ავტოსპორტი

0:46 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენის“ მანქანის შესაძლებლობებს ბარსელონას რბოლაში ვნახავთ

„მაკლარენის“ ფანები, წლევანდელი მანქანის რეალურ შესაძლებლობებს პირველად ბარსელონას რბოლისას ნახავენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მოდიფიკაციები, რომლებსაც გუნდი ზამთრის ტესტების შემდეგ, სეზონის პირველი ეტაპისთვის გეგმავდა, ვერ მოესწრო და ესპანეთის დიდი პრიზისთვის გადაიდო.

აქამდე „მაკლარენის“ პილოტები, გასული სეზონის მანქანის მოდიფიცირებული ვერსიით ასპარეზობდნენ, რომელზეც „ჰონდას“ აგრეგატი „რენოსამ“ შეცვალა. შარშან გუნდმა მთელ სეზონში მხოლოდ 30 ქულას მოუყარა თავი. ამ სეზონის პირველ სამ რბოლაში კი უკვე 28 ქულა აქვს მოპოვებული და კონსტრუქტორთა პირველობაზე მეოთხე ადგილი უკავია.

მაგრამ ამის მიუხედავად, MCL33 კონკურენტუნარიანობით არ გამოირჩევა. ის შედარებით კარგია რბოლებში, მაგრამ კვალიფიკაციისას, სწორ მონაკვეთებზე სისწრაფე აკლია. ეს პრობლემა სწორედ ზამთრის ტესტების დროს გამოიკვეთა და მაშინ უოკინგელებმა სიტუაციის გამოსწორება მელბურნის რბოლისთვის დაგეგმეს.

„2018 წლის მანქანა ბარსელონაში გვეყოლება. იმედია, ეს ისეთი მანქანა იქნება, როგორის მოლოდინიც გვაქვს. ეს მანქანა ჩვენი გეგმის შესაბამისია. ვერ ვიტყვი, რომ ამით მიზანს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ ჩვენ მიზნების მიღწევის განრიგს ჩამოვრჩით. ეს ნიშნავს, რომ მანქანა, რომელიც ბარსელონაში გვეყოლება, ავსტრალიისთვის მზად უნდა ყოფილიყო. მოკლედ, ამჟამად შარშანდელი მანქანის ევოლუციური ვარიანტით ვასპარეზობთ. ახალი კი იმედია ისეთი იქნება, როგორის მოლოდინიც გვაქვს“, - ამბობს გუნდის რბოლების დირექტორი ერიკ ბუიე.

ყოველივეს მიუხედავად, „მაკლარენმა“ სამივე რბოლაში მოახერხა ქულების დაგროვება. ეს კი ზრდის იმის მოლოდინს, რომ ბარსელონას რბოლიდან მოყოლებული, ის უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდება. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, უოკინგელები „მერსედესთან“ და „ფერარისთან“ გატოლებას ისურვებდნენ, მაგრამ უფრო რეალური იქნება, თუ მათი პილოტები ჯერ „რედ ბულთან“ გათანაბრებას შეძლებენ. პირველ სამიზნედ მათ სწორედ წითელი ხარები ეყოლებათ, რადგან ორივე გუნდი ერთი და იმავე ძრავებით ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10958