ფეხბურთი

10:31 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სანდოხაძე: "ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ბევრი უნდა ვიშრომო"
"უკრაინის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონისაა"

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი ნიკა სანდოხაძე იყო. 24 წლის ფეხბურთელი 2016 წელს “სამტრედიას” რიგებში საქართველოს ჩემპიონიც გახდა, ხოლო შემდეგ სუპერთასიც მოიგო.

ნიკა ჯერ კიდევ 2013 წელს გაიცნო ქართველმა გულშემატკივარმა, როდესაც ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა. საბოლოოდ, სანდოხაძეც ლეგიონერი გახდა და იანვარში უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ “კარპატში” ჩაირიცხა.

ჩვენებური ახალ გუნდს ნელ-ნელა უშინაურდება და ბოლო ორი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ჯერ, ოდესაში, “ჩერნომორეცს” დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ დონეცკის “შახტართან” ითამაშა 90 წუთი.

“კარპატის” ვებგვერდმა სანდოხაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც სხვა და სხვა საკითხებზ საუბრობს, მათ შორის, უკრაინულ შთაბეჭდილებებზეც.

- ნიკა, თქვენ უკვე ითამაშეთ ორი მატჩი ჩვენს ჩემპიონატში. რას იტყვით?

- ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ჩემპიონატია. უკრაინას გაცილებით ძლიერი გუნდები ჰყავს, ვიდრე საქართველოს. ავიღოთ მაგალითად “შახტარი”, “დინამო” და “ზორია”. ეს გუნდები ძლიერი კონკურენტები არიან და მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავთ. აქ ძალიან მაღალი დონეა.

- გუნდს ზამთარში შეუერთდით. ადაპტაციისთვის დრო საკმარისი იყო და ახალ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობთ?

- ადაპტაციის პერიოდი ძალიან კარგად მიმდინარეობს. აქ ყველანაირი პირობები მაქვს, ოჯახიც ჩემთან ერთადაა ლვოვში. მხოლოდ ფეხბურთის შესახებ ვფიქრობ და ბედნიერი ვარ.

- აქამდე მხოლოდ სამშობლოში გითამაშიათ. “კარპატი” ახალი გამოწვევა?

- დიახ, უკრაინაში მაღალი დონეა და დიდ განსხვავებას ვხედავ. ეს ჩემთვის უკეთესია. უფრო საინტერესოა, როდესაც დიდი კონკურენციაა, ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და ბევრი უნდა ვიმუშაო.

- ლვოვი ძალიან ცივი ქალაქია. როგორია თქვენთვის ასეთი ამინდი?

- საქართველოში ყველაზე მეტად შესაძლოა მაშინ ციოდეს, როდესაც ტემპერატურა -4 გრადუსია. ჩემთვის ადვილი არაა აქაურ ტემპერატურასთან შეგუება, მაგრამ ეს არაა დიდი პრობლემა, ყველაფერი კარგადაა.

- თქვენი სიმაღლე 197-სმია და “კარპატში” ყველაზე მაღალი ხართ. ადრე დაიწერა, რომ 16 წლის ასაკში უკვე 193 სმ იყავით. მართალია?

- დიახ, სრული სიმართლეა. მაგრამ მე ფეხბურთი ავირჩიე და არა კალათბურთი. ფეხბურთი უფრო მიყვარს და არასდროს მიფიქრია საკალათბურთო კარიერაზე.

- ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიგო. ალბათ, ის ყველაზე პოპულარული სპორტსმენია საქართველოში...

- დიახ, ის ჩვენი ვარსკვლავია. კალათბურთი მომწონს, მაგრამ ფეხბურთი განსაკუთრებით მიყვარს. ჩემს ოჯახში პროფესიონალი სპორტსმენი არავინ ყოფილა, მაგრამ ტელევიზორით ფეხბურთს ყოველთვის ვუყურებდი.

- ამბობენ, რომ კარიერა თავდამსხმელის პოზიციაზე დაიწყეთ...

- როდესაც 12 წლის ვიყავი ნახევარდაცვის ცენტრში და თავდასხმაში ვთამაშობდი. თუმცა, ორი წლის შემდეგ დაცვაში თამაში დავიწყე.

- შეტევაში თამაში გეხერხებათ. შარშან “სამტრედიაში” 4 გოლი გაიტანეთ...

- მომწონს ნამდვილად თავდასხმაში ჩართვა, მაგრამ ყველაფრის გაკეთება არ შემიძლია. კარგია, როდესაც შანსი მეძლევა და გამიხარდება თუ “კარპატსაც” დავეხმარები გოლებით.

- თქვენი პირველი მწვრთნელი ცნობილი ქართველი მცველი ზორბეგ ებრალიძე იყო, რომელმაც 70-იან წლებში თბილისის “დინამოს” მაისურით “კარპატს” გაუტანა. როგორი სპეციალისტია?

- ებრალიძე ძალიან კარგი მწვრთნელი და დიდი ადამიანია. ის “დინამოს” ლეგენდაა და პატივს სცემენ საქართველოში. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვაქვს ურთიერთობა და არც კი ვიცი, რატომ მოხდა ასე.

- 2013 წელს ითამაშეთ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე და ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი საფრანგეთთან იყო, რომლის რიგებშიც მენდი, ლაპორტი, რაბიო და მარსიალი თამაშობდნენ...

- ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტია. ჩვენმა ნაკრებმა პოზიტიური შედეგები აჩვენა. გვქონდა შესაძლებლობა გვეთამაშა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდების წინააღმდეგ. საფრანგეთი კი, კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. ადრიენ რაბიო კარგი ფეხბურთელია, მარსიალიც. ლაპორტე და მენდი კი, ახლა “მანჩესტერ სიტიში” თამაშობენ.

- ახლა ჩვენ ინგლისურად ვსაუბრობთ. რუსულად ცუდად ლაპარაკობთ?

- რუსული მესმის, მაგრამ აზრებს ინგლისურად უკეთესაც გადმოვცემ. სკოლაში ვსწავლობდი და კარგად ვიცი.

- უკრაინული და ქართული სამზრეულო მსოფლიოში სახელგანთქმულია. რომელი გირჩევნიათ?

- “ბორში” ძალიან გემრიელია. რაც შეეხება ქართულ სამზრეულოს, ყველაზე მეტად “ხინკალი” მიყვარს.

- უკრაინის ჩემპიონატში ათამდე ქართველი ლეგიონერია: ხოჭოლავა, კობახიძე, გიორგაძე, ნადირაძე, ლოჩოშვილი, მახარაშვილი...

- ასევე, არაბიძე, რომელსაც პირადად ვიცნობ. ჩვენ ერთად თბილისის “ლოკომოტივში” ვთამაშობდით. ასევე კარგად ვიცნობ დავით ხოჭოლავას, რომელთან ერთად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და “დინამოს” დუბლებში ვთამაშობდი. მას ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან დაცვის ცენტრში ერთად ვიყავით.

- ალბათ, იმედგაცრუებული იყავით, რადგან ხოჭოლავა ლვოვში ვერ ჩამოვიდა, დისკვალიფიკაციის გამო...

- დიახ, ძალიან ვწუხვარ. ბედნიერი ვიქნებოდი მის წინააღმდეგ თამაშით.

- ლვოვის ქუჩებში გულშემატკივრებს შეხვედრილხართ?

- ჯერჯერობით, ქუჩში არ შემხვედრია ქომაგები. მაგრამ, თამაშების შემდეგ სტადიონთან ახლოს მათთან მისაუბრია. კმაყოფილი ვარ, რომ გუნდს ასეთი მხარდაჭერა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150755