ფეხბურთი

2:08 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

აპლოდისმენტები - მეფე მოდის! (+VIDEO)

ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ! კრიშტიანუ რონალდუს თამაში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ აბსოლუტურად სცდებოდა ადამიანურ შესაძლებლობებს.

ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ პორტუგალიელს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა. ეს იყო “იუვენტუსი” – “რეალის” მატჩის მთელი მიმოხილვა...

“ბებერმა ქალბატონმა” “სამეფო კლუბს” რევანში შარშანდელი ფინალის გამო ვერ აუღო. მაგას ვინ ჩივის, კიდევ ერთი მწარე ალიყური მიიღო მადრიდული გრანდისგან. თავს ზემოთ ძალა რომ არაა, ძველი ამბავია. ზუსტად ეს ამბავი სჭირდა მასიმილიანო ალეგრის გუნდს. უბრალოდ, ზინედინ ზიდანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე თასისკენ ელვის სისწრაფით მიიწევს და როგორ გინდა წინ დაუდგე?! რთული იქნება.

ესპანელები მალევე დაწინაურდნენ: მესამე წუთზე ტურინელთა დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა, ისკომ ჩააწოდა და რონალდუმ ერთი შეხებით გაიტანა. ეს იყო პორტუგალიელის ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. ამავდროულად, “იუვენტუსს” ლიგაზე ამაზე სწრაფად გოლი ერთადერთხელ, “ბაიერნისგან” 2013 წელს აქვს მიღებული (პირველ წუთზე). “რეალმა” სწრაფი გოლი გაიტანა და მერე დადგა. სტუმრები თამაშს აკონტროლებდნენ და მეტოქეს რეალური ხიფათის შექმნის შანსს არ აძლევნდნენ. მაგრამ, “იუვეს” მაინც მიეცა პირველ ტაიმში რამდენჯერმე გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, მომენტები ქარს გაატანა. ყველაზე ახლოს გოლთან გონსალო იგუაინი იყო, მაგრამ კეილორ ნავასი დიდებულად გაისარჯა.

მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს ტურინელებმა და დიბალას საჯარიმო სანტიმეტრებით ასცდა კარს. მერე კი, თამაში დამთავრდა. ჯორჯო კიელინიმ იმდენი ქნა, სანამ ლუკას ვასკესმა ლამის საგოლედ არ დაარტყა, თუმცა ბუფონი გაისარჯა მაღალ დონეზე. შეტევა გაგრძელდა და გოლით დაგვირგვინდა. ზუსტადაც, რომ ეს სიტყვა შეეფერება იმას, რაც კრიშტიანუმ გააკეთა – პორტუგალიელმა იმდენად ბრწყინვალე მაკრატელა შეაგდო, რომ ადგილობრივ პუბლიკას აპლოდისმენტები დასტყუა და მადლობის გადახდაც არ დავიწყნია. მალევე, პაულო დიბალა მეორედ გააყვითლეს და “იუვე” კაცნაკლული დარჩა. ბუნებრივია, ათკაციან და აბსოლუტურად დემორალიზებულ მასპინძლებს თამაშის შემობრუნების ან თუნდაც გაბრძოლების არანაირი სურვილი და შანსი არ ჰქონდათ. ყველაფერი მარსელოს გოლით დასრულდა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ “რეალი” ნახევარფინალშია. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ საპასუხო შეხვედრას ყოველგვარი აზრი დაეკარგებოდა.

საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც “იუვენტუსი” “ალიანც სთედიუმზე” თამაშობს (2011 წლიდან), ასეთი ანგარიშით საკუთარ მოედანზე არ წაუგია. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ტურინში სამი გოლი 1999 წლის შემდეგ (“მანჩესტერთან” ნახევარფინალი) პირველად გაუშვა. საერთოდაც, “იუვენტუსმა” ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე 2013 წლის აპრილის შემდეგ პირველი შეხვედრა წააგო.

თავის მხრივ, კრიშტიანუ რონალდუმ ბუფონს ცხრა გოლი გაუტანა და ლეგენდარული იტალიელი ამდენჯერ არავის ჰყავს დამწუხრებული. ამასთან, რონალდუს “იუვენტუსის” კარში ყველაზე მეტი გოლი ქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე. პორტუგალიელს აქვს ზუსტად ასეთივე შედეგი “ბაიერნთან” და ლიონელ მესის “არსენალთან”. ეს ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

რაღა უნდა ითქვას, სამეფო ჯერჯერობით აუღებელია.

“იუვენტუსი” – “რეალი” 0:3 (0:1) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 40 849

“იუვენტუსი” (4-4-2): ბუფონი; დე შილიო, ბარძალი, კიელინი, ასამოა (მანჯუკიჩი 69); დუგლას კოშტა (მატუიდი 69), ხედირა (კუადრადო 75), ბენტანკური, ალექს სანდრო; დიბალა, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“რეალი” (4-4-2): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი (კოვაჩიჩი 82), კროოსი, კაზემირო, ისკო (ასენსიო 75); რონალდუ, ბენზემა (ვასკესი 59)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 რონალდუ (3), 0:2 რონალდუ (64), 0:3 მარსელო (72)

გაფრთხილება: ბენტანკური (26), დიბალა (45, დიბალა 66) – რამოსი (55), მარსელო (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 14 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

Loading...
სტატისტიკა
0.268643