ფეხბურთი

16:15 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური დერბი "დინამომ" მოიგო

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში თბილისის “დინამომ” პირველი გამარჯვება მოიპოვა. კახა კაჭარავას გუნდმა საწყის ტურში შინ “რუსთავთან” იწვნია მარცხი და საქმე სარეაბილიტაციოდ ჰქონდა. თავის მხრივ, იგივე ითქმის “ლოკომოტივზეც”, რომელიც პირველ ტურში “სამტრედიასთან” დარჩა უქულოდ.

შესაბამისად, თბილისური დერბი საინტერესო სანახავი გამოვიდა და თანაც უხვგოლიანი. თავიდან მასპინძლები უფრო კარგად თამაშობდნენ და ამან შედეგი მალევე გამოიღო. 21-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ საჯარიმოს მისადგომებოდან გაისროლა და “დინამოს” კარის დარაჯმა ნახტომიც დააგვიანა. “ლოკო” წინ გავიდა. აი, შემდეგ კი, კაჭარავას გუნდმა ხელთ იგდო სათამაშო უპირატესობა, რამაც შედეგი ტაიმის ბოლოს გამოიღო. ჯერ აკაკი შულაიამ იაქტიურა მარჯვენა ფლანგზე და ოთარ კიტეიშვილს უპასა, რომელმაც გაათანაბრა. ზუსტად 4 წუთში კი, უკვე კიტეიშვილი მოგვევლინა ასისტენტის როლში, გოლი კი, გიორგი ივანიშვილმა გაიტანა, თანაც ძალიან ლამაზი. ბურთი კარგად მოჭრა და მეკარეისგან შორეულ მარცხენა მაღალ კუთხეში შეაგდო.

მეორე ტაიმში ბევრად არაფერი შეცვლილა. “დინამო” უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა და უპირატესობა არათუ შეინარჩუნა, არამედ გაამყარა და გაზარდა კიდეც. ტაიმის დასაწყისში თბილისელთა სწრაფი კონტრშეტევა ბუდუ ზივზივაძის საგოლე პასითა და აკაკი შულაიას გოლით დასრულდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით აჯობა რევაზ თევდორაძეს. წერტილი ისევ კიტეშვილმა დასვა. კუციამ მეტოქის უხეირო პასი ჩაჭრა და “დინამოს” კაპიტანმა ჩინებულად შეასრულა საჯარიმოს მისადგო,ებიდ ტექნიკურად დაბალ კუთხეში დაუმიზნა – 1:4.

მოკლედ, “დინამომ” სეზონში პირველად მოიგო, ხოლო “ლოკომოტივის” მდგომარეობა გაცილებიტ ცუდადაა. “რკინიგზელებს” ორ ტურში ჯერ ქულაც არ მოუპოვებიათ და დროულად გამოფხიზლება მართებთ.

“ლოკომოტივი” – “დინამო” 1:4 (1:2)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“ლოკომოტივი” (4-2-3-1): თევდორაძე; გაბაძე, ჭანტურია, ქურდაძე, უბილავა (კობახიძე 77); გვალია (კომახიძე 63), შონია; დავითაშვილი, სამურკასოვი, გავაშელიშვილი; არველაძე (ჯიქია 71)

მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

“დინამო” (4-2-3-1): ბულისკერია; რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე; ივანისენია (კუცია 30), ქარდავა; შულაია, კიტეიშვილი (ნინუა 86), ივანიშვილი; ზივზივაძე (ერგემლიძე 77)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 1:0 შონია (21), 1:1 კიტეიშვილი (40), 1:2 ივანიშვილი (44), 1:3 შულაია (54), 1:4 კიტეიშვილი (83)

გაფრთხილება: რუხაია (28)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

0.112445