ძიუდო

16:46 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ნახევარფინალშია, მარგველაშვილი და ჩხვიმიანი გავარდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, ევროპის 2013 წლის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილს მეორე ევროპულ ოქროს მედალს ორი გამარჯვება აშორებს. თელ ავივში მიმდინარე ევროპირველობაზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მხოლოდ 20 მონაწილე შეიკრიბა და 29 წლის ქართველ მსუბუქწონოსანს დილის პროგრამის გასავლელად ორი გამარჯვება ეყო.

ჩემპიონატი ბულგარელი ვალენტინ ალიპიევის 27 წამში ძლევით გახსნა. მეოთხედფინალში კი უნგრელ ჩაბა სზაბოს ვაზარით სძლია. ნახევარფინალები ფინალურ ბლოკში შედგება და პაპინაშვილი 23-წლამდელებში ევროპის ორგზის ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების წევრ ისლამ იაშუევს დაეჭიდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ერთმანეთს ბულგარელი იანისლავ გერჩევი და უკრაინელი არტემ ლესიუკი დაუპირისპირდებიან.

დღესვე საქართველოს სახელით ევროტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ) გავიდნენ, მაგრამ ორივემ პირველსავე მეტოქესთან წააგო. ჩხვიმიანი ოლიმპიურ და ევროპის სამგზის ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვYან "ოქროს დროში” დამარცხდა ვაზარით. ევროპირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა ევროპის ჩემპიონმა (2016) მარგველაშვილმა კი 20 წლის გერმანელ მიშელ ადამთან მარცხით დაასრულა შეჯიბრებაზე გამოსვლა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.128301