ფეხბურთი

2:29 | 8.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონისებურმა “ქამბექმა” “ქალაქელთა” ჩემპიონობა გადადო

ის, რაც გუშინ მოხდა, “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” უცხო ნამდვილად არ გახლდათ, როდესაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდი სერ ალექს ფერგიუსონი იყო. მაშინ “წითელი ეშმაკები” ხშირ შემთხვევაში ისეთ შეხვედრებს ატრიალებდნენ, როდესაც ერთი შეხედვით, ამის არანაირი შანსი არ იყო. ახლაც ასე მოხდა, ოღონდ უკვე ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით.

“მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე თანაქალაქელ “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა. “სიტის” ისტორიული შანსი ჰქონდა, რომ ჩემპიონობა ხუთი ტურით ადრე გაენაღდებინა და რაც მთავარია, ტიტული პრინციპული მოწინააღმდეგის წინაშე აღემართა. ამისთვის, ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებს “იუნაიტედის” დამარცხება მართებდათ.

შუა კვირაში “ლივერპულთან” შერცხვენილმა “სიტიმ” შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო და პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. საწყის 45 წუთში სტუმრებს მეტოქის კარისკენაც არ დაურტყამთ, მასპინძლებმა კი ორი გოლის გატანა შეძლეს და კიდევ მაგდენის გატანა შეეძლოთ. ანგარიში 25-ე წუთზე ვინსენტ კომპანიმ გახსნა, რომელმაც საჰაერო დუელში კრის სმოლინგს აჯობა და უძლიერესი თავურით დავიდ დე ხეა უშანსოდ დატოვა. ხუთ წუთში კი, ილქაი გიუნდოგანმა ლამაზი მოძრაობით ნემანია მატიჩი ჩამოიშორა და ესპანელ მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ყველაფრის ფონზე, “იუნაიტედი” უშანსოდ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩანდა, მაგრამ ჟოზე მოურინიომ შესვენებაზე საკუთარი გუნდის დაქოქვა შეძლო და მეორე ტაიმში სხვა “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოვიდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ 51-ე წუთზე გიუნდოგანს დუბლის შესრულება შეეძლო და ამ შემთხვევაში ალბათ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სტუმრებს ამ ეპიზოდში გაუმართლათ – ბურთი ძელს მოხვდა, ამის შემდგომ კი მოედანზე ყველაფერი შეიცვალა.

ანდერ ერერამ 53-ე წუთზე პოლ პოგბას მკერდით შესანიშნავად დაუგდო ბურთი და ფრანგმა მოთამაშემ ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირა, ხოლო კიდევ ორ წუთში ალექსის სანჩესის გამოზომილი ჩაწოდება გამოიყენა და დუბლი გაიფორმა. ორწუთიანი მონაკვეთის შემდგომ, “სიტიმ” კოლოსალური უპირატესობიდან აღარაფერი დარჩა. 69-ე წუთზე კი, უმათვალყურეოდ დარჩენილმა სმოლინგმა თავური დარტყმით სტუმრები სულაც წინ გაიყვანა.

რა გასაკვირია, რომ დასკვნითმა 20 წუთმა უაღრესად დაძაბულად ჩაიარა. მსაჯმა ამ დროში 6 ყვითელი ბარათი უჩვენა მოთამაშეებს. მასპინძელთა მოთამაშეები განსაკუთრებით აღშფოთებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ ეშლი იანგის მიერ, სერხიო აგუეროს წაქცევის გამო პენალტი არ დაინიშნა. "ქალაქელებს" შეტევის სხვა მცდელობებიც ჰქონდათ, მაგრამ დე ხეას კარის აღება ვეღარ მოახერხეს, მიმდინარე სეზონში შინ პირველად წააგეს და ჩემპიონობის გაფორმება გადადეს – 2:3.

უგოლოდ დასრულდა “გუდისონ პარკზე” გამართული მერსისაიდული დერბი. “ლივერპულს” პირველ ტაიმში უპირატესობა ჰქონდა, მეორე ნახევარში კი გუნდებს შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდათ (კარისკენ მხოლოდ 3-3-ჯერ დაარტყეს) და შესაბამისად, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა, რომლითაც არცერთი გუნდისთვის რაიმე მნიშვნელოვანი არ შეცვლილა. “ევერტონი” ცხრილის შუაშია გაჩხერილი, ხოლო “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყარადაა დამკვიდრებული.

იმარჯვა და “ლივერპულს” ქულებით გაუთანაბრდა “ტოტენჰემი”, რომელმაც სტუმრად მე-19 ადგილოსანი “სტოკი” კრისტიან ერიკსენის დუბლით დაამარცხა. დანიელ ფეხბურთელს მეორე გოლი ცოტათი უცნაური და კურიოზული გამოუვიდა: სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს ვერავინ შეეხო, მეკარეც დაიბნა და გოლი გავიდა.

“ნიუკასლმა” სტუმრად “ლესტერი” დაამარცხა და გასავარდნ ზონას უკვე 10 ქულით მოცილდა, ამდენივე ქულით უსწრებს საშიშ ზონას “ბორნმუთი”, რომელიც შინ “კრისტალ პალასს” დაუზავდა. “არწივები” რთულ ვითარებაში არიან, რადგან მე-17 ადგილზე არიან და “საუთჰემპტონს” მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ, რომელსაც ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო “ბარნლიმ” და “არსენალს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. შონ დიჩის გუნდი გასვლაზე 70-ე წუთამდე “უოტფორდთან” აგებდა, თუმცა სამწუთიან მონაკვეთში შეხვედრა შემოაბრუნა.

ფრეები დაფიქსირდა დღის დარჩენილ ორ შეხვედრაში: დებიუტანტებმა “ბრაიტონმა” და “ჰადერსფილდმა” პირველ ტაიმში თითო გოლი გაუტანეს ერთმანეთს, ხოლო გადარჩენისთვის მებრძოლმა “სუონსიმ” მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა უიმედო აუტსაიდერ “ვესტ ბრომვიჩთან”.

ევერტონი – ლივერპული 0:0

ბორნმუთი – კრისტალ პალასი 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 მილივოიევიჩი (47), 1:1 მოუსე (65), 1:2 ზაჰა (75), 2:2 კინგი (89)

ბრაიტონი – ჰადერსფილდი 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ლოსლი (29 ს.კ.), 1:1 მუნიე (32)
გაძევება: პროპერი (74 ბ.)

ლესტერი – ნიუკასლი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 შელვი (18), 0:2 ა.პერესი (75), 1:2 ვარდი (84)

სტოკი – ტოტენჰემი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1, 1:2 ერიკსენი (52; 63), 1:1 დიუფი (57)

უოტფორდი – ბარნლი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 პერეირა (61), 1:1 ვოკსი (70), 1:2 კორკი (73)

ვესტ ბრომვიჩი – სუონსი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჯ.როდრიგესი (54), 1:1 აბრაჰამი (75)

მანჩესტერ სიტი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:3 (2:0)

გოლები: 1:0 კომპანი (25), 2:0 გიუნდოგანი (30), 2:1, 2:2 პოგბა (53; 55), 2:3 სმოლინგი (69)

0.163533