ფეხბურთი

2:31 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალმა” ვერ მოიგო, მაგრამ მე-3 ადგილი გაიმყარა

ლა ლიგის 33-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბილბაოს” დაუხვდა და ქულის გადარჩენა 87-ე წუთზე მოახერხა, თუმცა ამ ქულით მე-3 ადგილი მაინც გაიმყარა, რადგან “ვალენსია” საკუთარ მოედანზე “ხეტაფესთან” დამარცხდა და გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულამდე გაიზარდა, ხოლო ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა “რეალს” აქვს და თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, მე-3 პოზიციას მადრიდელები დაიკავებენ.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შეტევაზე უარს სტუმრებიც არ ამბობდნენ და კონტრიერიშებით მასპინძელთა დაცვას ბევრი პრობლემა შეუქმნეს.

კრიშტიანო რონალდუს მალევე შეეძლო გატანა, მაგრამ მისი თავური ხარიხამ მოიგერია. სამაგიეროდ, ივარგა ინიაკი უილიამსმა, რომელიც კორდობამ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, შემდეგ ინიაკიმ კეილორ ნავასს ბურთი თავზე ოსტატურად გადაუგდო და ანგარიში გახსნა. მადრიდელებმა უმალ შეუტიეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ კეპა არიზაბალაგა ყოჩაღობდა და პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა.

“ბლანკოსი” მეორე ნახევარშიც ბევრს უტევდა, მაგრამ დაცვაში სივრცეები რჩებოდათ და 64-ე წუთზე ძალიან გაუმართლათ, რომ მეორე ბურთი არ გაუშვეს: რაულ გარსია დამატებაზე თამაშობდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ შეაგდო და ბურთი ხარიხას მოარტყა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 87-ე წუთზე მოახერხეს, ლუკა მოდრიჩის დარტყმულს მიმართულება კრიშტიანო რონალდუმ შეუცვალა და მიმდინარე ლა ლიგაში 24-ე გოლი გაიტანა – 1:1.

“ვალენსია” “მესტალიაზე” “ხეტაფეს” დაუხვდა და კასტილიურ კლუბთან მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა. სტუმრებმა ტაიმი ლოიკ რემის გოლით მოიგეს, რომელიც ხაუმესთან პირისპირ დარჩა და გადამწყვეტ ფაზაში მშვენივრად ითამაშა. მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგმა ფორვარდმა უზუსტესი დარტყმით დუბლი გაიფორმა და “ღამურები” რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. მარსელინიო ტორალმა 61-ე წუთზე 3 ცვლილება განახორციელა და შეტევა გააძლიერა, რამაც გაამართლა და როდრიგო მორენომ 69-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ოთხ წუთში კი გათანაბრების 100%-იანი შანსი ჰქონდათ, მაგრამ სიმონე ძაძა ბურთს კარგად ვერ მიწვდა და დაახლოებით 2 მეტრიდან თავით ააცილა. “ლოს ჩე” შტურმზე იყო გადასული, მაგრამ 86-ე წუთზე მსაჯმა არასპორტული საქციელის გამო დანი პარეხო გააძევა (მან მოლინას იდაყვი ჩაარტყა, თუმცა “ხეტაფეს” ფორვარდმა ეპიზოდი აშკარად გააფორმა) და “ვალენსიამ” ბოლოსკენ მძლავრად ვეღარ შეუტია, ხოლო სამი ქულა კასტილიელებს დარჩათ – 1:2.

კატალონიურ-ბასკური ჯახი შედგა “კორნელია ელ პრატიზე”, სადაც “ესპანიოლი” “ეიბარს” დაუხვდა და შინ 3 ქულა გაატანა. ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე თავური დარტყმით ლომბანმა შეაგდო – 0:1.

ესპანიოლი – ეიბარი 0:1 (0:1)

გოლი: ლომბანი (32)

ვალენსია – ხეტაფე 1:2 (0:1)

გოლები: 0:1, 0:2 რემი (16; 49), 1:2 როდრიგო (69)

რეალი – ბილბაო 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 უილიამსი (14), 1:1 რონალდუ (87)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11162