ფეხბურთი

3:46 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ოთხეული ცვლილებების გარეშე

ლა ლიგის 25-ე ტურში მოწინავე ოთხეულის ყველა გუნდმა იმარჯვა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ბარსელონა” “ნოუ კამპზე” თანარეგიონელ “ხირონას” დაუხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

არადა, შეხვედრის დასაწყისი ასეთ რამეს არ მოასწავებდა: მე-3 წუთზე პორტუმ სამუელ უმტიტის და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გაშვებულმა გოლმა “ბარსელონა” გააბრაზა და წონასწორობა ორ წუთში აღადგინა – ლიონელ მესის გადაცემით ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ურუგვაელმაც საკუთარი შანსი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მესის ლა ლიგაში 148 შედეგიანი პასი დაუგროვდა და ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა. 30-ე წუთზე არგენტინელმა გენიოსმა სამ მცველთან ჭიდილში შეძლო კარში დარტყმა, რომელსაც ბონო ვერ გაუმკლავდა და “ბლაურანა” წინ გავიდა. “ხირონა” კი ლა ლიგის 36-ე გუნდი გახდა, რომლისთვისაც მესის გაუტანია. 36-ე წუთზე ლიონელმა შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა, რითაც ბევრს რონალდინიო გაახსენდებოდა: არგენტინელმა დაბალი ბურთი დაარტყა, მოწინააღმდეგის ცოცხალი კედელი კი მოტყუვდა, ჰაერში ახტა, ბურთიც დაბლიდან გაძვრა და მეკარე ამჯერადაც უძლური აღმოჩნდა. ტაიმის ბოლო წუთზე კი ლუის სუარესს ცარიელ კარში ფელიპე კოუტინიომ გაატანინა და მასპინძლებმა საქმე პირველივე ნახევარში მოათავეს.

მეორე ნახევარში “ბარსელონამ” კიდევ ორი გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ შორი მანძილიდან შესანიშნავად გაისროლა და “ბლაუგრანას” მაისურით ლა ლიგაში პირველად შეაგდო, ხოლო ათ წუთში ლუის სუარესმა დემბელეს გადაცემით ახლო მანძილიდან იხეირა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა – 6:1.

დიდი ანგარიშით იმარჯვა მადრიდის “რეალმაც”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ალავესი” გაანადგურა და ბასკური კლუბის მიჯრით სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. სტუმრებმა პირველ ტაიმში კარის მშრალად შენახვა კინაღამ მოახერხეს, მაგრამ კინაღამ არ ითვლება... კრიშტიანო რონალდუმ 44-ე წუთზე დაახლოებით 15 მეტრიდან აიღო პაჩეკოს კარი და მეტოქეს ბურთი გასახდელში გაატანა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე “რეალმა” უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც გარეთ ბეილის გოლით დასრულდა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. 61-ე წუთზე ლუკას ვაზკესის გადაცემა რონალდუმ გამოიყენა და დუბლი შეასრულა, ხოლო 89-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც რონალდუმ ბენზემას დაუთმო და საბოლოო შედეგი სწორედ ფრანგმა ფორვარდმა დააფიქსირა – 4:0.

ტურის ცენტრალური შეხვედრა “სანჩეს პისხუანზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “სევილიამ” მე-2 ადგილოსან “ატლეტიკოს” უმასპინძლა და სამარცხვინო მარცხი იწვნია. სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, მადრიდელებს თითქოს განსაკუთრებული უპირატესობა არ ჰქონიათ, თუმცა ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში საპირისპიროს გვეუბნება.

ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა და ამ გოლს არაფერი მოასწრავებდა, რომ არა ევერ ბანეგას ძალიან უხეში შეცდომა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოსთან დიეგო კოშტას ჩააბარა ბურთი და “ჩელსის” ყოფილ ფორვარდსაც ხელსაყრელი სიტუაციიდან გატანა არ გასჭირვებია, ტაიმის ბოლოს კი საჯარიმოს მისადგომებიდან ანტუან გრიზმანმა მშვენიერი გოლი გაიტანა და “როხიბლანკო” შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარი დიეგო სიმეონეს გუნდისთვის დიდებულად დაიწყო, დიეგო კოშტა საჯარიმოში სერხიო რიკომ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც გრიზმანმა აქცია გოლად. სევილიელები კი საშინელი და უპატიებელი შეცდომების დაშვებას განაგრძობდნენ, 65-ე წუთზე ბანეგას მერკადომ მიბაძა და რიკოს ნაცვლად, ანტუან გრიზმანს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც კოკეს ცარიელ კარში გაატანინა, ხოლო 81-ე წუთზე მასპინძელთა მოშლილი დაცვის უსაშინელესი თამაშით გრიზმანმა კიდევ ერთხელ ისარგებლა, ახლო მანძილიდან ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ტაბლოზე მასპინძელთათვის სამარცხვინო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრის დასკვნით ხუთ წუთში პაბლო სარაბიამ და ნოლიტომ თითო ბურთი გაქვითეს, თუმცა ანდალუსიელთათვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია – 2:5.

“ვალენსია” “მესტალიაზე” “სოსიედადს” დაუხვდა და 3 ქულის მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა. მასპინძლებმა ტაიმი სანტი მინას გოლით მოიგეს, რომელიც 34-ე წუთზე მარტინ მონტოიას ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით შეაგდო. ბასკებმა 54-ე წუთზე გაბრიელ პაულისტას შეცდომით ისარგებლეს და მიკელ ოიარზაბალმა გაათანაბრა, ხოლო 68-ე წუთზე მინამ დამატებაზე ჩინებულად ითამაშა, მიმდინარე ლა ლიგაში მე-11 გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა - 2:1.

6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა “ხეტაფემ”, რომელიც “ვილიარეალს” ესტუმრა და ენეს უნალის მიერ მე-3 წუთზე გატანილი გოლით დამარცხდა. კასტილიურ კლუბს ძალიან არ გაუმართლა, ხოლო “ვილიარეალს” გმირად სერხიო ასენხიო მოევლინა, რომელმაც პირველ ნახევარში ანხელს, მეორე ტაიმში კი მოლინას არ გაატანინა პენალტი და თავის გუნდს მე-5 ადგილი დააბრუნებინა – 1:0.

“სელტამ” “ეიბარს” უმასპინძლა და იაგო ასპასის და მაქსიმილიანო გომესის გოლებით იმარჯვა. “ბილბაომ” “სან მამესზე” ბოლო ადილოსანი “მალაგა” დაამარცხა, რომელსაც გავარდნისგან სასწაული თუ იხსნის. “დეპორტივო” – “ესპანიოლის” და “ლეგანესი” – “ლას პალმასის” დაპირისპირებები გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

23 თებერვალი

დეპორტივო – ესპანიოლი 0:0

24 თებერვალი

სელტა – ეიბარი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ასპასი (56), 2:0 მ.გომესი (79)

რეალი – ალავესი 4:0 (1:0)

გოლები: 1:0, 3:0 რონალდუ (44; 61), 2:0 ბეილი (46), 4:0 ბენზემა (89 პენ.)

ლეგანესი – ლას პალმასი 0:0

ბარსელონა – ხირონა 6:1 (4:1)

გოლები: 0:1 პორტუ (3), 1:1, 4:1, 6:1 ლ.სუარესი (5; 44; 76), 2:1, 3:1 მესი (30; 36), 5:1 კოუტინიო (66)

25 თებერვალი

ვილიარეალი – ხეტაფე 1:0 (1:0)

გოლი: უნალი (3)

36-ე წუთზე ანხელმა (ხ) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე), 51-ე წუთზე მოლინამ (ხ) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ბილბაო – მალაგა 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 ენ ნესირი (13), 1:1 სუსაეტა (17), 2:1 სან ხოსე (44)
გაძევება: ენ ნესირი (მ. 84)

61-ე წუთზე ენ ნესირიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ვალენსია – სოსიედადი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:1 მინა (34; 68), 1:1 ოიარზაბალი (54)

სევილია – ატლეტიკო 2:5 (0:2)

გოლები: 0:1 კოშტა (29), 0:2, 0:3, 0:5 გრიზმანი (42; 51 პენ; 81), 0:4 კოკე (65), 1:5 სარაბია (85), 2:5 ნოლიტო (89)

თეგებილა ლიგა
0.21054