ფეხბურთი

3:51 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: სენსაცია “პარკ ოლიმპიკ ლიონზე”

დასრულდა ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი და ცნობილი გახდა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას 1/4 ფინალში განაგრძობენ.

დავიწყოთ გამორჩეული წყვილით. პირველ მატჩში “არსენალს” 2:0 ჰქონდა მოგებული “სან სიროზე” და საშინაო შეხვედრას წყნარად შეხვდა, თუმცა “მილანმა” იბრძოლა და მცირე ხნით მაინც მოახერხა ლონდონელთა ანერვიულება. შესაძლოა, კიდევ მეტი მოეხერხებინა, რომ არა მსაჯის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ მისთვის დამახასიათებელ სტილში მოახერხა და 35-ე წუთზე შესანიშნავი შორეული გასროლით “როსონერი” დააწინაურა. ლომბარდიულ გრანდს შეხვედრის დამატებით დროში გადასაყვანად ერთი გოლის გატანა სჭირდებოდა, რაც ნამდვილად რეალური გახლდათ. მაგრამ, იტალიელთა ოცნება სამიოდე წუთში იონას ერიკსონმა დაამსხვრია: დენი უელბეკი მეტოქის საჯარიმოში ისე წაიქცა, რომ რიკარდო როდრიგესი საერთოდ არ შეხებია, მაგრამ ინგლისელმა ფორვარდმა ეპიზოდი კარგად გააფორმა, რასაც შვედი მსაჯი წამოეგო და ჯანლუიჯი დონარუმას კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც თავად “დაზარალებულმა” აქცია გოლად.

ამ გოლმა ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვიტა. მეორე ტაიმში კი “მეთოფეებმა” უკეთესად ითამაშეს და “მილანი” მეორე მატჩშიც დაამარცხეს: 71-ე წუთზე გრანიტ ჯაკამ შორიდან გაისროლა, რასაც დონარუმას უხეში შეცდომა მოჰყვა და ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა, 86-ე წუთზე კი დენი უელბეკმა დამატებაზე იყოჩაღა, ახლოდან თავურით შეაგდო და დუბლი გაიფორმა – 3:1.

დღის სენსაცია კი “პარკ ოლიმპიკ ლიონზე” დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივი “ლიონი” საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკასთან დამარცხდა და სტუმარად გატანილი მეტი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე რუსული კლუბი გავიდა. ფრანგებს მოსკოვში 1:0 ჰქონდათ მოგებული და თითქოს 1/4 ფინალში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ არმიელებმა პატარა სიურპრიზი შემოგვთავაზეს და მასპინძლები ხახამშრალი დატოვეს.

რუსებმა ტაიმი გოლოვინის ულამაზესი გოლით მოიგეს, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავად მოჭრა ბურთი და ენტონი ლოპესს შორეულ კუთხეში აუღებელი გაუტანა. ფრანგებმა წონასწორობა 58-ე წუთზე აღადგინეს, გოლი კორნემ გაიტანა, რომელსაც გადაცემა ფერმა გაუკეთა და ამ მომენტში ბურთი თითქოს გადასული იყო, მაგრამ გოლი ჩაითვალა. მოსკოველებს ამაზე არ უნაღვლიათ და ორიოდე წუთში აჰმედ მუსამ ახლო მანძილიდან ცსკა მეორედ დააწინაურა, ხოლო ხუთ წუთში მცველების უყურადღებობით ვერნბლუმმა ისარგებლა და ჭკვიანური დარტყმით ლოპეში მესამედ დაამწუხრა. მასპინძლებმა უმალ შეუტიეს და მარიანო დიასმა ერთი ბურთი მალევე გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება ფრანგებმა ვეღარ შეძლეს და მოულოდნელად, ტურნირს დაემშვიდობნენ – 2:3.

“ბილბაო” “სან მამესზე” “მარსელს” დაუხვდა და მეორე მატჩიც დათმო. ფრანგული კლუბი ამჯერადაც უკეთესი გახლდათ და შემდეგ ეტაპზე ძალიან მარტივად გავიდა. დიმიტრი პაიემ პირველ ტაიმში პენალტი შეასრულა ზუსტად, მეორე ნახევრის დასაწყისში ოკამპოსმა იყოჩაღა, ხოლო ინიაკი უილიამსმა პრესტიჟის ბურთი შეაგდო – 1:2.

სამაგიეროდ, იყოჩაღა მეორე ესპანურმა კლუბმა “ატლეტიკომ”, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი 3:0 ჰქონდა მოგებული, მაინც საშინელ დღეში ჩააგდო “ლოკომოტივი”. ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, ანხელ კორეას გოლს, რიბუსმა შორეული გასროლით უპასუხა. აი მეორე ნახევარში კი, მოსკოვურმა კლუბმა კოშმარი გამოიარა: “როხიბლანკომ” მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა და საკუთარი პუბლიკის წინაშე შეარცხვინა. დუბლით გამოირჩა ფერნანდო ტორესი, ხოლო თითო გოლი საულის და შეცვლაზე შემოსული ანტუან გრიზმანის ანგარიშზეა – 1:5. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ და ეს მატჩი მისთვის წარმატებული რომ არ ყოფილა, ეს ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს.

დრამატული შეხვედრა შედგა “დუსან არენაზე”, სადაც “პლზენმა” ლისაბონის “სპორტინგს” უმასპინძლა, ბაკოშის დუბლით პორტუგალიურ კლუბს ორბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ჟორჟე ჟეზუსის შეგირდებმა 92-ე წუთზე შემდეგ ეტაპზე გასვლის 100%-იანი შანსი მიიღეს, მაგრამ ბას დოსტმა პენალტი ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელებმა პირველი დამატებული დროის კომპენსირებულ წუთებში გაიტანეს და 1/4 ფინალს გაჭირვებით უწიეს – 2:1.

“ლაციომ” ლუკას ლეივას და სტეფან დე ვრეის გოლებით კიევში “დინამოს” აჯობა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, “ლაიფციგმა” საკუთარ მოედანზე მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა, გასვლაზე “ზენიტს” დაუზავდა და მომდევნო რაუნდში ითამაშებს, ხოლო “ზალცბურგის” და “დორტმუნდის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და შესაბამისად, 1/4 ფინალში ავსტრიული კლუბი ითამაშებს.

ლოკომოტივი – ატლეტიკო 1:5 (1:1) ორი მატჩის ჯამი: 1:8

გოლები: 0:1 ა.კორეა (16), 1:1 რიბუსი (20), 1:2 საული (47), 1:3, 1:4 ფ.ტორესი (65 პენ; 80), 1:5 გრიზმანი (85)

ბილბაო – მარსელი 1:2 (0:1) ორი მატჩის ჯამი: 2:5

გოლები: 0:1 პაიე (38 პენ.), 0:2 ოკამპოსი (52), 1:2 უილიამსი (74)
გაძევება: ადურისი (76 ბ.)

დინამო – ლაციო 0:2 (0:1) ორი მატჩის ჯამი: 2:4

გოლები: 0:1 ლეივა (23), 0:2 დე ვრეი (83)

ზენიტი – ლაიფციგი 1:1 (1:1) ორი მატჩის ჯამი: 2:3

გოლები: 0:1 ოგუსტინი (22), 1:1 დრიუსი (45)

ვერნერმა (ლ) 82-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა

პლზენი – სპორტინგი 2:1 დ.დ. 2:0 (1:0) ორი მატჩის ჯამი: 2:3

გოლები: 1:0, 2:0 ბაკოში (6; 64), 2:1 ბატალია (105+2)

92-ე წუთზე დოსტმა (ს) პენალტი ვერ გაიტანა

არსენალი – მილანი 3:1 (1:1) ორი მატჩის ჯამი: 5:1

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (35), 1:1, 3:1 უელბეკი (39 პენ; 86), 2:1 ჯაკა (71)

ლიონი – ცსკა 2:3 (0:1) ორი მატჩის ჯამი: 3:3

გოლები: 0:1 გოლოვინი (39), 1:1 კორნე (58), 1:2 მუსა (60), 1:3 ვერნბლუმი (65), 2:3 მ.დიასი (71)

ზალცბურგი – დორტმუნდი 0:0 ორი მატჩის ჯამი: 2:1

სტატისტიკა
0.338993