ავტოსპორტი

3:24 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესეც ახალი „ზაუბერი“ „ალფა რომეოსთან“ ერთად

ამიერიდან „ზაუბერის“ ფერები თეთრი და წითელია. თეთრი ალბათ იმიტომ, რომ ფორმულა 1-ის აუტსაიდერი, თავის ახალ პარტნიორთან ერთად, პელოტონის კუდიდან თავის დაღწევას იმედოვნებს, წითელი კი იმიტომ, რომ ეს ახალი პარტნიორი „ალფა რომეოა“, რომელიც შვეიცარიულ გუნდს, „ფერარის“ რებრენდირებული აგრეგატებით მოამარაგებს.

წითელ ფონზე „ალფა რომეოს“ თეთრი ლოგო სარბოლო ავტომობილის (C37) ძრავის სექციას ამშვენებს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ავტომობილი აეროდნმიკის ახლებური ფილოსოფიის შესაბამისად არის შექმნილი და გუნდის ტექნიკური დირექტორი იორგ ცანდერი იმედოვნებს, რომ ეს „ზაუბერს“ აუტსაიდერობისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

ცანდერი ამბობს, რომ აეროდინამიკის ფილოსოფიის მხრივ, C37 წინამორბედ C36-სგან ძლიერ განსხვავდება. და ეს სხვაობა არ გამოუწვევია მხოლოდ კოკპიტის დამცავ ჰალოს. ახალ კონცეპციაში ასევე სეზონის განმავლობაში ბოლიდის სრულყოფის შესძლებლობაა ჩადებული.

მთავარი სიახლე ისაა, რომ C37 „ფერარის“ ახალი ძრავით არის ეკიპირებული, რომელსაც თავად მარანელოელებიც გამოიყენებენ. ეს ნიშნავს, რომ მანქანას აღარ ექნება სიმძლავრის დეფიციტი. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, „ზაუბერი“ იტალიური კომპანიის წინა სეზონის აგრეგატს იყენებდა.

„ზაუბერის“ შვედი პილოტი მარკუს ერიკსონი იმედოვნებს, რომ გუნდი პელოტონის შუაგულში აიწევს და კონკურენციას გაუწევს „ტორო როსოს“ და „ჰაასს“. უფრო მეტიც, არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ ეტაპზე, „ფორს ინდიასა“ და „რენოსაც“ გაეჯიბრება. თუმცა ისეთ ეტაპზებსაც ელის, რომლებზეც „ზაუბერი“ ისევ აუტსაიდერთა შორის იქნება.

0.11799