ავტოსპორტი

0:42 | 8.04.2018 | ნანახია 624 - ჯერ

ორი „ფერარი“ ბაჰრეინის სტარტის პირველ რიგში

ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, პირველ ორ პოზიციას „ფერარის“ პილოტები დაიკავებენ. პოულ პოზიციაზე კი სებასტიან ფეტელი დადგება, რომელმაც თანაგუნდელ კიმი რაიკონენს 0.143 წამით აჯობა, მესამეზე გასულ ვალტერი ბოტასს კი - 0.166 წამით.

ლუის ჰამილტონმა ფეტელზე 0.262 წამით უარესი დრო დააფიქსირა და წესით, მეოთხე პოზიცია ერგებოდა, მაგრამ პრაქტიკების დროს, მის „მერსედესზე“ გადაცემათა კოლოფი გახდა შესაცვლელი, რის გამოც, მოქმედ ჩემპიონს სტარტზე ხუთი პოზიციის დათმობა უწევს და შესაბამისად, სტარტზე მე-9 პოზიციაზე დადგება.

ფეტელისთვის ეს კარიერაში 51-ე პოულ პოზიციაა, საიდანაც სამი ბაჰრეინში აქვს მოპოვებული. „ფერარის“ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ბოლოს რბოლა პოულიდან გასულ სეზონში, მექსიკის დიდ პრიზზე დაიწყო. კვალიფიკაციის მესამე ფაზის პირველი ცდის დროს, ფეტელმა ბოლო მოსახვევში შეცდომა დაუშვა და დრო გააფუჭა. მაგრამ ბოლო ცდა უშეცდომოდ შეასრულა და რაიკონენი ჩამოაქვეითა. უნგრეთის შარშანდელი დიდი პრიზის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სტარტზე პირველ რიგში „ფერარის“ მანქანები დადგება. რაც შეეხება რაიკონენს, ბოლოს კვალიფიკაცია მან გასულ სეზონში, მონაკოს რბოლაზე მოიგო. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ ბოლო ცდაზე ხელი ტრეფიკმა შეუშალა.

კვალიფიკაციის პირველივე ფაზაში ავარია მოუვიდა მაქს ფერსტაპენს, რომელსაც მანქანა მოსახვევიდან გამოსვლისას, აჩქარების დაწყების მომენტში მოუსრიალდა. ჰოლანდიელმა მასზე კონტროლი დაკარგა და საბოლოოდ, კედელთან მცირე კონტაქტის შემდეგ გაჩერდა. როგორც ტელემეტრიამ აჩვენა, აჩქარების მომენტში, ძრავმა საჭიროზე 150 ცხენის ძალით მეტი განავითარა, რამაც მოცურება გამოიწვია.

მოკლედ, „რედ ბულის“ პილოტმა მეორე ფაზაში ასპარეზობა ვეღარ შეძლო და სტარტზე მხოლოდ მე-15 პოზიციას დასჯერდება. სამაგიეროდ, თავი გამოიჩინეს „ტორო როსოს“ პიერ გასლიმ და „ჰაასის“ კევინ მაგნუსენმა, რომლებმაც შესაბამისად, მე-6 და მე-7 დროები აჩვენეს, მაგრამ ჰამილტონის უკან დაწევის წყალობით, თითო საფეხურით წინ წაიწიეს.

თუ მაგნუსენისგან ასეთი შედეგი, ავსტრალიის რბოლის შემდეგ ბევრს არ გააკვირვებდა, გასლის, მისი „ჰონდას“ ძრავით აღჭურვილი „ტორო როსოთი“, მესამე ფაზაშიც კი არავინ ელოდა. მან კი ეს შეძლო და მესამე რიგში, დანიელ რიკიარდოსთან ერთად დადგება. სხვათა შორის, გასლი „რედ ბულში“ სწორედ ავსტრალიელის ადგილს უმიზნებს.

მაგნუსენისგან განსხვავებით, პირველი ფაზაც კი ვერ გაიარა მისმა თანაგუნდელმა რომენ გროჟანმა. მასთან ერთად, პირველ ფაზაში „უილიამსის“ და „ზაუბერის“ ორ-ორი პილოტიც ჩარჩა. სამაგიეროდ, „ტორო როსოს“ ბრენდონ ჰარტლის მესამე ფაზაში გასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა. ამას „ჰონდას“ ძრავით აღჭურვილი „ტორო როროსგან“ ალბათ არავინ ელოდა...

განსაკუთრებით კი „მაკლარენი“, რომლის ორივე პილოტიც, ბოლო წლებში მიჩვეულ ადგილებს დასჯერდნენ. მათ ამჯერად მეორე ფაზის გადალახვა ვერ შეძლეს.

ვიდეო: https://www.formula1.com/en/video/2018/4/ONBOARD__Sebastian_Vettel_s_Bahrain_pole_lap.html

ბაჰრეინის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

Q3

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:27.958
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:28.101
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:28.124
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:28.398
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:29.329
  6. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:29.358
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:29.570
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:29.874
  9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:28.220
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:29.986

Q2

  1. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:30.105
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:30.156
  3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:30.212
  4. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:30.525
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) დროის გარეშე

Q1

  1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:30.530
  2. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:31.063
  3. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:31.414
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:31.420
  5. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:31.503
სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.067184