ფეხბურთი

0:37 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარგია, მაგრამ დავრჩეთ მიწაზე!

ლიტვასთან 4:0, ესტონეთთან – 2:0. რა თქმა უნდა, ცაში არ უნდა ვიფრინოთ, მაგრამ არცთუ შორეულ წარსულში თუნდაც ასეთ გუნდებთან, ასეთ გამარჯვებებს ვერ ვიოცნებებდით. დიახ, რაც უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ეს ჩვენი რეალობა იყო.

თანაც, მხოლოდ ტაბლო ხომ არაა? – საქართველოს ნაკრებმა ორივე სპარინგში გამართული თამაში აჩვენა, თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებითა და ნიუანსებით. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ესტონეთი ლიტვაზე ძლიერი გუნდია და ამას მარტინ რეიმის გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებიც ცხადჰყოფდა. მიუხედავად ამისა, “ჯვაროსნებს” მეტოქის დასამარცხებლად 45 წუთიც ეყოთ.

ცალსახაა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს ორი გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ. განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ოცნების კოშკების აგება ჯერ ადრეა, მაგრამ იმედი, რეალური იმედი ნამდვილად გაჩნდა. ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ქაოსურია. ჩანს, რომ ვლადიმირ ვაისს აქვს გარკვეული მონახაზი და გუნდიც ნაბიჯ-ნაბიჯ ამისკენ მიდის.

თქვენი არ ვიცი და, პირადად მე, ბევრი ნამდვილად არ მახსენდება ისეთი მატჩები, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდა და ამ მომენტებს არა მეტოქის შეცდომების ხარჯზე, არამედ საკუთარი, კომბინაციური ფეხბურთით ჰქმნიდა. დღევანდელი ფორმაციის გუნდში ეს ნამდვილად დევს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფრის პიკი ერთა ლიგა იქნება. საგოლე მომენტები ვახსენეთ და საქართველოს ნაკრებს მისი ნახევარი მაინც რომ გამოეყენებინა, ერთობ სოლიდური ანგარიში მოიგებდა. აკი, აღნიშნა კიდეც ნამატჩევს სლოვაკმა სპეციალისტმა – მომენტებს ვქმნით, მაგრამ რეალიზაცია ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთო. ძნელია არ დავეთანხმოთ.

გამოუყენებელი მომენტები ახლა იქეთ იყოს და, გამოყენებულებზე ვთქვათ. როგორც ლიტვასთან, ახლაც სწრაფი გოლი გაიტანეს მასპინძლებმა. კუთხურის დროს ნიკა კაჭარავამ იაქტიურა, რასაც დაბნეულობა მოჰყვა ბალტიისპირელთა დაცვაში. შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა თავით ჯიმი ტაბიძეს დაუგდო და ახალგაზრდა მცველი ნამდვილი ფორვარდივით გაერკვა სიტუაციაში. კარიდან ზურგით მდგომმა, ბურთი მკერდზე მიიღო და კარში ზუსტად გადაგზავნა. კარგი გოლი გამოვიდა. კიდევ უფრო მაგარი იყო მეორე გოლი ესტონელთა კარში. ეს მთლიანად ინდივიდუალური ოსტატობის და ვაკო ყაზაიშვილის დამსახურება გახლდათ. “სან ხოსეს” შემტევს საჯარიმოს მისადგომებთან ჯერ ბურთი ვერ წაართვეს, მერე ისე მოხდენილად დაუმიზნა ცხრიანს, რიკარდო კვარეჟმას სტილში, თავად პორტუგალიელსაც რომ შეშურდებოდა. საერთოდ, ვაკო ჩინებულად ირჯებოდა და რამდენიმე ლიდერის არყოფნაში, ლიდერობა თვითონ იტვირთა.

მეორე ტაიმში გოლი არ გასულა. ასე რომ არ მოხდა, ეს ჩვენი შემტევების ბრალია, რომლებიც დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, თორემ საგოლე მომენტები მრავლად იყო. ყველაზე ახლოს გოლთან ნიკა კაჭარავა იყო. კომბინაცია ისეთი ლამაზი გამოვიდა, რომ მისი გოლით ვერდასრულება მართლაც ცოდვა გამოდგა... ნიკა კვეკვესკირმა ანდრეა პირლოს სტილში მცველებს ზურგს უკან გადაავლო ბურთი და იქ ჯაბა ჯიღაურმა ერთი შეხებით დაუგდო კაჭარავას. სამწუხაროდ, “კორონას” ფორვარდი ვერ გაისარჯა თამამად და მეკარეს გაარტყა ბურთი. დასანანია, ულამაზესი გოლი იქნებოდა...

მთლიანობაში კი, საქართველოს ნაკრებისთვის 2018 წელი ჩინებულად დაიწყო. 2 მოგება, 6 გოლი, არცერთი გაშვებული გოლი... რაც მთავარია, ვნახეთ ფეხბურთი და ვნახეთ, რომ ჩვენი გუნდი კონკრეტული ადგილისკენ მიიწევს. ერთა ლიგამდე 5 თვე და რამდენიმე დღე რჩება. იქამდე, საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს (ივნისში, მალტასთან და ლუქსემბურგთან) და მერე, ჩაებმება ტურნირში, რომელსაც მთელი საქართველო დიდი იმედით ელოდება. არადა, როგორ გინდა, ასეთი თამაშის ფონზე იმედი არ გქონდეს?! საქართველოს ნაკრები ფეხბურთს თამაშობს და ახლა მთავარია, დავრჩეთ მიწაზე!

საქართველო – ესტონეთი 2:0 (2:0) VIDEO

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კვირკველია (კაშია 85), კანკავა, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი, კაჭარავა (არაბული 69, ქვილითაია 77), შერგელაშვილი (დვალი 62), მერებაშვილი (ჯიღაური 62), პაპუნაშვილი (აბურჯანია 83)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ესტონეთი: მეერიტსი, პიკი (კრუგლოვი 62), კაეიტი, ანიერი (ლუცი 46), ზენიოვი, ლეპიცუ (დიმიტრიევი 69), კლავანი, ანტონოვი (დმიტრიევი 46), ტენისტე (ელჰი 69), მოროზოვი, ტამი

მწვრთნელი: მარტინ რეიმი

გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35)

გაფრთხილება: კვეკვესკირი (39) – ანტონოვი (39)

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115727