ფეხბურთი

19:31 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

2:2 – დანია გადაგვირჩა და გადავურჩით   

საქართველო-დანია 2:2. სამი დღის წინ ფარერებს მოვუგეთ და ჯამში, 4 ქულა ურიგო შედეგი არ არის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისთვის. სხვა საქმეა, რომ შარშანვე თითქმის გადავიწურეთ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი. ეს შანსი იმდენად მიზერულია, რომ განხილვად არც ღირს.

ისე, წინა თამაშთან შედარებით, ხარისხი უკეთესი იყო. მეტოქეც გაცილებით ძლიერი გვყავდა.

ქართველებმა ორივე გოლი საჯარიმოს გარედან დარტყმებით გაიტანეს. ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა გახსნა და ამაში რიკოშეტი დაეხმარა. მეკარემ რეაგირება მოახდინა, მაგრამ ვერ მოიგერია – 1:0.

ტაიმის ბოლოს სკოვმა გაგვიტანა, შორიდან ახლო კუთხეში დაურტყა ლაზარე კუპატაძეს. უნდა აეღო კუპატაძეს – 1:1.

საერთოდ, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. პოზიციური თამაში მეტი იყო, ვიდრე აგრესიული შეტევები. ლუკა ზარანდიასა და გიორგი არაბიძის შორეული დარტყმები უნდა გამოვარჩიოთ – ორივეჯერ დანიელთა მეკარემ იმარჯვა.

აი, მეორე ტაიმი კი სკანდინავიელთა უპირატესობით წარიმართა და თითქოს გოლი მწიფდებოდა, როცა იქით გავუტანეთ. შეცვლაზე ერთი წუთის შესულმა ბექა მიქელთაძემ შორიდან კარგად დაარტყა და მეკარე იონიც შეცდა – 2:1.

შეგახსენებთ, დანიაში 2:5 წავაგეთ და იქ მიქელთაძემ გაიტანა ორივე გოლი, ასე რომ, გორში მესამედ გაამწარა მეტოქე.

დანია ისევ გააქტიურდა და კუპატაძე რამდენჯერმე კარგად ჩაერთო თამაშში, თუმცა ისიც უძლური გახდა, როცა კრისტენსენმა თავური შეაგება კუთხურიდან ჩაწოდებულს – 2:2. დარჩენილ დროში სტუმრებს, ეტყობა, ძალა აღარ შერჩათ და თანაბარი თამაში ვნახეთ. ქართველებმაც გაიწიეს გასატანად. საბოლოოდ, ფრე, რომელიც ლოგიკური იყო...

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

საქართველო-დანია 2:2 (1:1)

საქართველო: კუპატაძე, გიორგაძე, მარგველაშვილი, ქანთარია, ცეცხლაძე, შულაია, ნადარაია, კიტეიშვილი, ხარაიშვილი (მიქელთაძე 61), ზარანდია, არაბიძე (ბერიძე 88)

მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

დანია: იონი, ნისენი (თიჩოსენი 90), რასმუსენი, ანდერსენი, პედერსენი, ნელსონი, დიულუნდი, ინგვარტსენი, სკოვი (პოლი 86), ლარსენი (სიორენსენი 46), კრისტენსენი

მწვრთნელი: ნილს ფრედერიქსენი

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (31), 1:1 სკოვი (43), 2:1 მიქელთაძე (64), 2:2 კრისტენსენი (75)

გაფრთხილება: მარგველაშვილი, გიორგაძე – პედერსენი, კრისტენსენი

მსაჯი: ანუფრიევსი (ლატვია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119562