ავტოსპორტი

18:46 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელმა ჰამილტონისგან ღიმილი დაიბრუნა

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი მელბურნის ალბერტ პარკზე, მსოფლიოს ორი ოთხგზის ჩემპიონის ბრძოლით დაიწყო და ის სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. „ფერარის“ გერმანელმა პილოტმა, უსაფრთხოების ვირტუალური რეჟიმით ისარგებლა და შენელებული რბოლის დროს ჩატარებული პიტ სტოპის ხარჯზე შეძლო ლუის ჰამილტონის გასწრება. გამარჯვებასთან ერთად, ეს იყო რევანში იმ მარცხისთვის, რომლითაც ბრიტანელმა ფეტელს „სახიდან ღიმილი ააცალა“.

რბოლა ალბათ ქარავნის სწრაფ სვლას დაემსგავსებოდა, რომ არა გუნდ „ჰაასის“ ტოტალური უიღბლობა. ამერიკულმა გუნდმა სტარტზევე დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ სეზონში ერთ-ერთი სალაპარაკო თემა მისი კარგი გამოსვლები იქნება. მაგრამ პირველი პიტ სტოპის შემდეგ, მისი ორივე პილოტი ერთი მიზეზით გაჩერდა - მექანიკოსებმა ოთხიდან ერთი ბორბალი კარგად ვერ დაამაგრეს. კევინ მაგნუსენმა, ვინც კარგა ხანს ადვილად იგერიებდა მაქს ფერსტაპენის შეტევებს, თავისი მანქანა ტრასას განაშორა, მაგრამ იგივე რომენ გროჟანმა ვერ შეძლო, რომლის ბოლოდიც გზის პირას გაჩერდა.

მის საევაკუაციოდ, ორგანიზატორებმა უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი აამოქმედეს (მოგვიანებით, პელოტონს სათავეში რეალური უსაფრთხოების მანქანა ჩაუდგა). სწორედ ეს აღმოჩნდა ის გადამწყვეტი მომენტი, რომელმაც რბოლის ბედი „ფერარის“ და ფეტელის სასარგებლოდ შემოაბრუნა. ამ დროს, ჰამილტონს და კიმი რაიკონენს, თავიანთი პიტ სტოპები შესრულებული ჰქონდათ. ფეტელი კი ამას მოგვიანებით აპირებდა.

სწორედ ამ დროს, უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმმა რბოლის ტემპი შეანელა, რამაც გერმანელს პიტ სტოპზე დროის მოგების შანსი მისცა. საქმე ისაა, რომ როცა ჰამილტონმა და რაიკონენმა საბურავები შეცვალეს, იმ დროს ფეტელი სრული სარბოლო ტემპით მოძრაობდა. ბოქსში შესვლა რომ თავად გადაწყვიტა, ამ დროს მისი მეტოქეები უსაფრთხოების რეჟიმში, შენელებულები იყვნენ. სწორედ ეს იყო უპირატესობა, რომელიც ფეტელმა შესანიშნავად გამოიყენა.

ეს ყველაფერი 26-ე წრეზე მოხდა. ფეტელი ტრასაზე ზედ ჰამილტონის ცხვირწინ დაბრუნდა და აქედან მოყოლებული, მისთვის გასწრების შანსი ერთხელაც არ მიუცია. ლიდერის დევნაში, ჰამილტონმა ერთხელ სერიოზული შეცდომა დაუშვა და აქედან მოყოლებული, ლიდერობის დაბრუნებაზე თავი აღარც შეუწუხებია. არადა, თავისი პიტ სტოპის შემდეგ, უსაფრთხოების რეჟიმის ჩართვამდე, ფეტელს წრეზე წამზე მეტს უგებდა.

„რა თქმა უნდა, გამიმართლა, როცა უსაფრთხოების რეჟიმი ამოქმედდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით კმაყოფილი ვარ“, - კვარცხლბეკზე, მისი ყოფილი თანაგუნდელის, ავსტრალიელი მარკ ვებერისთვის მიცემულ სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა ფეტელმა, ვინც ამ მოგებით, ჰამილტონისგან ის ღიმილი „დაიბრუნა“, რომელიც ბრიტანელმა საკვალიფიკაციო რბოლაში გამარჯვებით, მასვე „წაართვა“.

ავსტრალიის დიდი პრიზი

რბოლა (58 წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:29:33.283
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +5.036
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) +6.309
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) +7.069
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) +27.886
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +28.945
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) +32.671
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +34.339
  9. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) +34.921
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) +45.722
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) +46.817
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) +1:00.278
  13. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) +1:15.759
  14. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) +1:18.288
  15. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) +1 წრე

ფინიშს ვერ მიაღწიეს

  1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 34 წრე
  2. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 36 წრე
  3. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 45 წრე
  4. სერგეი სიროტკინი (რუსეტ, უილიამსი) 53 წრე
  5. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 54 წრე

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკიარდო - 1:25.945 (54-ე წრე, 222.128 კმ/სთ)

0.195697