ფეხბურთი

6:05 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონა” თითქმის ჩემპიონია

ლა ლიგის 29-ე ტურმა “ბარსელონას” ჩემპიონობა თითქმის გადაწყვიტა. გათამაშების დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე, “ბლაუგრანა” უახლოეს მდევარ “ატლეტიკოს” უკვე 11 ქულით უსწრებს, რომელმაც საკუთარი შეხვედრა გასვლაზე “ვილიარეალთან” წააგო.

“როხიბლანკოსთვის” შეხვედრის ბოლომდე ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. ანტუან გრიზმანმა მე-20 წუთზე პენალტი გამოიმუშავა და თავადვე შეასრულა ზუსტად. მალევე კოკეს მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ბურთი ძელს მოარტყა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე “ვილიარეალმა” სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა “ატლეტიკო” ანგარიშის შენარჩუნება მაინც ახერხებდა. 74-ე წუთზე მოედანზე ახალგაზრდა თურქი ფორვარდი ენეს უნალი გამოჩნდა, რომელიც შეხვედრის გმირი გახდა: მან ჯერ 82-ე წუთზე თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ პირველ დამატებულ წუთზე ბონერას არაზუსტი დარტყმის შემდეგ, კუთხე ჩაკეტა და ახლო მანძილიდან შეაგდო, რითაც “ატლეტიკოს” საჩემპიონო იმედები საბოლოოდ დაასამარა – 2:1.

სამაგიეროდ, დაიძაბა მე-2 ადგილისთვის ბრძოლა: “როხიბლანკო” “რეალს” ოთხი, ხოლო “ვალენსიას” ხუთი ქულით უსწრებს.

ზემოხსენებული შეხვედრის დაწყებამდე, “ბარსელონამ” “ნოუ კამპზე” “ბილბაო” მიიღო და ძალიან მარტივად იმარჯვა. “ბლაუგრანა” პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და ორი გატანილი ბურთის გარდა, კიდევ ძალიან ბევრი მომენტი შექმნა, მარტო ორჯერ ძელს გაარტყეს ბურთი, ყოჩაღობდა კეპა არიზაბალაგაც და თავის მხრივ, მასპინძლებმა რამდენჯერმე ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილეს. ანგარიში მე-8 წუთზე პაკო ალკასერმა გახსნა, რომელიც დისკვალიფიცირებული ლუის სუარესის ნაცვლად თამაშობდა. “ვალენსიას” ყოფილმა ფორვარდმა ლიონელ მესის გადაცემა გამოიყენა და დარტყმა უნაკლოდ შეასრულა, 30-ე წუთზე კი საჯარიმოს მისადგომებიდან თავად არგენტინელმა შეაგდო. მეორე ნახევარში ერნესტო ვალვერდეს გუნდს თავი დიდად აღარ მოუკლავს და ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:0. “ბარსელონა” ლა ლიგაში 36 მატჩია დაუმარცხებელია.

ძალიან მხიარული და კარგი სანახავი შეხვედრა გაიმართა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც “რეალი” “ხირონას” დაუხვდა. სტუმრებმა საკუთარ სტილს არ უღალატეს, მეტოქეს თამაში გაუხსნეს და შედეგად შეკრებილმა პუბლიკამ 9 გატანილი გოლი იხილა. ტაიმი ფრედ დასრულდა: კრიშტიანო რონალდუმ მე-11 წუთზე დაახლოებით 10 მეტრიდან შორეულ კუთხეში გაუტანა ბონოს, ხოლო 29-ე წუთზე სტუმართა მიერ მოწოდებული კუთხური კრისტიან სტუანის ზუსტი თავურით დასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ქარიმ ბენზემამ რონალდუ მეკარესთან პირისპირ დატოვა და პორტუგალიელმა დუბლი გაიფორმა, 59-ე წუთზე ლუკას ვაზკესს გაუკეთა საგოლე გადაცემა, ხოლო 64-ე წუთზე დამატებაზე იყოჩაღა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. სამ წუთში სტუანიმ კიდევ ერთი თავური გაიტანა და ანგარიში შეამცირა, 86-ე წუთზე კი გარეთ ბეილმა სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა, ხოლო ორ წუთში სტუმრებმა მესამე გოლი გაიტანეს და კვლავ კუთხურიდან: ამჯერად ხუანპემ იყოჩაღა. შეხვედრაში უკანასკნელი სიტყვა კი კრიშტიანო რონალდუმ თქვა, რომელმაც 91-ე წუთზე ტონი კროოსის გადაცემა შეირგო და პოკერი გაიფორმა – 6:3. პორტუგალიელ შემტევს უკანაკნელ 6 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესის სამი გოლითღა ჩამორჩება.

“სევილია” გასვლაზე “ლეგანესთან” დამარცხდა და ოთხეულში მოხვედრაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია, ხოლო “სელტას” და უიმედო “აუტსაიდერის “მალაგას” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ვილიარეალი – ატლეტიკო 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 გრიზმანი (20 პენ.), 1:1, 2:1 უნალი (82; 91)
გაძევება: ვიტოლო (93 ა.)

ბარსელონა – ბილბაო 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ალკასერი (8), 2:0 მესი (30)

რეალი – ხირონა 6:3 (1:1)

გოლები: 1:0, 2:1, 4:1, 6:3 რონალდუ (11; 47; 64; 91), 1:1, 4:2 სტუანი (29; 67), 3:1 ლ.ვაზკესი (59), 5:2 ბეილი (86), 5:3 ხუანპე (88)

სელტა – მალაგა 0:0

ლეგანესი – სევილია 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბუსტინზა (41), 2:0 ერასო (69), 2:1 ლეიუნი (90)
გაძევება: სარაბია (84 ს.)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.214972