ფეხბურთი

11:29 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" ორი მისია ხარკოვში: ყინვის გაძლება და რევანში

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე “შახტარი” – “რომას” წყვილი ერთ-ერთია, რომელშიც ფავორიტის დასახელება ძალზე რთულია. ცალსახაა, რომ ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თანაბრად აქვთ. თუ ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ მატჩებს გადავხედავთ, “რომა” მართლაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ, მაგრამ თავის მხრივ, არც უკრაინის ჩემპიონის შეურცხვენია თავი და “ნაპოლის” აჯობა, ხოლო “სიტი” დაამარცხა კიდეც.

და მაინც, ეს გასულ წელს იყო და მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მაგალითად “შახტარმა” წელს ოდენ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ძნელია ამ გუნდის ოპტიმალურ ფორმაზე საუბარი. თავის მხრივ, “რომა” დრო იყო ჩემპიონობაზე აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა ახლა ასე აღარაა. ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ “ჯალოროსი” გონს ბოლო პერიოდში მოვიდა და იტალიის ჩემპიონატში მიჯრით სამი თამაში მოიგო.

დღევანდელ შეხვედრაში პაულუ ფონსეკას სრნასა და მალიშევის იმედი არ ექნება, ხოლო დი ფრანჩესკო ფლორენცის, კარსდორპს, გონალონსა და პელეგრინის მოისაკლისებს. სხვათა შორის, ხარკოვში ძალზე ცივა და ეს იტალიელებისთვის შესაძლოა პრობლემაც გამოდგეს. მაგრამ, მატჩისწინ დანიელე დე როსიმ ხაზი გაუსვა, რომ სიცივე საბაბად არ გამოდგება. მოკლედ, “მგლებს” ბოლომდე ბრძოლა აქვთ გადაწყვეტილი. აქვე გეტყვით, რომ “შახტარის” ძირითად შემადგენლობაში დიდი ალბათობით ვერ ვიხილავთ დავით ხოჭოლავას, რომელიც მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებს და ეგებ, მეორე ტაიმში მოუწიოს კიდეც მოედანზე გასვლა.

სხვათა შორის, “რომას” უკრაინულ გუნდზე რევანში მართებს. საქმე ისაა, რომ ზუსტად 7 წლის წინ, ამავე ეტაპზე დონბასელებმა რომაელები უშანსოდ დაამარაცხეს. ამ და სხვა არაერთ საინტერესო ამბავზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. იქამდე კი, გავეცნოთ მთავარი მწვრთნელების კომენტარებს მატჩის წინ და სავარაუდო შემადგენლობებს.

პაულუ ფონსეკა (“შახტარის” მთავარი მწვრთნელი): “რომა” ბოლო პერიოდში ტაქტიკური თვალსაზრისით ცოტა შეიცვალა, მაგრამ არ ვიცი, მოახდენს თუ არა ეს ზეგავლენას ჩვენს თამაშზე. “ჯალოროსი” შესანიშნავი გუნდია დიდი ფეხბურთელებით და ძალიან განსწავლული მწვრთნელით.

ინტენსიური და ტაქტიკური თამაში იქნება. ორივე გუნდი ეცდება, რომ თავისი თამაში აჩვენოს. ზამთრის პაუზის დროს მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ”.

ეუსებიო დი ფრანჩესკო (“რომას” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ მოვედით მერვედფინალამდე და იმედია, რომ უფრო მეტსაც შევძლებთ. შეტევაში პოტენციალი გვაქვს, რომელსაც ამ ტურნირში გამოვიყენებთ. ვფიქრობ, შანსი თანაბარია და ვეცდებით შინ დადებითი შედეგით დავბრუნდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრაცია შევინარჩუნოთ. ზოგჯერ სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება, ზოგჯერ კი – მეტოქის”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ხარკოვი, “მეტალისტ არენა”

21 თებერვალი, 23:45 საათი

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; დოდო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი; ფერეირა

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

“რომა” (4-2-3-1): ალისონი; ბრუნო პერესი, ფაციო, მანოლასი, კოლაროვი; დე როსი, სტროტმანი; ჯენგიზ უნდერი, ნაინგოლანი, პეროტი; ჯეკო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“შახტარი” და “რომა” მერვედფინალში დიდი ტრადიციებით თავს ვერ იწონებენ, მაგრამ ახლა ორივე გუნდს შანსი აქვს ამ მხრივ მდგომარეობა გამოიკეთონ.

“შახტარს” მერვედფინალში აქამდე სამჯერ უთამაშია და შემდეგ ეტაპზე ერთხელ გავიდა. ეს 2010-2011 წლების სეზონში მოხდა და მაშინ დონბასელებმა სწორედ “რომას” აჯობეს ორი მატჩის ჯამში. შემდეგ კი, ამავე ეტაპზე უკრაინული გუნდი ორჯერ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას.

“რომამ” საკმაოდ რთულ ქვეჯგუფში შეძლო პირველი ადგილის მოპოვება (“ჩელსი” და “ატლეტიკო”). “ჯალოროსი” მერვედფინალში მეექვსედ გავიდა, მაგრამ მეოთხედფინალში 10 წელია არ უთამაშია. ბოლო სამი მერვედფინალური დუელი კი წაგებული აქვს.

ურთიერთშეხვედრები

2010-2011 წლების სეზონში “შახტარმა” “რომა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ძალზე მარტივად დაამარცხა. პირველი მატჩი რომში უკრაინელებმა 3:2 მოიგეს. მაშინ ანგარიში რაზვან რაცის ავტოგოლით გაიხსნა, მაგრამ პირველივე ტაიმში ჟადსონმა დუგლას კოშტამ და ლუის ადრიანომ სამჯერ გაიტანეს. ჟერემი მენეზის გოლი კი, მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა.

მირჩა ლუჩესკუს გუდნმა დონეცკში ვილიანის დუბლითა და ედუარდოს გოლებით ადვილად გაიმარჯვა. იმ შეხვედრაში მარკო ბორიელომ პენალტი ვერ გაიტანა.

2011 წლის 8 მარტს გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“შახტარი”: პიატოვი, სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი, ჰუბშმანი, მხითარიანი (ალექს ტეიშეირა 67), დუგლას კოშტა (ედუარდო 60), ჟადსონი, ვილიანი, ლუის ადრიანო (მორენო 75)

“რომა”: დონი, ბურდისო, ჟუანი, მექსე, რიისე, ტადეი (როზი 46), პიზარო, დე როსი, პეროტა (კაპრარი 86), ბორიელო, ვუჩინიჩი (ბრიგი 65)

ტარას სტეპანენკო, რომელიც დღეს “შახტარის” ერთ-ერთი ლიდერია, მაშინ სათადარიგო სკამზე იჯდა.

მანამდე იყო კიდევ ერთი დუელი. 2006-2007 წლების სეზონში ამ გუნდთა გზა ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. უკრაინელებმა სახლში ჩიპრიან მარიკას გოლით 1:0 მოიგეს.

2006 წლის 22 ნოემბერს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“შახტარი”: შუსტი, ტიმოშჩუკი, კუჩერი, დულაი, ფერნანდინიო (გაი 90), ბრანდაო, რაცი, ჩიგრინსკი, მარიკა (აგაჰოვა 75), სრნა, ჟადსონი (ელანო 81)

“რომა”: დონი, პანუჩი, მანსინი (ვუჩინიჩი 78), კასეტი, მექსე, დე როსი, პეროტა, ფერარი (პიზარო 69), აკვილანი (მონტელა 78), ტოტი, ტადეი

“რომამ” იტალიაში როდრიგო ტადეის, ფრანჩესკო ტოტის, დანიელე დე როსისა და დავიდ პიზაროს გოლებით 4:0 მანამდე 4:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ რომაელებმა ყველა გოლი მატჩის საწყის 24 წუთში გაიტანეს. მოკლედ, ურთიერთშეხვედრებში უკრაინელები საგრძნობ უპირატესობას ფლობენ: 3 მოგება, 1 წაგება.

სტატისტიკა

“შახტარი”

2011 წელს “რომასთან” მოგებული მერვედფინალის შემდეგ დონეცკელებმა ორჯერ იწვნიეს მარცხი ამავე ეტაპზე. 2012-2013 წლების სეზონში “დორტმუნდთან” (შინ 2:2, სტუმრად 0:3) და “ბაიერნთან” 2014-2015 წლების სეზონში (0:0 შინ და 0:7 სტუმრად).

უკრაინულ გუნდს საკუთარ მოედანზე მერვედფინალში არასდროს წაუგია (1 მოგება, 2 ფრე).

“შახტარმა” მიმდინარე სეზონში სახლში სამივე მატჩი მოიგო. “ნაპოლისთან” (2:1), “ფეიენოორდთან” (3:1), “სიტისთან” (2:1).

“შახტარის” ბალანსი საკუთარ მოედანზე იტალიურ გუნდებთან: 4 მოგება, 0 ფრე, 6 წაგება.

“მეშახტეებს” პლეი-ოფში იტალიურ გუნდებთან აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ და შემდეგ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდნენ (სწორედ “რომა” დაამარცხეს), ხოლო სამჯერ ასპარეზობას გამოეთიშნენ.

“შახტარი” უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო საშინაო მატჩებს ხარკოვში ატარებს. ბოლო 14 მატჩის ბალანსი კი ასეთია: 6 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება.

მარსიო აზევედო, ტაისონი და მარლოსი ყველა ხარკოვის “მეტალისტში” თამაშობდნენ, სანამ “შახტარში” გადავიდოდნენ.

2016-2017 წლების სეზონში უკრაინელებმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერნის “იანგ ბოიზთან” წააგეს (2:0 შინ, 0:2, 2:4 პენალტებით, სტუმრად). ხოლო ევროპა ლიგაზე 1/16 ფინალამდე მიაღწია, სადაც ვიგოს “სელტასთან” ვერაფერს გახდა (1:0 სტუმრად, 0:2 შინ დამატებით დროში).

“რომა”

“რომა” მერვედფინალში მეექვსედ იმყოფება. წინა ხუთი შემთხვევიდან კი ასეთი ბალანსით იწონებს თავს: 2 გასვლა შემდეგ ეტაპზე, 3 გამოთიშვა. “ჯალოროსიმ” 2006-2007 წლების სეზონში “ლიონი” დაამარცხა (0:0, 2:0), ხოლო ერთი წლის შემდეგ “რეალი” (2:1, 2:1). 2008-2009 წლების სეზონში “არსენალთან” წააგო (0:1, 1:0 პენალტები: 4:5), 2010-2011 წლების სეზონში “შახტართან” (2:3, 0:3) და 2015-2016 წლების სეზონში “რეალთან” (0:2, 0:2).

“რომამ” მერვედფინალში ჩატარებული ბოლო ოთხი მატჩი წააგო. ორი წლის წინ იტალიელებმა “რეალთან” ორჯერ წააგეს (0:2, 0:2).

“შახტარის” გარდა “რომას” უკრაინაში კიდევ ორჯერ აქვს ნათამაშები და ორჯერვე კიევის “დინამოსთან”. 2004 წელს 0:2 წააგო, მაგრამ 2007 წელს 4:1 დაამარცხა მეტოქე.

უკრაინაში “მგლები” ასეთი ბალანსით თამაშობენ: 1 მოგება, 3 წაგება. ჯამში კი უკრაინულ გუნდებთან ასევე უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ: 3 მოგება, 5 წაგება. 2011 წელს “შახტართან” მატჩები იყო ერთადერთი, რომელიც პლეი-ოფის სტადიაზე შედგა.

“რომამ” მიმდინარე სეზონში სტუმრად 4 ქულა მოიპოვა. 2:1 დაამარცხა “ყარაბაღი”, 3:3 ითამაშა “ჩელსისთან”, ხოლო “ატლეტიკოსთან” 0:2 წააგო.

“რომას” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 21 თამაშიდან მხოლოდ 4 შეხვედრა აქვთ მოგებული (8 ფრე, 9 წაგება).

გასულ სეზონში “რომა” დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე “პორტუსთან” დამარცხდა (1:1, 0:3) და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მერვედფინალში “ლიონთან” დამარცხდა ორი მატჩის ჯამში (4:5).

“რომა” სანამ “ყარაბაღს” დაამარცხებდა, იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით 10 საგარეო მატჩი არ ჰქონდა მოგებული (5 ფრე, 5 წაგება). 2010 წელს “ბაზელთან” მოგებული თამაში (3:2) იყო ერთადერთი გამარჯვება უკანასკნელ 16 დაპირისპირებაში. თუმცა, მეორე ტურში ბაქოში მოგებამ სტატისტიკა ცოტა გამოასწორა.

ერთად უთამაშიათ

ტაისონი და ჟუან ჟესუსი (“ინტერნასიონალი” 2010)

ფრედი და ალისონი (“ინტერნასიონალი” 2013)

ალან პატრიკი და ალისონი (“ინტერნასიონალი” 2013-2014)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

ტაისონი, ფრედი, ბერნარდი და ალისონი (ბრაზილია)

ფაქტები

“შახტარი”

დარიო სრნა დისკვალიფიცირებულია.

“შახტარმა” ზამთრის პაუზაზე 6 ამხანაგური მატჩი გამართა, 2 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და სამი წააგო.

უკრაინის ჩემპიონატი ახლახან განახლდა და “შახტარმა” “ჩერნომორეცი” 5:0 გაანადგურა.

“დონბასელები” ბოლო 13 მატჩში: 11 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

ბერნარდმა ბოლო 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა ყველა ტურნირის ჩათვლით.

მარლოსი უკრაინის 2017 წლის ფეხბურთელად დასახელდა.

“რომა”

ბრუნო პერესი დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს უბრუნდება.

“რომას” ზედიზედ სამი მატჩი აქვს დამარცხებული და ბოლო ტურში “უდინეზე” 2:0 დაამარცხა.

ედინ ჯეკოს ზედიზედ სამი პენალტი აქვს გაცუდებული. ჯენგიზ უნდერმა კი, ბოლო სამ შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.357511