ფეხბურთი

3:30 | 13.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ზალცბურგის” გმირობა და სამი მოსალოდნელი ნახევარფინალისტი

ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ოთხივე 1/4 ფინალური შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თითოეულ მატჩში ინტრიგა თითქმის ბოლომდე არსებობდა, ხოლო “ზალცბურგმა” შეიძლება ითქვას, გმირობა შემოგვთავაზა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდგომ, ავსტრიელთა ამბავი ალბათ გასაკვირი აღარაა.

სწორედ “რედ ბულ არენაზე” გამართული დაპირისპირებით დავიწყოთ. “ლაციოს” იტალიაში 4:2 ჰქონდა მოგებული და “ზალცბურგს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორბურთიანი სხვაობით მოგება მართებდა, რაც მშვენიერ ფორმაში მყოფ “არწივებთან” საკმაოდ რთული მისია გახლდათ.

პირველი ტაიმი თანაბარი და უგოლო გამოდგა, აი მეორე ნახევარი კი გიჟური ვიხილეთ: ჯერ იყო, 55-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჩირო იმობილემ ანგარიში გახსნა და თითქოს ორრაუნდიანი ჯახის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ... ავსტრიელებმა გამოიღვიძეს და თანაც როგორ?! ერთ წუთში დაბურმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე იტალიელთათვის ოთხწუთიანი ჯოჯოხეთური მონაკვეთი დაიწყო: ჰაიდარას გასროლით მასპინძლები დაწინაურდნენ, 74-ე წუთზე ჰუანგი მშვენივრად გაიხსნა, გრძელი გადაცემა მიიღო და დასატყმელ პოზიციაზე გადავიდა, შემდეგ კი რიკოშეტი დაეხმარა და ბურთი სტრაკოშას კარში შევარდა, კიდევ ორ წუთში კი ავსტრიელთა კუთხური ლეინერის თავურით დასრულდა. “ლაციოს” დამატებით დროში გადასასვლელად ერთი გოლი სჭირდებოდა, თუმცა “ზალცბურგმა” თავის დაცვა მოახერხა და ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა – 4:1.

“მარსელს” გასვლაზე მინიმალური სხვაობით 0:1 ჰქონდა წაგებული. ფრანგული კლუბისთვის შეხვედრა ცუდად დაიწყო და მე-2 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბრუმამ ანგარიში გახსნა. ზღვისპირელებმა მობილიზება მალევე მოახერხეს, მაგრად შეუტიეს და მე-10 წუთისთვის უკვე წინ იყვნენ: მე-6 წუთზე ილსანკერმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო მე-9 წუთზე მორგან სანსონს გულაჩიმ ორი რთული ბურთი აუღო, მაგრამ დამატებაზე სარი გაჩნდა და გოლი მაინც გავიდა. მე-17 წუთზე დიმიტრი პაიემ შორიდან გაისროლა და ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ცოტათი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, სხვა მოთამაშეზე (მიტროღლუზე) ჯარიმა დააფიქსირა და ეს გოლი გააუქმა. “მარსელმა” კი პირველივე ტაიმში მოახერხა მესამეს გატანა და ამის გაკეთება 38-ე წუთზე ფლორიან ტოვენმა მოახერხა, რომელიც პაიეს ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

“ლაიფციგმა” მეორე ნახევარი კარგად დაიწყო და 55-ე წუთზე აუგუსტინმა მანდანდას შორეულ კუთხეში გაუტანა. გაშვებული გოლისთანავე ფრანგებმა უმალ შეუტიეს და ხუთ წუთში პაიემ მორიგი ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელიც უკვე ჩაითვალა და ეს ბურთი ჯობს თავად ნახოთ. გერმანელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ერთი ბურთი სჭირდებოდათ და 94-ე წუთზე მეკარეც კი წინ წავიდა, მაგრამ მასპინძლებმა ბურთის გამოტანა შეძლეს, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და საკაიმ დაუცველ კარში შეაგორა ბურთი – 5:2.

ქების ღირსია “სპორტინგი”, რომელიც “ატლეტიკოს” ორივე მატჩში ძალიან კარგად ეთამაშა და ცოტა რომ გამართლებოდა, შეიძლება შემდეგ ეტაპზეც გასულიყო. პორტუგალიურმა კლუბმა, რომელსაც 0:2 ჰქონდა ამოსაქაჩი, თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო და მე-10 წუთზე იან ობლაკმა სებასტიან კოატესს ურთულესი თავური აუღო, თუმცა სწორედ ობლაკის არადამაჯერებელ თამაშს მოჰყვა გოლი 28-ე წუთზე: სლოვენიელმა კიპერმა ბრუნო ფერნანდეშის ჩაწოდებულს ვერ აუღო ალღო ცუდად მოიგერია და მონტეროს ბურთი თავზე დაასვა, რომელმაც საჩუქარი შეირგო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პორტუგალიელები შეტევას განაგრძობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს, თუმცა ცოტა ხანში “ატლეტიკომ” შეძლო და თამაშის სადავეები ხელში ჩაიგდო. მატჩის მიწურულს კი, “როხიბლანკოს” ორი 100%-იანი შანსი შეექმნა: ანტუან გრიზმანი ორწუთიან მონაკვეთში მეკარესთან პირისპირ ორჯერ დარჩა, თუმცა ერთ შემთხვევაში რუი პატრისიოს ვერ აჯობა, მეორე მომენტში კი ააცილა – 1:0.

“არსენალს” შინ 4:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ საკუთარი გულშემატკივარი მაინც ანერვიულა. ცსკამ ტაიმი ჩალოვის გოლით მოიგო, ხოლო 50-ე წუთზე ნაბაბკინმა ჩეხის შეცდომით ისარგებლა, დამატებაზე კარგად ითამაშა და მეორე გოლი შეაგდო. ევროტურნირები თითქოს კიდევ ერთ დიდ სენსაციას მიუახლოვდა და მოსკოვურ გუნდს სულ ცოტა დააკლდა მესამეს გატანამდე: 74-ე წუთზე სერგეი იგნაშევიჩის გასროლის შემდგომ, ლონდონელთა კარს ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა. ზუსტად ერთ წუთში კი, მოჰამედ ელნენის ჩინებულმა გადაცემამ და უელბეკის სათანადო შესრულებამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა გადაწყვიტა, ხოლო 92-ე წუთზე ელნენიმ კიდევ ერთი დიდებული გადაცემა გააკეთა და ამჯერად აარონ რემსის გაატანინა – 2:2.

ცსკა – არსენალი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ჩალოვი (39), 2:0 ნაბაბკინი (50), 2:1 უელბეკი (75), 2:2 რემსი (92)

მარსელი – ლაიპციგი 5:2 (3:1)

გოლები: 0:1 ბრუმა (2), 1:1 ილსანკერი (6 ს.კ.), 2:1 სარი (9), 3:1 ტოვენი (38), 3:2 აუგუსტინი (55), 4:2 პაიე (60), 5:2 საკაი (94)

ზალცბურგი – ლაციო 4:1 (0:0)

გოლები: 0:1 იმობილე (55), 1:1 დაბური (56), 2:1 ჰაიდარა (72), 3:1 ჰუანგი (74), 4:1 ლეინერი (76)

სპორტინგი – ატლეტიკო 1:0 (1:0)

გოლი: მონტერო (28)

Loading...
სტატისტიკა
0.2719