კალათბურთი

21:00 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ნაკრებს გიორგი ცინცაძე და გოგა ბითაძე შეუერთდნენ

დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი ცინცაძე და გოგა ბითაძე შეუერთდნენ. ცინცაძე თბილისში რუმინეთიდან ჩამოვიდა, სადაც გუშინ საღამოს ამ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის მატჩში ითამაშა. ბითაძეს რაც შეეხება,მან სერბეთის თასის ნახევარფინალში შაბათ საღამოს მიიღო მონაწილეობა, დღეს კი თბილისში დაბრუნდა და ცინცაძესთან ერთად, რომ იტყვიან, პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა სპორტის სასახლეში გამართულ საღამოს ვარჯიშზე.

არც ერთ მათგანს არ უვარჯიშია. ცინცაძეს, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის 3 თვე გაუცდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე პირველად გუშინ გავიდა, ნაკრების ექიმმა ნატრავმალ ფეხზე მასაჟი გაუკეთა, რის შემდეგაც გუნდის ძირითადი გამთამაშებელი ბითაძესთან ერთად ვარჯიშს მოედნის კიდიდან ადევნებდა თვალს. რაც შეეხება მოედანზე მიმდინარე ამბებს, ილიას ზუროსმა გუნდს დატვირთული ვარჯიში ჩაუტარა. სროლები, კომბინაციები, სწრაფი შეტევები, მოთელვები – ბერძენმა სპეციალისტმა თავისი სამწვრთნელო არსენალი თითქმის სრულად გამოიყენა და კალათბურთელები გვარიანად მოქანცა.

ცინცაძე და ბითაძე ხვალ დილას ივარჯიშებენ, საღამოს კი ნაკრები ავსტრიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს და ის 12 კალათბურთელიც დასახელდება, რომლებიც 21 თებერვალს, დილის 10:20 საათზე გეზს ვენისკენ აიღებენ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 თებერვალს, ვენის Schwechat არენაზე, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

0.132994