ავტოსპორტი

2:29 | 9.04.2018 | ნანახია 1096 - ჯერ

ფეტელმა მე-200 რბოლა გამარჯვებით დაასრულა

„ფერარის“ სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპის, ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლა. გერმანლი პილოტისთვის ეს მე-200 რბოლა იყო, რომელშიც 49-ე გამარჯვება მოიპოვა. რაც მთავარია, ეს არის ზედიზედ მეორე ეტაპი, რომელიც იტალიური საჯინიბოს გამარჯვებით დასრულდა.

რბოლა პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა და მისი გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წრეზე გამოვლინდა. ფეტელს რბოლის პირველ ნახევარში სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ იმ ინციდენტის შემდეგ, რომელმაც კიმი რაიკონენის რბოლა მეორე პიტ სტოპზე შეწყვიტა, „ფერარიმ“ გერმანელის ტაქტიკა შეცვალა და ფინიშამდე ორის ნაცვლად, ერთი პიტ სტოპი დაუნიშნა.

მაგრამ პირველად ტაქტიკის შესაბამისად, ფეტელი პიტ სტოპის შემდეგ სოფტებით ასპარეზობდა, როცა მისი მდევარი ვალტერი ბოტასი უფრო გამძლე მედიუმებით იყო. როგორც კი „ფერარიმ“ ფეტელს ტაქტიკის შეცვლა ამცნო, აშკარა გახდა, რომ ბევრი რამ, მის საბურავებზე იქნებოდა დამოკიდებული.

ნარბოლევს ფეტელმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წრის განმავლობაში, საბურავები თანდათან უარესდბოდა. მან ასევე აღიარა, რომ ბოტასს მის გასასწრებად წრეები არ ეყო. ფინელმა ბოლოსწინა წრეზე სცადა გასწრება, მაგრამ ფეტელი კარგად დაუხვდა და ამის შემდეგ, მეტოქისთვის შეტევის შანსიც კი აღარ მიუცია.

რაც შეეხება რაიკონენის ინციდენტს, მეორე პიტ სტოპის დროს, მექანიკოსებმა მის მანქანას უკანა მარცხენა ბორბალი ვერ მოხსნეს. ოპერატორმა კი პილოტს პიტ სტოპის დასრულება ამცნო. ერთმა მექანიკოსმა გამოცლა ვერ მოასწრო და მას მანქანამ ფეხზე გადაუარა. გუნდმა თავის პილოტს მაშინვე გაჩერება სთხოვა. მისთვის რბოლა იქვე დასრულდა.

არ გაუმართლა „რედ ბულს“. მეორე წრეზე, ძალური დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის გამო, დანიელ რიკიარდო გაჩერდა. იმავე წრის დასაწყისში, მაქს ფერსტაპენმა ლუის ჰამილტონის გასწრება სცადა. მართალია, მანევრი გამოუვიდა, მაგრამ მისი მანქაან უკანა მარცხენა ბორბლით, ჰამილტონისას მარჯვენა წინაზე დაეჯახა. წონასწორობა ორივემ შეინარჩუნა, მაგრამ ფერსტაპენის საბურავი დაეშვა და მან ბოქსებს მიაშურა. იქიდან დაბრუნებულმა კი ასპარეზობა შეწყვიტა.

ფეტელმა უდაბნოში განლაგებულ სახირის ტრეკზე მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ამასთან, მიხაელ შუმახერის შემდეგ, „ფერარის“ მეორე პილოტია, ვინც სეზონის პირველი ორი რბოლის მოგება შეძლო. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ეს 2004 წელს გააკეთა. ამ მოგებით, ფეტელის უპირატესობამ ჰამილტონთან, ვინც რბოლა მეცხრე პოზიციიდან დაიწყო (ხუთადგილიანი ჯარიმის გამო) 17 ქულამდე გაიზარდა. სხვათა შორის, ჰამილტონმა ზედიზედ 27-ე რბოლა დაასრულა ქულებში, რითაც რაიკონენის რეკორდი გაიმეორა.

რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა „ტორო როსოს“ პიერ გასლიმ, რომელმაც მთელი რბოლის განმავლობაში, მდევრებს მიახლოების საშუალებაც კი არ მისცა. რა ტქმა უნდა, მან რაიკონენის, ფერსტაპენის და რიკიარდოს რბოლიდან გამოთიშვითაც ისარგებლა, თუმცა „ჰონდას“ ძრავით მოასპარეზე პილოტისთვის, ვისთვისაც ეს ფ1-ში მხოლოდ მეშვიდე რბოლა იყო, მეოთხე ადგილი ნამდვილი სენსაციაა.

აშკარაა, რომ „ჰონდამ“ დაძლია თავისი სამწლიანი კრიზისის მთავარი მიზეზი - გამძლე აგრეგატი მოამზადა. და როგორც ჩანს, სიმძლავრეც გაზარდა. ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ადვილი წარმოსადგენია, რა განწყობა იქნება „მაკლარენში“, რომელსაც იაპონურმა ძრავებმა სამი სეზონი ნამდვილ კოშმარში გაატარებინა.

უოკინგელთა ორივე პილოტმა რბოლა ქულებში დაასრულა, თუმცა გუნდი აღიარებს, რომ ჯერაც ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ „რენოსთან“ და „ჰაასთან“ პაექრობა შეძლოს. სწორედ ამ ორი გუნდის პილოტებმა - კევინ მაგნუსენმა და ნიკო ჰულკენბერგმა დაიკავეს მეხუთე და მეექვსე ადგილები და მხოლოდ მათ შემდეგ გადაკვეთეს ფინიშის ხაზი ალონსომ და ვანდოორნმა. ორი რბოლის ჯამში კი „მაკლარენი“ მესამე ადგილზეა.

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპს ერთ კვირაში შანჰაი უმასპინძლებს.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

სახირი.

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:32:01.940
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.699
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 6.512
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:02.234
  5. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:15.046
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:39.024
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  8. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  9. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  13. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  14. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1 წრე
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  16. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  17. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1 წრე
  18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 22 წრე
  19. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 54 წრე
  20. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 56 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:33.740 (22-ე წრე, 207.842 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია:

1. სებასტიან ფეტელი - 50 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 33; 3. ვალტერი ბოტასი - 22; 4. ფერნანდო ალონსო - 16; 5. კიმი რაიკონენი - 15; 6. ნიკო ჰულკენბერგი - 14; 7-8. დანიელ რიკიარდო, პიერ გასლი - 12; 9. კევინ მაგნუსენი - 10; 10. მაქს ფერსტაპენი - 8; 11. სტოფელ ვანდოორნი - 6; 12. მარკუს ერიკსონი - 2, 13-14. კარლოს საინსი, ესტებან ოკონი - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. ფერარი - 65 ქულა; 2. მერსედესი - 55; 3. მაკლარენი - 22; 4. რედ ბული - 20; 5. რენო - 15; 6. ტორო როსო - 12; 7. ჰაასი - 10; 8. ზაუბერი - 2; 9. ფორს ინდია - 1; 10. უილიამსი - 0

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07326