ფეხბურთი

2:56 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონამ” ბასკეთში იმარჯვა

ლა ლიგის 24-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერი “ბარსელონა” “იპარუაზე” “ეიბარს” ესტუმრა და ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა. მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლომდე იბრძოლეს. თამაში მაღალ ტემპში და ორმხრივ იერიშებში დაიწყო. საწყის წუთებში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა საკუთარი შანსების გამოყენება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, მე-16 წუთზე ლუის სუარესმა ივარგა, რომელიც ლიონელ მესის ბრწყინვალე გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა, შემდეგ კი ურუგვაელს მისი ჩამოშორება არ გასჭირვებია და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. “ეიბარს” გათანაბრება სამ წუთში შეეძლო, ფაბიან ორელიანამ შორიდან შესანიშნავად გაისროლა, მაგრამ ბურთი ხარიხამ უკუაგდო. ტაიმის ბოლოს კი უკვე “ეიბარი” იხსნა ძელმა გაშვებული გოლისგან – ამჯერად მესის არ გაუმართლა.

66-ე წუთზე კი მოხდა ძალიან საკამათო ეპიზოდი, რომელმაც დიდწილად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. მსაჯის სასტვენის შემდგომ, ფაბიან ორელიანამბურთი ხელით გადააგდო, რაც ალეხანდრო ერნანდესმა ცინიკურ საქციელად ჩათვალა და მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა. “ბლაუგრანამ” რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა და 88-ე წუთზე ხორდი ალბამ დმიტროვიჩის კარი მეორედ აიღო – 0:2.

“ვალენსია” “ლა როსალედაზე” ბოლო ადგილოსან “მალაგას” დაუპირისპირდა და 3 ქულა გაჭირვებით მოიპოვა. “ღამურებს” ბურთი დიდხანს ეჭირათ, თუმცა ერთფეროვნად უტევდნენ და ხეირიანი ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. დიდად არც მასპინძლები აქტიურობდნენ, თუმცა საკუთარი შანსი გამოიყენეს: 27-ე წუთზე რესიომ კუთხური მოაწოდა, მცველების უყურადღებო თამაშით კი იდეიემ ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

“ღამურებმა” შეხვედრის მობრუნება დასკვნით ათ წუთში მოახერხეს. მე-80 წუთზე დანი პარეხომ კუთხური ჩააწოდა, რასაც ფრანცის კოკლენის ზუსტი თავური მოჰყვა, ხოლო ხუთიოდე წუთში მეკარესთან პირისპირ დარჩენილი როდრიგო მორენო იგნასი მიქელმა წააქცია, რაც წითელ ბარათად და პენალტად დაუჯდა, რომელიც პარეხომ აქცია გოლად და “ლოს ჩემ” იმარჯვა – 1:2.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა “სევილიას” და კიდევ ერთი აუტსაიდერის “ლას პალმასის” დაპირისპირება. ვიჩენცო მონტელას შეგირდებმა ტაიმი ბენ იედერის გოლით მოიგეს, ხოლო 50-ე წუთზე მათი უპირატესობა პაბლო სარაბიამ განამტკიცა. კანარელთაგან პრესტიჟის გოლი 82-ე წუთზე კალერიმ პენალტით შეაგდო.

“ალავესმა”, რომელმაც ლა ლიგა საშინლად დაიწყო, აბელარდოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდგომ მშვენივრად ათამაშდა, მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას უკვე ათი ქულით მოცილდა. ბასკებმა “დეპორტივოს” უმასპინძლეს და მუნირ ელ ჰადადის ულამაზესი გოლით იმარჯვეს – 1:0.

ალავესი – დეპორტივო 1:0 (0:0)

გოლი: ელ ჰადადი (61)

ლას პალმასი – სევილია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბენ იედერი (35), 0:2 სარაბია (50), 1:2 კალერი (82 პენ.)

ეიბარი – ბარსელონა 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლ.სუარესი (16), 0:2 ალბა (88)

მალაგა – ვალენსია 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 იდეიე (27), 1:1 კოკლენი (80), 1:2 პარეხო (85 პენ.)
გაძევება: მიქელი (84 მ.)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135443