ფეხბურთი

3:20 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარადიულ ქალაქში, მარადიული მეტოქეები

“იუვენტუსი” – “მილანი”, ასეთი იქნება მიმდინარე სეზონში იტალიის თასის ფინალი. სააფიშოდ უკეთეს აპენინური ფეხბურთის მოყვარულნი ვერ ინატრებდნენ და ვნახოთ, 9 მაისს, მარადიულ ქალაქში მარადიული მეტოქეები შეეჭიდებიან.

“მილანმა” ფინალში გასვლა რომის “ლაციოსთან” დრამატულ 210 წუთიან უგოლო დუელში მოახერხა. “სან სიროზე” დაფიქსირებული 0:0-ის შემდეგ, “სტადიო ოლიმპიკოზე” მასპინძელთა შანსი უფრო ფასობდა, მაგრამ ბოლო დროს “როსონერი” შესაშურ ფორმაშია და მეტოქეს არაფერი დაუთმო. მეტიც, შიგადაშიგ სჯაბნიდა კიდეც და პენალტების სერიამდეც შეეძლო მოგება. აი, მაგალითად, 118-ე წუთზე ნიკოლა კალინიჩმა ისეთი შანსი გაანიავა, მაღალი დონის ფორვარდს რომ არ ეკადრება (მაგრამ, არის კი კალინიჩი ასეთი კატეგორიის?).

პენალტების სერია ჯენარო გატუზოს გუნდმა საშინლად დაიწყო, რადგან ორმა რიკარდომ, როდრიგესმა და მონტოლივომ გატანა ვერ შეძლეს. თუმცა, არც “ლაციოს” ფეხბურთელებს უვარგიათ დიდად. მოკლედ, თავიდან მეკარეები სტრაკოშა და დონარუმა გამოირჩეოდნენ. აი, მერე ყველაფერი დალაგდა. ლუის ფელიპემ კარს გადააცილა, ხოლო ბავშვობიდან “ლაციოს” ტიფოზმა, “რომას” აკადემიაში აღზრდილმა და ახლა უკვე “მილანის” დაცვის ბურჯმა, ალესიო რომანიოლიმ გადამწყვეტი სიტყვა თქვა – “მილანი” ფინალშია. სხვათა შორის, "როსონერის" (ყველა ტურნირის ჩათვლით) უკვე 13 შეხვედრა არ წაუგია და ასეთი კარგი სერია 2009 წლის მერე პირველად აქვს.

მანამდე ფინალის საგზური “იუვენტუსმაც” მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ბერგამოში “ატალანტა” ჰყავდა დამარცხებული და შინ შედარებით მშვიდად ირჯებოდა. ტურინში, თოვლი ამჯერადაც იყო, მაგრამ შედარებით ნაკლებად და თამაში არ გადადებულა. გოლი კი, ერთხელ გავიდა – მირალემ პიანიჩმა პენალტიდან შეაგდო. ასე და ამრიგად, “იუვენტუსმა” ზედიზედ მეოთხე კოპა იტალიას დაუმიზნა. სხვათა შორის “ბებერი ქალბატონი” მიჯრით მეოთხედ, ხოლო ისტორიაში მე-18-ედ (რაც აბსოლუტური რეკორდია) გავიდა იტალიის თასის ფინალში. აქვე გეტყვით, რომ ეს წყვილი კოპა იტალიის ფინალში 2 წლის წინაც იყო და მაშინ ალვარო მორატას დამატებით დროში გატანილი გოლით ტურინელებმა მოიგეს. მთლიანობაში კი, "იუვენტუსი" და "მილანი" იტალიის თასის ფინალში ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სამი გამარჯვება ტურინელებს დარჩათ (1942, 1990 და 2016 წლებში), ხოლო ერთხელ მილანელებმა მოიგეს (1973 წელს).

ვნახოთ, 9 მაისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე მაგარი თამაში იქნება: “იუვენტუსი” – “მილანი”!

სტატისტიკა
0.256398