მომენტები დენი უელბეკს და ნაჩო მონრეალს ჰქონდათ, მაგრამ ინგლისელს იან ობლაკმა არ გაატანინა, ხოლო ესპანელმა ოდნავ ააცილა. უშანსოდ სტუმრებიც არ ყოფილან და ტაიმის მიწურულს, კინაღამ დაწინაურება შეძლეს: ტომას ტეიემ შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ანტუან გრიზმანი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ოსპინამ კარგად ითამაშა და ბურთი მოიგერია.

“არსენალმა” მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლს კიდევ უფრო მოუმატა, თუმცა საწყის 15 წუთში განსაკუთრებული სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. “ატლეტიკო” თავს კარგად იცავდა და თითქოს უსიამოვნებას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ 61-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა ბურთი, რასაც მასპინძელთა შედეგიანი შეტევა მოჰყვა: ჯეკ უილშირმა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლაკაზეტმა ლუკას ერნანდესს საჰაერო დუელი მოუგო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ფრანგ ფორვარდს რვა წუთში მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი თავური სანტიმეტრებიც ასცდა ობლაკის კარს.

“ატლეტიკო” თითქოს უშანსოდ იყო, მაგრამ რთული სიტუაციიდან გამოძრომა მაინც მოახერხა: 82-ე წუთზე ხიმენესმა გრძელი გადაცემა გაუკეთა გრიზმანს, რომელმაც ლორან კოშელნის შეცდომა დააშვებინა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, ოსპინამ პირველ შემთხვევაში ივარგა, მაგრამ ფრანგმა შემტევმა დამატებაზე უშეცდომოდ ითამაშა და უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო.

მასპინძლებმა უმალ დიდი ძალებით შეუტიეს და მოგებაც შეეძლოთ. 87-ე წუთზე აარონ რემსი მორიგ გოლთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ იან ობლაკმა შესანიშნავად ითამაშა და მისი თავური მოიგერია – 1:1.

მეორე ნახევარფინალური ჯახი “ველოდრომზე” შედგა, სადაც “მარსელმა” “ზალცბურგი” კომფორტული ანგარიშით დაამარცხა და ფინალს ძალიან მიუახლოვდა. მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა დიმიტრი პაიემ, რომელმაც პირველ ტაიმში სტანდარტულიდან მოაწოდა მშვენივრად და ფლორიან ტოვენს გაატანინა, ხოლო 63-ე წუთზე ფლანგზე ორი მცველის ყურადღება მიიპყრო, შემდეგ კი დროული და ზუსტი გადაცემა გაუკეთა მოედანზე ორიოდე წუთით ადრე შემოსულ ნ’ჯიეს, რომელმაც გუნდელს ბრწყინვალე გარჯა დაუფასა და საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა – 2:0.

არსენალი – ატლეტიკო 1:1 (0:0)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

არსენალი (4-3-2-1): ოსპინა, მუსტაფი, კოშელნი, ბელერინი, მონრეალი, ჯაკა, უილშირი, რემსი, ოზილი, უელბეკი, ლაკაზეტი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ვრსალკო, ლუკასი, საული, ტეიე, ა.კორეა (სავიჩი 75), კოკე, გრიზმანი (ფ.ტორესი 85), გამეირო (გაბი 65).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (61), 1:1 გრიზმანი (82)
გაფრთხილება: ვრსალკო (2)
გაძევება: ვრსალკო (10)
მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)

მარსელი – ზალცბურგი 2:0 (1:0)

მარსელი, “ველოდრომი”

მარსელი (4-2-3-1): პელე, გუსტავო, რამი, ამავი, სარი, მ.ლოპესი (ნ’ჯიე 60), სანსონი, პაიე, ოკამპოსი (ზამბო ანდრე-ფრენკი 52), ტოვენი (ჟერმენი 81), მიტროღლუ.
მწვრთნელი: რუდი გარსია

ზალცბურგი (4-4-2): უალკე, სალეტა-სარი, რამალიო, ლეინერი, ალმერი, სამასეკუ, ვოლფი (შლახერი 68), ბერიშა, ჰაიდარა (იაბო 81), ჰუანგი (გულბრანდსენი 60), დაბური.
მწვრთნელი: მარკო როუზი

გოლები: 1:0 ტოვენი (15), 2:0 ნ’ჯიე (63)
გაფრთხილებები: მ.ლოპესი, მიტროღლუ – ვოლფი
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132797