ფეხბურთი

3:37 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონამ” სიმშვიდე დაიბრუნა

რამდენიმე ტურის წინ “ბარსელონას” ჩემპიონობას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ კატალონიურმა გრანდმა ბოლო ხუთი მატჩიდან სამი ფრე ითამაშა, რითაც “ატლეტიკომ” ისარგებლა და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.

27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ნოუ კამპზე” სწორედ ეს კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სასწორზე ბევრი რამ იდო: იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” მოიგებდა, კვლავ ყველაფერი ჩაწყნარდებოდა და რამდენიმე ტურის წინ არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა, ფრის შემთხვევაში ერნესტო ვალვერდეს გუნდი ისევ იგრძნობდა “როხიბლანკოს” სუნთქვას, ხოლო მადრიდელებს რომ მოეგოთ, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბებოდა. მოხდა პირველი: “ბლაუგრანამ” მინიმალური სხვაობით იმარჯვა და შესაბამისად, 8-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა.

უნდა ითქვას, რომ “ბარსელონამ” მეტოქეს აშკარად აჯობა და 3 ქულა სრულიად დამსახურებულად აიღო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ საგოლე მომენტები თითქმის არ ყოფილა. სამაგიეროდ, ნახევარმომენტები ჰქონდა ბლომად “ბლაუგრანას”, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით “ატლეტიკოზე”, რომელსაც ძალიან უჭირდა შეტევების ორგანიზება. მთელი მატჩი ჩრდილში იყო ბოლო ორ მატჩში შვიდი გოლის გამტანი ანტუან გრიზმანი და რაიმე ხეირიანის გაკეთება ვერც სხვა შემტევებმა შეძლეს. ერთადერთი გოლი კი 26-ე წუთზე გავიდა: ლიონელ მესიმ შესანიშნავი საჯარიმო შეასრულა და ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა ჯარიმიდან, რაც მის მდიდარ კარიერაში პირველად მოხდა.

მეორე ნახევარში მომენტები ფაქტობრივად არ ყოფილა. ყველაზე კარგი ეპიზოდი ალბათ სერხიო ბუსკეტსს შეექმნა, რომელსაც ახლო მანძილიდან იან ობლაკმა აჯობა. ისე კი, მეორე ტაიმში გოლები ორივე გუნდმა გაიტანა, მაგრამ 77-ე წუთზე ლუის სუარესის გოლი არ ჩაითვალა, ხოლო 86-ე წუთზე – კევინ გამეიროსი. მსაჯებმა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს და აბსოლუტურად სწორნი იყვნენ – 1:0.

“ბლაუგრანასთვის” ცუდი ის მოხდა, რომ პირველ ტაიმში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია ანდრეს ინიესტას, რომელიც წინასწარი ინფორმაციით დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს.

“ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ბეტისი” დაამარცხა და მე-5 ადგილოსან “სევილიასთან” არსებული 8-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა, ხოლო “რეალს” ისევ ქულით ჩამორჩება. “ღამურებმა” ძალიან კარგი თამაში აჩვენეს და დაახლოებით ისეთ სტილში იმარჯვეს, როგორც ჩემპიონატის სტარტზე თამაშობდნენ. “ლოს ჩემ” ტაიმი როდრიგო მორენოს გოლით მოიგო, რომელმაც გონსალო გუედეშის მშვენიერი გადაცემა შეირგო, შემდეგ ერთი მეტოქე ჩამოიშორა და ანტონიო ადანს შანსი არ დაუტოვა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე კი ჟოფრი კონდოგბიას ბრწყინვალე პასი, ტრავმირებული სანტი მინას ნაცვლად შემოსულმა სიმონე ძაძამ გამოიყენა და 9 დეკემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ გამოყენება ვეღარ შეძლეს. თავის მხრივ, საგოლე “ბეტისსაც” შეექმნა, თუმცა ნეტო მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა – 2:0.

ბასკური დერბი შედგა “ანოეტაზე”, სადაც ადგილობრივი “სოსიედადი” “ალავესს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: მე-11 წუთისთვის მასპინძლები ორბურთიანი ჰანდიკაპით იგებდნენ, ტაიმის ბოლოს სხვაობა ალფონსომ შეამცირა, მაგრამ მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა – 2:1.

“ლევანტემ” “სიუდად დე ვალენსიაზე” “ესპანიოლი” მიიღო და 90-ე წუთის ჩათვლით ხოსე ლუის მორალესის პენალტით იგებდა კიდეც, მაგრამ მსაჯის მიერ პირველ დამატებულ წუთზე რობერის და ლუნას ძალიან უხეში პოზიციური შეცდომით ლეო ბაპტიშტაომ ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო. ვალენსიურმა კლუბმა ზედიზედ მე-15 მატჩი ვერ მოიგო ლა ლიგაში, რაც მათი ანტირეკორდია.

ცხრილის ქვედა ნაწილში მდგომარეობა ძალიან დაძაბულია. აშკარაა, რომ ლა ლიგა 2-ში “ლევანტე”, “ლას პალმასი”, “დეპორტივო”, “მალაგა” – ამ კლუბიდან სამნი გავარდებიან. ყველაზე ცუდად საქმე “მალაგას” აქვს, რომლის აქტივშიც მხოლოდ 13 ქულაა. დანარჩენების შანსი კი დაახლოებით თანაბარია: “დეპორტივოს” 19 ქულა აქვს, “ლას პალმასს” 20, თუმცა მათ ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ და შანსი აქვთ, რომ “სელტასთან” გასვლაზე მორიგი ქულები დაიმატონ, 21 ქულა აქვს “ლევანტეს”. აი მის წინ მყოფმა “ალავესმა”, რომელმაც სეზონი საშინლად დაიწყო, უკვე 31 ქულას მოუყარა თავი და ფაქტობრივად აღარაფერი ემუქრება.

ლევანტე – ესპანიოლი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 მორალესი (55 პენ.), 1:1 ბაპტიშტაო (91)

ბარსელონა – ატლეტიკო 1:0 (1:0)

გოლი: მესი (26)

სოსიედადი – ალავესი 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 ე.მორენო (6), 2:0 ილარამენდი (11), 2:1 ალფონსო (39)

ვალენსია – ბეტისი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 როდრიგო (23), 2:0 ძაძა (47)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111108