ფეხბურთი

4:10 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" ლიდერობა განიმტკიცა, ბონუჩიმ წარსულს გაუტანა

იტალიის სერია A-ს XXX ტურის ყველა მატჩი შაბათს გაიმართა, რადგან აპენინეზე კვირას აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ. იქამდე კი, ფეხბურთის ქომაგებმა იზეიმეს.

ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგა, სადაც “იუვენტუსმა” “მილანს” უმასპინძლა. ამ შეხვედრას ყველაფერთან ერთად, მთავარი ინტრიგაც ერთვოდა – ლეონარდო ბონუჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად და თანაც, “ალიანც სთედიუმზე” ჩადიოდა.

ტურინში ყოფილ კუმირს ბევრი უსტვინეს, აგინეს, ლანძღეს და ლეონარდომაც შური იძია. 28-ე წუთზე, ჰაკან ჩალჰანოღლუს კუთხური ბონუჩიმ გოლით დაასრულა. ანდრეა ბარძალისა და ლეონარდო ბონუჩის შორის მოქცეულმა ჯიჯი ბუფონს შანსი არ დაუტოვა. მოკლედ, ასე ცნობილი “ბი-ბი-სი” გახლდათ მოვლენათა ეპიცენტრში. ლეომ გოლი აღნიშნა... როგორც თავად მატჩის შემდეგ თქვა, ეს გადაწყვეტილება ფანების რეაქციის გამო მიიღო. აქვე გეტყვით, რომ ბონუჩი გახდა მესამე ფეხბურთელი (ჯოვინკოსა და იკარდის) შემდეგ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში “იუვენტუსის” საშინაო არენაზე ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით შეძლო გატანა. სანამ ლეონარდოს ვენდეტას ვნახავდით, იქამდე “იუვე” უკვე იგებდა. მერვე წუთზე პაულო დიბალამ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა.

პირველი ტაიმი ასე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარი “როსონერის” უპირატესობით დაიწყო. ჩალჰანოღლუს დარტყმული კი ხარიხამ უკუაგდო. ბოლოსკენ, კლასმა მაინც თავისი გაიტანა და კარგად გამოჩნდა, რომ დღეს “იუვენტუსი” უფრო მაღალი დონის გუნდია, ვიდრე “მილანი”. ხუან კუადრადო მოედანზე სამთვიანი უქმობის შემდეგ გოლით დაბრუნდა. კოლუმბიელმა სამი ხედირას იდეალური პასი შეირგო. წერტილი კი, თავად გერმანელმა დასვა, რომელსაც ასისტენტობა დიბალამ გაუწია. მოკლედ, “იუვენტუსმა” მოიგო და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს გადართვა. იქამდე, ტურინელებმა “ნაპოლისთან” წინა ტურში განიავებული უპირატესობა დაიბრუნეს და +4 ქულაში შევიდნენ.

მაურიციო სარის “ნაპოლი” კი მოულოდნელად ფრეს გამორჩა სტუმრად “სასუოლოსთან”. მოგებას ვინღა ჩივის, ნეაპოლელები თითქმის მთელი თამაში აგებდნენ და რომ არა როჯერიოს ავტოგოლი მე-80 წუთზე, დიდი შანსი უქულოდ დარჩენილიყვნენ. “ნაპოლი” ოცნებას ორი ქულით კიდევ მოსცილდა და დარჩენილ რვა ტურში საკუთარ თავზე გადახტომა მოუწევს.

“რომამ” “ბარსელონასთან” მატჩამდე ორი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა და თეორიულად მესამე ადგილიც. საქმე ისაა, რომ “ჯალოროსი” “ინტერს” ორი ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. “ნაპოლისა” არ იყოს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდიც მარცხს სტუმრად ბოლოსკენ გადაურჩა. ეს “ბოლონიასთან” მოხდა, ხოლო ქულა რომაელებმა ედინ ჯეკოს გვიანი გოლით მოიპოვეს.

პრობლემები არ შექმნია მილანის “ინტერს”, რომელმაც “ვერონა” ძალიან, ძალიან მარტივად დაამარცხა – 3:0. დუბლი გაიფორმა მაურო იკარდიმ, რომელმაც ანგარიში 35-ე წამზე გახსნა. ერთიც ივან პერიშიჩმა შეაგდო. “ნერაძური” ახლა დერბისთვის ემზადება, რომელსაც სხვათა შორის, კარგ განწყობაზე და კარგ ფორმაშიც ხვდება.

როგორ გინდა თქვა, რომ “ლაციომ” პრობლემების ფონზე მოიგო, როდესაც “ბენევენტოს” 6:2 სძლია. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ პირველი ტაიმი ღრმა აუსტაიდერმა წიაყვანა და მე-60 წუთამდე სულაც საყაიმო ანგარიშს ინარჩუნებდა. საბოლოოდ, სიმონე ინძაგის გუნდმა ათკაციანი მეტოქე გატეხა და ჩემპიონთა ლიგის საზგურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

“ბოლონია” – “რომა” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პულგარი (18), 1:1 ჯეკო (78)

“ატალანტა” – “უდინეზე” 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პეტანია (68), 2:0 მაზიელო (74)

“კალიარი” – “ტორინო” 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 იაგო ფალკე (61), 0:2 ლიაიჩი (65), 0:3 ანსალდი (79), 0:4 ობი (88)

“ფიორენტინა” – “კროტონე” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სიმეონე (3), 2:0 კიეზა (62)

“ჯენოა” – “სპალი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლაპადულა (30, პენ), 1:1 ლაძარი (60)

“ინტერი” – “ვერონა” 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 იკარდი (1), 2:0 პერიშიჩი (13), 3:0 იკარდი (49)

“ლაციო” – “ბენევენტო” 6:2 (1:1)

გოლები: 1:0 იმმობილე (19), 1:1 კატალდი (23), 1:2 გილერმე (51), 2:2 კაისედო (60), 3:2 დე ვრეი (66), 4:2 იმმობილე (68), 5:2 ლუკას ლეივა (83), 6:2 ლუის ალბერტო (90, პენ)

“კიევო” – “სამპდორია” 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კვალიარელა (26, პენ), 1:1 კასტრო (62), 2:1 ჰეტემაი (79)

“სასუოლო” – “ნაპოლი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პოლიტანო (22), 1:1 როჯერიო (80, ა.გ)

“იუვენტუსი” – “მილანი” 3:1 (1:1)

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 40 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბენატია, კიელინი; ლიხშტაინერი (დუგლას კოშტა 46), ხედირა, პიანიჩი (ბენტანკური 76), მატუიდი (კუადრადო 61), ასამოა; დიბალა, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე, ბილია (მონტოლივო 76), ბონავენტურა; სუსო, ანდრე სილვა (კალინიჩი 65), ჩალჰანოღლუ (კუტრონე 80)

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 1:0 დიბალა (8), 1:1 ბონუჩი (28), 2:1 კუადრადო (79), 3:1 ხედირა (87)

გაფრთხილება: ბენატია (38) – როდრიგესი (39), ბილია (52), მონტოლივო (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: პაოლო სილვიო მაცოლენი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.531001