ფეხბურთი

0:10 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ჩვენ დაჭრილი ლომები ვართ"

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მისი გუნდი დაჭრილ ლომს შეადარა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა “ბენევენტოსთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, “იუვეს” მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგებაა.

“ჩვენ დაჭრილი ლომები ვართ, მაგრამ ჯერ არ მომკვდარვართ. სკუდეტო რჩება პირველ მიზნად და “ბენევეტონსთან” მოედანზე უნდა გავიდეთ, რომ დავივიწყოთ “რეალთან” იმედგაცრუება. ჩემი მომავალი? – გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და აქ ყოფნით კმაყოფილი ვარ. სანამ მოტივაცია მექნება “იუვედან” წასვლას არ ვაპირებ და ამჟამად მაქვს. მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ – ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის თასზე.

“ბენევენტოსთან” შეცდომის უფლება არ გაქვს და მხოლოდ 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. მეტოქე აუტსაიდერია, მაგრამ კარგ ფეხბურთს თამაშობს. თამაში შუადღით დაიწყება, მაღალ ტემპერატურაზე სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი მიზნები “რეალთან” მარცხს არ შეუცვლია.

2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან დღემდე “იუვეში” 9 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი შეიცვალა. ადრე ასე არ იყო. მაგალითად, 1990-1997 წლებში ძირითად შემადგენლობაში 10-მდე ფეხბურთელი უცვლელად თამაშობდა. ოთხ წელიწადში ორჯერ ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ერთხელ მერვედფინალში და ახლა მეოთხედფინალში ვართ. ჩვენ ვმუშაობთ მომავალზე, ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას ვინ უნდა დატოვოს გუნდი და ვინ უნდა შევიძინოთ.

“ბენევენტოსთან” შჩესნი ითამაშებს, ისევე როგორც დიბალა. კიელინი სავარაუდოდ მოედანზე არ გავა. ასევე, იგუაინიც, რომლის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ ალბათ, ძირითადში ვერ მოხვდება. მანჯუკიჩი და კუადრადო სავარაუდოდ, პირველივე წუთიდან გავლენ მოედანზე, ხოლო ბარძალის და ბერნარდესკის ტრავმები აწუხებთ”, - განაცხადა ალეგრიმ.

“ბენევენტოსა” და “იუვენტუსის” შეხვედრა შაბათს, 17:00 საათზე დაიწყება. “ბებერი ქალბატონი” “ნაპოლის” ამჟამად 4 ქულით უსწრებს, ხოლო სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112315