ძიუდო

22:34 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს პირველი ნომერია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია. ევროპის სამგზის ჩემპიონმა 28 წლის სპორტსმენმა დიუსელდორფის გრან სლემი წაუგებლად ჩაამთავრა და ოქროს მედალთან ერთად 1000 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. შედეგად, უკან მოიტოვა აწ უკვე ყოფილი ლიდერი – ჰოლანდიელი მიხაელ კორელი.

ლიპარტელიანი პრესტიჟულ შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი. საქმეში მეორე წრიდან ჩაება და ყირგიზი ფარუჰ ბულეკულოვი წუთსა და 56 წამში დაამარცხა. ავსტრიელი ლორინ ბოელერი მეოთხე წუთის მიწურულს შებოჭა. მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს სამი შიდო მიაღებინა. ნახევარფინალში კი ბელგიის ნაკრების წევრ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდა და ორჯერ დააგდო ვაზარიზე და ფინალის საგზურთან ერთად გაინაღდა 100 კილოგრამში გალიდერება. ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა ირლანდიელ ბენჟამინ ფლეჩერს ორი წუთი აკმარა.

დიუსელდორფის გრან სლემზე საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით – 7 სპორტსმენით გამოვიდა. ლიპარტელიანამდე საპრიზო სამეულში შესვლა მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანმა შეძლო – 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 500 სარეიტინგო ქულაც შეიმატა. გერმანულ ტატამზე წარუმატებლად იჭიდავეს: თამაზ კირაკოზაშვილმა, კობა მჭედლიშვილმა (ორივე 81 კგ), ლაშა ტაველურმა (100 კგ), ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილმა (ორივე +100 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11128