სხვა

11:38 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მედიის ღია ფესტივალი სამჭიდში

20-21 აპრილს თბილისში გაიმართა მედიის ღია სპორტული ფესტივალი სამჭიდში.

ღონისძიების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლების ჩართულობა აქტიურ სპორტში და მრავალფეროვანი, სახალისო სპორტული შეჯიბრებების დანერგვა.

სახეობები: ბოულინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ნარდი.
20 აპრილი: ბოულინგი (Ballroom, Galleria Tbilisi). დასაწყისი: 13:00.

ტურნირში მიიღო მონაწილეობა 14-მა გუნდმა. ორ ნაკადად გადანაწილებული მონაწილეები თითო გეიმს თამაშობდნენ და შემდეგ ეტაპზე 7 საუკეთესო გუნდი გადავიდა.

ძალიან კარგად ითამაშეს მერიის და კულტურისა და სპორტის სამინისტროს გუნდებმა. ნახევარფინალში გადავიდნენ მარნეულის "დელტა", საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასცოიცაცია და კიდევ სამი ძალიან კარგი გუნდი.

ფინალში 4 გუნდი დარჩა. ბოლო ტურნირის ჩემპიონი, "დელტა" ამჯერად ვერ მოხვდა საუკეთესოებში, მაგრამ გუნდი ლიდერების გარეშე იყო და 407 ქულაც მისაღები შედეგია. "დელტა" მოუმატებს.

ჩემპიონის გახდა გუნდი "ბუმბერაზები", რომელიც ბოულინგში გამოცდილი მონაწილეებით იყო დაკომპლექტებული. ფინალში ამ გუნდმა 686 ქულა აკრიფა და დიდი უპირატესობით მოიგო. მეორეზე გადის კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი, გუნდი Nick and Dave და მესამეზე - მერია, რომელსაც ასევე აქვს მოგებული მოყვარულთა შორის ერთ-ერთი ჩემპიონატი. ასოციაცია ამჯერად მეოთხე ადგილზე დარჩა.

ძალიან მაგარი პრიზები დააწესა ტურნირის სპეციალურმა პარტნიორმა, Ballroom-მა. მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულმა გუნდებმა Ballroom-ის ვაუჩერები მიიღეს. კინოთეატრ Cavea-ს ბილეთებით დაჯილდოვდნენ მერიის და Nick and Dave-ის წარმომადგენლები.

არაჩვეულებრივი პრიზები დააწესა კომპანია "კატიანმა", რომელიც გემოვნებიანი პროდუქციის, აქსესუარების დამზადების გარდა, ეხმარება უსახლკაროდ დარჩენილ შინაურ ცხოველებს და ზრუნავს მათზე. კომპანიის თანადამფუძნებელმა ხატია ალფაიძემ სპეციალური პრიზები საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის", პრეზიდენტს მაია აზარაშვილს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გუნდის წევრს, ეკატერინე ლოლუას გადასცა. კარგი ჟესტი კარგი და საინტერესო პარტნიორისგან.

გიორგი მურჯიკნელი (Ballroom, გენერალური მენეჯერი): "ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში. ბევრი დადებითი ემოცია, ბედნიერი მონაწილეები, უამრავი სამახსოვრო ფოტო, საინტერესო პრიზები - ეს მშვენიერია. სასიამოვნოა, რომ მონაწილეებმა კარგი დრო გაატარეს."

დავით არეშიძე (თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის სპეციალისტი): "ძალიან კარგი დრო იყო. გავერთეთ, უამრავი დადებითი ემოცია მივიღეთ. მშვენიერი ორი დღე გამოვიდა, სადაც არ იყო მთავარი, თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონი. ყველა მონაწილემ დრო სპორტულად გაატარა. მერია შემდეგშიც სიამოვნებით ჩაერთვება ამ ტურნირის ორგანიზებაში."

21 აპრილი: ნარდი და მაგიდის ჩოგბურთი (არენა 1, უნივერსიტეტის ქუჩა N 2). დასაწყისი: 12:00.

"არენაზე" ორ დისციპლინაში 10 გუნდი ჩაერთო.
მაგიდის ჩოგბურთში გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდნენ და ნარდში ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა.

ბევრი საინტერესო შეხვედრა, დაძაბული ორთაბრძოლები და საინტერესო ფინალები - "არენაზე" ყველამ მაგარი დრო გაატარა.

ნარდში ჩემპიონი გახდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, რომელმაც ფინალში კულტურისა და სპორტის სამინისტროს გუნდი 3:2 გააჩერა. გადამწყვეტი ქულა ჩემპიონს ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა მოუტანა, რომელმაც 0:2 ჩამორჩენის შემდეგ 3:2 დაასრულა თავისი შეხვედრა.

მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონი ასევე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გახდა. ფინალში გუნდმა 3:1 მოუგო "რეკორდმაისტერს", რომელმაც მანამდე საინტერესო გზა გაიარა. ტურნირის რეკორდი დაამყარა ასოციაციის გუნდის ვეტერანმა ზურა თალაკვაძემ - 10-დან 10 მოგებული შეხვედრა. მშვენივრად გამოიყურებოდა ჩემპიონის კიდევ ერთი წევრი - ნანიკო აბაიშვილი, რომელმაც რამდენიმე გადამწყვეტი ქულა აიღო. სტაბილურად კარგი იყო გიორგი ბერიაშვილიც.

მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ფედერაციას "სპორტი ყველასათვის", თბილისის მერიას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ყველა პარტნიორს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ფესტივალის ორგანიზებაში. არაჩვეულებრივი ორი დღე გამოვიდა და გპირდებით, რომ ტურნირი ყოველწლიური გახდება."

მაია აზარაშვილი (საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის", პრეზიდენტი): "ჩვენი ფედერაცია ყოველთვის აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობაში. ძალიან კარგი ორი დღე გამოვიდა. იყო კონკურენტუნარიანი ტურნირი და მონაწილეებმაც მაქსიმუმი გააკეთეს გამარჯვებისთვის."

ტურნირი, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, დამთავრდა. ტურნირის მხარდამჭერი იყო თბილისის მერია, რომელიც გვერდში უდგას ყველა საინტერესო პროექტს.

ტურნირისთვის სპეციალური პრიზები დაამზადა მოქანდაკე ირაკლი წულაძემ. ირაკლი (საქართველოს სპორტული ბოულინგის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი) გუნდ "ბურმბერაზებთან" ერთად მაგიდის ჩოგბურთში მესამე ადგილზე გავიდა. გუნდის კაპიტანი იყო გოგა ჩანადირი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა Ballroom-ში.

ტურნირის სპეციალური პარტნიორია Ballroom.
ტურნირის პარტნიორები იყვნენ კომპანიები Nick and Dave, Pepsi, Arena, "კატიანი", Campa.

დიდი მადლობა ყველა გუნდს მონაწილეობისთვის. ტურნირი დაბრუნდება.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია

0.380422