ფეხბურთი

0:27 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი ქაოსის გარეშე

საქართველოს ნაკრებმა ლიტვა ამხანაგურ შეხვედრაში არამეგობრული ანგარიშით დაამარცხა – 4:0. რაც მთავარია, ამჯერად, თამაშიც იყო და შედეგიც! თუმცა, ცალსახაა, რომ აღნიშნულმა გამარჯვებამ ეიფორია არ უნდა გამოიწვიოს და ძალიან კარგია, რომ სწორედ ეს აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა ნამატჩევს.

შესაძლოა, ბევრმა ორ განსხვავებულ ტაიმზეც გააკეთოს აქცენტი, რაც დღევანდელი ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი აქილევსის ქუსლია, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ – მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უბრალოდ გაჩერდა, თორემ სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა. თანაც, სტუმარი ფეხბურთელები საკმაოდ უხეშებნდნენ და ტრავმების რისკიც დიდი იყო.

ბევრი რომ ვისაუბროთ, სასარგებლო სპარინგი იყო. რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ თურმე პირველ ნორმადაც შესაძლებელია თამაში და გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვანი გამოვიდა. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება:

პირველი ტაიმი უბრალოდ ფანტასტიკური გახლდათ. საქართველო მეტოქის ნახევარზე პირველივე წუთებიდან დამკვიდრდა და გააზრებული კომბინაციებით სცდილობდა იერიშების განხორციელას. სამწუხაროდ, მეხუთე წუთზე ჯანო ანანიძემ მუხლი დაიშავა და თამაში ვერ გააგრძელა. მის ნაცვლად კი, გიორგი პაპუნაშვილი ჩაერთო თამაშში. სწორედ “სარაგოსას” შემტევმა დაიწყო და დაასრულა საქართველოს ნაკრების დიდებული კომბინაცია გოლით. მე-15 წუთზე პაპუნაშვილმა მოედნის შუაში მიიღო ბურთი და მერე კომბინაციაში ჩაკვეტაძე-ქვილითაია-ნავალოვსკი მონაწილეობდნენ. ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით გიორგი მოძებნა და მასაც ერთი შეხება დასჭირდა მეტოქის კარის ასაღებად. მოკლედ, ჩინებული გოლი გამოვიდა. რაც მთავარია, გუნდური, ისეთი, თანამედროვე ფეხბურთს რომ მიესადაგება.

ნათლად ჩანდა კლასში სხვაობა და მეორე გოლსაც არ დაუგვიანებია. ოთარ კაკაბაძე შესანიშნავ ფორმაში რომ გახლავთ, ვიცოდით და ბალტიისპირელების მარცხენა ფლანგი აიკლო. სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ გავიდა მეორე გოლი, როდესაც გიორგი ქვილითაიამ თავი შეაგება შესაშურად – 2:0. მალევე, იმავე კაკაბაძის ჩაოწდებას თითქოს ხიფათი არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ქვილითაია მცველთან ჭიდილში საჯარიმოში დაეცა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად უპრობლემოდ აქცია ვაკო ყაზაიშვილმა. პირველი ტაიმი ასე არ დასრულებულა. დებიუტანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაილაღა ბოლოს – “გენტის” თინეიჯერმა შუახაზელმა ვაკო გვილიასგან კარგი პასი მიიღო, დასარტყმელ პოზიციაში იყო, მაგრამ ტექნიკურად ითამაშა, მცველი გააბითურა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ადვილად გაიტანა. მოკლედ, ჩაკვეტაძემ შეასრულა – 4:0. ტაიმი ასე დასრულდა და ვინ იფიქრებდა, რომ მეორე ტაიმში ქართველები უპირატესობს ვერ ან არ გაზრდიდნენ.

თუმცა, ამხანაგური მატჩი იყო და მოდით, ნუ დავძრახავთ – ისე, იყო რამდნენიმე სახიფათო იერიში. მაგალითად, ბაჩანა არაბულის გასროლა, რომელიც მეკარემ მოიგერია. საპასუხოდ კი, გიორგი ლორია მთელი მატჩი მაყურებლის როლში იყო და გამოსვლებს თუ არ ჩავთვლით, თამაშში არც ჩართულა. საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ თამაშებში კარგი სერია გააგრძელა და ახლა მთავარია, ერთა ლიგაზეც მოახერხოს ამ შემართებით ასპრეზობა. თუმცა, იქამდე სხვა სპარინგებიცაა. მათ შორის, პირველი 27 მარტს, ესტონეთთან, რომელთანაც 2015 წელს 0:3 გვაქვს წაგებული...

და ბოლოს – უკვე მერამდენე მატჩია ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ნაკრები ფეხბურთს თამაშობს და ქაოსი თითქოს მივიწყებას მიეცა...

საქართველო – ლიტვა 4:0 (4:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო: ლორია; კაკაბაძე, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69), კაშია (დვალი 61), ანანიძე (პაპუნაშვილი 9), კვირკველია, კანკავა (კვეკვესკირი 61), ყაზაიშვილი (მერებაშვილი 82), ქვილითაია (არაბული 73), გვილია, ნავალოვსკი

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლიტვა: სეტკუსი, კლიმავიჩუსი, სლავიჩკასი, ზულპა (ვორობიოვასი 46), სერნასი (ლაუკზემისი 71), ნოვიკოვასი (ლასიჩკასი 60), გირდვანისი, ვერბიკასი (პაულიუსი 80), ბოროვსკი, ვალსკისი, ჩერნიჩი (რომანოვსკი 80)

მწვრთნელი: ედგარას იანკაუსკასი

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31, პენ), 4:0 ჩაკვეტაძე (40)

გაფრთხილება: კვირკველია (74) - კილმავიჩიუსი (31), ვერბიცკასი (65), ლისიცკასი (74), სლავიცკასი (88)

მსაჯი: ალექსანდ ტეანი (მოლდოვა)

0.112151