ფეხბურთი

4:06 | 8.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონამ” “სოსიედადის” რეკორდი გაიმეორა

ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ლეგანესი” დაამარცხა და “სოსიედადის” რეკორდი გაიმეორა. საქმე იმაშია, რომ შორეულ 1978/79-1979/80 წლების სეზონში ბასკურ კლუბს ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 38 შეხვედრა არ წაეგო. გუშინ კი, ანალოგიური შედეგი “ბლაუგრანამ” გაიმეორა და თუ მომდევნო ტურში, შინ “ვალენსიასთან” არ წააგებენ – ახალ რეკორდს დაამყარებენ.

კატალონიურმა გრანდმა უკანასკნელად ლა ლიგაში 2017 წლის 8 აპრილს, შარშანდელი სეზონის 31-ე ტურში წააგო – “ბლაუგრანა” “ლა როსალედას” ეწვია და “მალაგასგან” ორი უპასუხო ბურთი მიიღო. იმ შეხვედრის შემდგომ კი, “ბარსელონას” დამარცხება ესპანეთის ჩემპიონატში ვეღარავინ შეძლო.

გასაკვირი არაა, რომ მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 3 ქულის აღება არ გასჭირვებიათ. მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა ლიონელ მესიმ, რომელიც ჰეთ-თრიკით გამოირჩა. არგენტინელმა გენიოსმა ანგარიში 27-ე წუთზე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გახსნა და 2006/2007 წლების სეზონის შემდგომ პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც სეზონში 6 ჯარიმის გატანა შეძლო. მაშინ ამის გაკეთება ლეგენდარულმა რონალდინიომ მოახერხა. 30 წლის ვარსკვლავმა 32-ე წუთზე ფელიპე კოუტინიოს გადაცემა შეირგო და დუბლი გაიფორმა.

მეორე ნახევარში “ბლაუგრანა” ოდნავ მოდუნდა, რითაც “ლეგანესმა” ისარგებლა და უფრო მეტად შეუტია, რასაც 68-ე წუთზე საჯარიმოს ხაზიდან ნაბილ ელ ჟარის უნაკლო დარტყმა მოჰყვა და სხვაობა შემცირდა. შეხვედრას საბოლოოდ წერტილი მესიმ დაუსვა, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან იოლად შეაგდო – 3:1.

“სევილია” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პირველად თამაშობს (თუ არ ჩავთვლით შორეულ 50-იან წლებს, როდესაც სულ სხვა ფორმატი იყო და ტურნირსაც ჩემპიონთა თასი ერქვა), ასევე ესპანეთის თასის ფინალშია, მაგრამ...

ასეთი დონის გუნდს არ ეკადრება ისეთი გამანადგურებელი მარცხები, რომელსაც ეს კლუბი მიმდინარე სეზონში განიცდის, თანაც საკმაოდ ხშირად – “რეალთან” 0:5, “ეიბართან” 1:5, “ვალენსიასთან” 0:4 (გასვლაზე), ატლეტიკოსთან 2:5 (შინ და სევილიელებმა ორი გოლის გატანა ბოლო წუთებზე მოახერხეს). ამ ჩამონათვალს კი, “სელტასთან” სამარცხინო შეხვედრაც დაემატა.

“ბაიერნთან” გადაღლილი ანდალუსიელები, გარკვეული როტაციით ესტუმრნენ ვიგოს, თუმცა გამანადგურებელი მარცხისგან “დალაქები” ამან ვერ იხსნა. გალისიელებმა ტაიმი არანას ავტოგოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში იაგო ასპასის ბენეფისი ვიხილეთ, რომელმაც ოცწუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და “სელტამ” შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა – 4:0.

“ალავესმა” შინ “ხეტაფე” დაამარცხა და ლა ლიგაში დარჩენა გაინაღდა, ხოლო “ბეტისმა” შინ “ეიბარს” სძლია და მე-5 პოზიციამდე აღზევდა.

ალავესი – ხეტაფე 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლაგუარდია (48), 2:0 ელ ჰადადი (75)

81-ე წუთზე არტუნეშმა (ხ) პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)

სელტა – სევილია 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 არანა (38 ს.კ.), 2:0, 3:0, 4:0 ასპასი (57; 60; 78)

ბეტისი – ეიბარი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ს.ლეონი (21), 2:0 არბილია (50 ს.კ.)

ბარსელონა – ლეგანესი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 მესი (27; 32; 87), 2:1 ელ ჟარი (68)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113556