ფეხბურთი

3:07 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰილსბოროს გმირებს პატივი, "ლივერპულს" - შუა თითი

იტალიურ “რომას” ინგლისურ “ლივერპულთან” კარგი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს. როგორი საქმეა, იქამდე არნახულ (და არც მას შემდგომ) ჩემპიონთა თასის ფინალში რომ გახვალ, მშობლიურ ქალაქში, მშობლიურ მოედანზე რომ თამაშობ და დამარცხდები.

სწორედ ასე დაემართა “რომას” შორუელ 1983-1984 წლების სეზონში. რომის “ოლიმპიურ სტადიონზე” “ლივერპულმა” “ჯალოროსი” პენალტების სერიაში დაამარცხა. “წითლების” ზიმბაბველმა მეკარემ ბრიუს გრობელაარმა ყველაფერი გააკეთა, რომ სანუკვარი თასი ინგლისის გზას დასდგომოდა.

მაშინ, მართლა მაგარი გუნდი ჰყავდა “რომას”. იტალიის მოქმედი ჩემპიონიც იყო (“მგლებმა” ისტორიაში მეორე სკუდეტო 1982-1983 წლების სეზონში მოიგეს) და რამდენიმე ვარსკვლავიც ირჯებოდა მისი წითელ-ყვითელი მაისურით. ბრუნო კონტი, ფრანჩესკო გრაციანი, რობერტო პრუცო, ფალკაო. მოკლედ, “რომა” ევროპაში საუკეთესოობასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.

ჰოდა, 34 წლის თავზე, “რომა” ყველაზე შორს წავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და გზად ისევ “ლივერპულს” გადაეყარა. როგორ დასრულდება ორრაუნდიანი დუელი, ამას ერთ კვირაში გავიგებთ, იქამდე კი, მაშინდელი ფინალის წარმომადგენლები მაინცდამაინც მოსაწონი საქციელით ვერ გამოირჩნენ. შესაძლოა, ეს ხუმრობაც იყო, მაგრამ რობერტო პრუცოსა და ბრუნო კონტის ბოროტი ხუმრობა ნამდვილად გამოუვიდათ.

რა გააკეთეს 80-იანი წლების “ჯალოროსის” ლიდერებმა, ფოტოდაც ჩინებულად ჩანს.

საინტერესოა, რომ მაშინ პრუცომ “ლივერპულის” კარში გოლი გაიტანა, ხოლო კონტიმ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ვერ ივარგა და კარს ააცილა.

პრუცოსგან და კონტისგან განსხვავებით, ნამდვილად ღირსეულად მოიქცა დღევანდელი ფორმაციის გუნდი. “რომამ” კაპიტან დანიელე დე როსის თაოსნობით 29 წლის წინ, ჰილსბოროს ტრაგედიის შედეგად დაღუპულ (“ლივერპულის” 96 ქომაგი) ადამიანთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ახლა, უკვე ჯერი “ენფილდ როუდულ” მატჩზეა, რომელიც დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათიდან დაიწყება.

0.133822