ფეხბურთი

1:35 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: მადრიდელთა წარმატებული დღე

ლა ლიგის 32-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. მე-2 ადგილოსანი “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “ლევანტეს” დაუხვდა და 3 ქულა იოლად მოიპოვა.

მადრიდელებმა ტაიმი ანხელ კორეას გოლით მოიგეს, რომელმაც 33-ე წუთზე ერთი მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა და ოიერს შორეულ კუთხეში გაუტანა. მასპინძლებმა მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მეორე ბურთი გაიტანეს: ვრსალკოს ჩაწოდების შემდეგ, ანტუან გრიზმანმა უძლიერესი დარტყმით შეაგდო, ხოლო 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდო ტორესმა ანხელ კორეას გადაცემა შეირგო და ლამაზი დარტყმით ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა – 3:0.

“როხიბლანკო” “ბარსელონას” 11 ქულით ჩამორჩება, ხოლო “რეალს” 4, “ვალენსიას” კი 6 ქულით უსწრებს. “ლევანტე” კი მე-17 ადგილზეა და “დეპორტივოსთან” 5-ქულიანი უპირატესობა აქვს.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “რეალი” სტუმრად ბოლოადგილოსან “მალაგას” დაუპირისპირდა და მანაც მარტივად იმარჯვა. “ბლანკოსმა” ტაიმი ისკოს ლამაზი ჯარიმით მოიგო, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გატანილი გოლი არ აღნიშნა, ხოლო 63-ე წუთზე ესპანელმა ნახევარმცველმა კასემიროს ცარიელ კარში გაატანინა. ანდალუსიელებმა რაც შეძლეს, 93-ე წუთზე პრესტიჟის გოლის გატანაა – ვალიეხოს უხეში შეცდომა როლანმა გამოიყენა და სხვაობა შეამცირა – 1:2.

“რეალმა” 67 ქულა დააგროვა, მე-3 ადგილი დაიბრუნა და “ვალენსიას” 2 ქულით გადაუსწრო, ხოლო “მალაგა” გასავარდნად განწირულია და შესაძლოა, ლა ლიგა 2-ის საგზური მომავალ ტურში გაიფორმოს.

იმარჯვა მადრიდის კიდევ ერთმა ბინადარმა “ხეტაფემ”. დედაქალაქის გარეუბნელები საკუთარ მოედანზე “ესპანიოლს” დაუპირისპირდნენ და დამიან სუარესის გოლით იმარჯვეს, ხოლო “ალავესმა” “იპარუაზე” გამართულ ბასკურ დერბიში, გუიდეტის გოლით “ეიბარს” აჯობა.

ეიბარი – ალავესი 0:1 (0:1)

გოლი: გუიდეტი (5)

ატლეტიკო – ლევანტე 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ა.კორეა (33), 2:0 გრიზმანი (48), 3:0 ფ.ტორესი (77)

ხეტაფე – ესპანიოლი 1:0 (0:0)

გოლი: დ.სუარესი (53)
გაძევება: ფლამინი (61 ხ.)

მალაგა – რეალი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ისკო (29), 0:2 კასემირო (63), 1:2 როლანი (93)

თეგებილა ლიგა
0.114644