ფეხბურთი

4:15 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: გრიზმანმა აიწყვიტა

ანტუან გრიზმანს გასულ შაბათამდე ლა ლიგაში მხოლოდ 8 გოლი ჰქონდა გატანილი. ოთხი დღის განმავლობაში ჩატარებულ ორ შეხვედრაში კი 7 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში სამ მოთამაშესღა ჩამორჩება: იაგო ასპასს (16 გოლი), ლუის სუარესს (20) და ლიონელ მესის (22).

“ატლეტიკო” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “ლეგანესს” დაუხვდა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა – ოთხივე გრიზმანის ანგარიშზეა. ფრანგმა შემტევმა მეტოქე თითო ტაიმში ორ-ორჯერ დაამწუხრა.

მართალია მასპინძლებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს, თუმცა შეხვედრის დასაწყისში საკმაოდ გაუჭირდათ და “ლეგანესს” ორი 100%-იანი საგოლე შანსი ჰქონდა: მე-8 წუთზე მიგელ გერერომ დაახლოებით ხუთი მეტრიდან ააცილა, ხოლო 22-ე წუთზე გუმბაუს გასროლის შემდეგ ბურთი ობლაკის კარის ხარიხამ მოიგერია. ამ მომენტებს შორის გოლის გატანა ანტუან გრიზმანსაც შეეძლო, რომელმაც ჯარიმიდან ძელს გაარტყა. სამაგიეროდ, ანტუანმა მომდევნო შანსი გამოიყენა და 26-ე წუთზე ანგარიში გახსნა: კოკემ შესანიშნავი გადაცემით ფრანგი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მასაც გატანა არ გასჭირვებია. 35-ე წუთზე გრიზმანმა მორიგი ჯარიმა შეასრულა და ამჯერად მისი დარტყმა უნაკლო აღმოჩნდა, ტაიმი 2:0 დასრულდა.

გრიზმანმა მეტოქის რბევა 56-ე წუთზე განაგრძო, როდესაც ფელიპე ლუისის ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით კუელარი მესამედ დაამწუხრა, ხოლო 67-ე წუთზე დიეგო კოშტას გადაცემა გამოიყენა და ახლო მანძილიდან პოკერი გაიფორმა – 4:0.

“ატლეტიკოს” 61 ქულა აქვს და “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება, რომელიც დღეს გასვლაზე აუტსაიდერ “ლას პალმასს” დაუპირისპირდება. “როხიბლანკო” 10 ქულით უსწრებს მე-3 ადგილოსან “რეალს”, რომელიც გუშინ “ესპანიოლთან” დამარცხდა და “ვალენსიას” სტუმრად “ბილბაოსთან” რომ მოეგო, კვლავ მე-4 პოზიციაზე მოუწევდა გადანაცვლება, თუმცა “ღამურებმა” “სან მამესზე” მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლეს.

საკმაოდ უცნაური და უადგილო როტაციები განახორციელა მარსელინიო ტორალმა. ასეთივე რაღაც გააკეთა მან “ლას პალმასთან” მატჩში, როდესაც რამდენიმე ლიდერი დაასვენა და შედეგად, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან დამარცხდა და “ატლეტიკოზე” დაწევის შანსი გაუშვა. “ღამურებს” ამჯერად “რეალისთვის” გადასწრება შეეძლოთ და ტორალმა კვლავ უცნაური ექსპერიმენტები განახორციელა: სათადარიგოთა სკამზე გაამწესა წინა მატჩში დუბლის ავტორი სანტი მინა, შეტევის ლიდერი გონსალო გუედეში, როდრიგო მორენო და კარლოს სოლერი. მარცხენა ფლანგზე თამაშობდა ფრანცის კოკლენი, რომელიც ამპლუით ჩამშლელი ნახევარმცველია, ხოლო მარჯვენა ფლანზე ფერან ტორესი ირჯებოდა, რომელსაც 18 წელი გუშინ შეუსრულდა და 2000 წელს დაბადებული პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ლა ლიგის მატჩის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.

“ღამურებმა” ტაიმი ჟოფრი კონდოგბიას შორეული გასროლით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ოსკარ დე მარკოსისგან გაუშვეს და შემდგომ, შეტევის გაძლიერების მიუხედავად, მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს. გარდა ამისა, “ბილბაომ” პირველი ტაიმის მიწურულს პენალტი ვერ გაიტანა: არიც ადურისს ნეტომ აჯობა – 1:1.

ლა ლიგის ერთი აღმოჩენა ნამდვილად “ხირონაა”, რომელიც მე-8 პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ შეუმჩნეველი არ უნდა დავტოვოთ არც “ხეტაფეს” თამაში. კასტილიური კლუბი მშვენივრად გამოიყურება, “ხირონაზე” ერთი პოზიციით და ერთი ქულით დაბლაა და ევროტურნირების ზონას მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

კასტილიელებს უკანასკნელ რვა მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვთ და “ვილიარეალთან” განცდილ მინიმალურ მარცხშიც ძალიან არ გაუმართლათ, რადგან ორი პენალტის გატანა ვერ შეძლეს. განსაკუთრებით საქებარია პეპე ბორდალასის გუნდის დაცვა. “ხეტაფეს” მხოლოდ 22 ბურთი აქვს გაშვებული და ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ კლუბს აქვს: ”ბარსელონას” (12) და “ატლეტიკოს” (11). მათ უკანასკნელი რვა მატჩიდან ხუთ შემთხვევაში კარი მშრალად შეინახეს (მათ შორის “ბარსელონასთან” საგარეო მატჩში) და მხოლოდ ოთხი ბურთი გაუშვეს.

“ხეტაფე” “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” ერთ-ერთ აუტსაიდერ “დეპორტივოს” დაუხვდა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებმა გალისიური მეტოქე ტაიმის ბოლოს გატეხეს: ანგარიში მე-40 წუთზე ანხელმა გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე ბოვედამ ავტოგოლი გაიტანა. საბოლოო შედეგი 82-ე წუთზე ვეტერანმა ხორხე მოლინამ დააფიქსირა – 3:0.

“ვილიარეალი” გასვლაზე “ეიბარს” დაუპირისპირდა, კიკეს გოლით დამარცხდა და მე-5 ადგილი “სევილიას” დაუთმო, რომელმაც ხოაკინ კორეას გოლით “ლა როსალედაზე” ბოლო ადგილოსან “მალაგას” აჯობა. ხოსე გონსალესის გუნდს 13 ქულა აქვს და მე-17 ადგილოსან “ლევანტეს” 7 ქულით ჩამორჩება, რისი აღმოფხვრაც ასეთი თამაშით თითქმის წარმოუდგენელია.

ატლეტიკო – ლეგანესი 4:0 (2:0)

გოლები: გრიზმანი (26; 35; 56; 67)

ეიბარი – ვილიარეალი 1:0 (1:0)

გოლი: კიკე (16)

ბილბაო – ვალენსია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კონდოგბია (23), 1:1 დე მარკოსი (49)

36-ე წუთზე ადურისმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

მალაგა – სევილია 0:1 (0:1)

გოლი: ხ.კორეა (15)

ხეტაფე – დეპორტივო 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ანხელი (40), 2:0 ბოვედა (44 ს.კ.), 3:0 მოლინა (82)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.187999