ავტოსპორტი

17:52 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულ RB14“ კამუფლირებულ ფორმაში გვეჩვენა

ფორმულა 1-ში ახალი სარბოლო ავტომობილების პომპეზური წარდგენები წარსულს ჩაბარდა. გუნდები ახლა უფრო პრაგმატულობას ავლენენ - ავტომობილების სტუდიურ ფოტოებს ავრცელებენ და მცირე ტექსტით შემოიფარგლებიან. გამონაკლისებიც არის. ოღონდ მაშინ, თუ გუნდს ახალი პარტნრები და სპონსორები ჰყავს წარსადგენი. ან ახალი ფერები.

„რედ ბული“ წელსაც ორიგინალურია და თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, რომელსაც რიგითობით RB14 ჰქვია, უჩვეულო ლურჯ ფორმაში გვიჩვენა. და იქვე განაცხადა, რომ ტესტებზე ავტომობილი უკვე ჩვეულ საბრძოლო ფორმაში გამოეწყობა.

სიახლეა ის, რომ ავტომობილზე გამოჩნდა „ასტონ მარტინის“ რეკლამა. ბრიტანული კომპანია სერიოზულად არის დაინტერესებული ფორმულა 1-ში ძრავების მიმწოდებლის რანგში მოსვლით და ეს შეიძლება იმის ნიშნად ჩაითვალოს, რომ პარტნიორად სწორედ „რედ ბული“ შეარჩია. მითუმეტეს, ამ ორ კომპანიას „ასტონ მარტინის“ ჰიპერ ავტომობილ „ვალკირიაზე“ ერთობლივი მუშაობა უკვე აკავშირებს.

უნდა ითქვას, რომ „რედ ბული“ ტესტებისთვის უკვე სრულ მზადყოფნაშია. გუნდის ეკიპირება უკვე ჩავიდა ბარსელონას მონტმელოს ტრეკზე, სადაც მალე ტესტები დაიწყება. „რედ ბული“ ამ სეზონშიც „რენოს“ ძრავით იასპარეზებს, ოღონდ ის კვლავ საათების მწარმოებელი „TAG ჰოიერის“ სახელითაა რებრენდირებული. არაოფიცალური ინფორმაციით, ეს ავსტრიული გუნდის ბოლო ავტომობილია, რომელიც ფრანგული კომპანიის აგრეგატით აღიჭურვა.

„რედ ბულის“ კონსულტანტი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ გუნდი ახალ სარბოლო ავტომობილზე მუშაობის გრაფიკს ორი კვირით უსწრებს და დარწმუნებულია, რომ თუ „რენოს“ ძრავი კონკურენტუნარიანი იქნება, „რედ ბულის“ პილოტები, ავსტრალიიდანვე მოწინავეთა შორის იქნებიან.

უნდა ითქვას, რომ ახალი მანქანა სილვერსტოუნზე უკვე გამოსცადა დანიელ რიკარდომ. ოღონდ, ეს სატესტო გამოსვლა კი არა, ეგრეთ წოდებული ფილმის დღის კილომეტრები იყო, რომელსაც სარეკლამო რგოლის გადასაღებად იყენებენ. თუმცა, გუნდბი ახერხებენ, რომ ეს კილომეტრები, ახალი ავტომობილისგან პირველი რეალური ტელემეტრიული მონაცემების მისაღებად გამოიყენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155366