ფეხბურთი

2:19 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ვილიარეალმა” ოთხეულზე ოცნება დაასრულა

ლა ლიგის 30-ე ტურის შემდგომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობილია იმ ოთხი კლუბის ვინაობა, რომლებიც გაისად ესპანეთის ღირსებას ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავენ. “ვილიარეალმა” ყველასთვის მოულოდნელად, გასვლაზე ბოლო ადგილოსან “მალაგასთან” წააგო, “ვალენსიამ” კი სტუმრად “ლეგანესი” დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, მათ შორის სხვაობა უკვე 15 ქულას შეადგენს.

“ვილიარეალმა” “ლა როსალედაზე” ძალიან ცუდი თამაში აჩვენა. მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია, რომ “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კარის მიმართულებით ზუსტად ერთადერთხელ დაარტყეს. ერთადერთი გოლი კი 37-ე წუთზე გავიდა: ჩორი კასტრომ პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვების გემო გაახსენა, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ “მალაგას” ეს გამარჯვება მოგება რამეში წაადგეს, რადგან ანდალუსიურ კლუბს მხოლოდ 17 ქულა აქვს და მე-17 ადგილოსან “ლევანტეს” 11 ქულით ჩამორჩება.

“ვალენსიას” კი 3 ქულა როდრიგო მორენომ მოუტანა, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და სანაკრებო მატჩებზე, ესპანეთის ნაკრების მაისურით გერმანიასაც გაუტანა. ბრაზილიური წარმოშობის შემტევმა 62-ე წუთზე შორიდან გაისროლა, ლა ლიგაში მე-14 გოლი შეაგდო და “ღამურებს” გამარჯვება მოუტანა – 0:1.

ასევე მინიმალური ანგარიშით იმარჯვა მე-2 ადგილოსანმა “ატლეტიკომ”, რომელმაც “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მე-19 საფეხურზე მყოფ “დეპორტივოს” უმასპინძლა. “როხიბლანკომ” ცუდი შეხვედრა ჩაატარა და 3 ქულის მომტანი, ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე კევინ გამეირომ პენალტით გაიტანა – 1:0.

დღის დარჩენილ ორ შეხვედრაში კი გოლები არ გასულა. “კორნელია ელ პრატზე” “ესპანიოლი” და “ალავესი” დაზავდნენ, ხოლო “იპარუაზე” გამართულ ბასკურ დერბიში “ეიბარმა” და “სოსიედადმა” ვერ შეძლეს გოლების გატანა.

ესპანიოლი – ალავესი 0:0

ლეგანესი – ვალენსია 0:1 (0:0)

გოლი: როდრიგო (62)

ეიბარი – სოსიედადი 0:0

მალაგა – ვილიარეალი 1:0 (1:0)

გოლი: ჩ.კასტრო (37 პენ.)

ატლეტიკო – დეპორტივო 1:0 (1:0)

გოლი: გამეირო (34 პენ.)

თეგებილა ლიგა
0.129348