ფეხბურთი

3:14 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე გაიშიფრა, "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა (+VIDEO)

ჟოზე მოურინიოს მეთოდები როგორც ჩანს გაიცვითა. თამაშზე შემდეგ გადავალთ, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” შესვენების შემდეგ, ანუ, ორმატჩიან დუელში 135 წუთის გასვლის შემდეგ, “მანჩესტერს” “სევილიას” კარში ორჯერ ჰქონდა დარტყმული, ხოლო ესპანელებს – ცხრაჯერ.

ჯერ “სანჩეს პისხუანზე”, ახლა უკვე “ოცნების თეატრში”, “იუნაიტედი” მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ როგორმე გოლი არ გაეშვა და დავიდ დე ხეას დიდი იმედიც ჰქონდა. თუმცა, ჟოზემ რაღაც ვერ გათვალა და ჩემპიონთა ლიგას ხელი დაუქნია. სიმართლე რომ ვთქვათ, ინგლისურ გუნდს არც დაუმსახურებია მეოთხედფინალში თამაში და “სევილია” დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

არადა, ყველაფერი ისევ უგოლო, ჟოზეს დაგეგმილი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ ვინჩენცო მონტელამ ვისამ ბენ იედერის სახით მოედანზე ნამდვილი ჯოკერი შეუშვა. ფრანგმა 6 წუთში დუბლი გაიფორმა. ჯერ ერიკ ბაილის დაკარგული პოზიციით ისარგებლა და მერე ხე ხეამ ვერ შეიმაგრა ბურთი ხელებში. მართალია, რომელუ ლუკაკუმ მალევე ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ რაღა დროს იყო?! სხვათა შორის, ბენ იედერი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” შეცვლაზე შევიდა და “მანჩესტერს” ორი გოლი გაუტანა.

მსაჯის საფინალო სასტვენმა კი, კანონზომიერებას გაუსვა ხაზი – “სევილია” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. ეს 1991 წლის შემდგომ ტურნირზეა საუბარი, თორემ ისე, მეორედ 1958 წლის შემდეგ. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი, ჯერ ისევ არაა მზად მწვერვალების დასაპყრობლად. ყოველშემთხვევაში, “განსაკუთრებულმა” ხედვა და ტაქტიკა აშკარად უნდა შეცვალოს, თორემ ნათლად გამოჩნდა, რომ “მანჩესტერი” ასე შორს ვერ გაფრინდა.

“მანჩესტერი” – “სევილია” 1:2 (0:0) VIDEO ორი მატჩის ჯამში: 1:2

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მაყურებელი: 74 909

“მანჩესტერი” (4-2-3-1): დე ხეა; ვალენსია (მატა 77), სმოლინგი, ბაილი, იანგი; ფელაინი (პოგბა 60), მატიჩი; ლინგარდი (მარსიალი 77), სანჩესი, რაშფორდი; ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; მერკადო, კიაერი, ლენგლე, ესკუდერო; ნ’ზონზი, ბანეგა; სარაბია, ვასკესი (პიზარო 88), კორეა (გაისი 89); მურიელი (ბენ იედერი 72)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 ბენ იედერი (74), 0:2 ბენ იედერი (78), 1:2 ლუკაკუ (84)

გაფრთხილება: რაშფორდი (90) – ბანეგა (5), ბენ იედერი (78), კორეა (88), სარაბია (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 16 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

Loading...
სტატისტიკა
0.22853