ფეხბურთი

3:00 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკომ” “ბარსელონასთან” ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა

ლა ლიგის 22-ე ტური მოწინავე კლუბებისთვის წარმატებული ვერ გამოდგა. ექვსეულის ბინადართაგან, გამარჯვების მოპოვება მხოლოდ მადრიდის “ატლეტიკომ” შეძლო, რითაც ლიდერ “ბარსელონასთან” ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, ხოლო მე-3 ადგილოსან “ვალენსიას” 9 ქულით გაუსწრო და მე-2 პოზიცია გაიმყარა.

მადრიდული კლუბი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” სწორედ “ვალენსიას” დაუხვდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა სანახაობის მხრივ საკმაოდ მოიკოჭლებდა და ძალიან ცოტა მომენტი შეიქმნა. ერთადერთი გოლი კი 59-ე წუთზე გავიდა და ისიც ულამაზესი გამოდგა – ანხელ კორეამ შორეული მანძილიდან უძლიერესად გაისროლა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, “როხიბლანკოს” 3 ქულა მოუტანა – 1:0.

“ბარსელონა” “კორნელია ელ პრატზე” თანაქალაქელ “ესპანიოლს” დაუპირისპირდა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება. ერნესტო ვალვერდემ “ვალენსიასთან” გასამართ სათასო დაპირისპირებაზე იფიქრა და ლიონელ მესის დასვენების საშუალება მისცა, რომელიც მხოლოდ მე-60 წუთზე გამოჩნდა მინდორზე. სანახაობრივი ეს შეხვედრაც არ ყოფილა და ამის პირველი მიზეზი ძლიერი წვიმაა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა, მოედანი დატბორა და ბურთი წესიერად არ გორავდა. პირველ ტაიმში სადებიუტო და ძალიან ლამაზ გოლთან ახლოს იყო ფელიპე კოუტინიო, მაგრამ ბრაზილიელს არ გაუმართლა და ბურთი ხარიხამ მოიგერია.

სამაგიეროდ, გაუმართლა ხერარდ მორენოს, რომელიც სერხიო გარსიას ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და 66-ე წუთზე თავური დარტყმით “ესპანიოლი” დააწინაურა. “ბლაუგრანამ” მიმდინარე სეზონში პირველ მარცხთან ახლოს იყო, მაგრამ ქულის გადარჩენა მაინც მოახერხა: 83-ე წუთზე ლიონელ მესიმ სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას პიკემ დაასწრო და თავური დარტყმით დიეგო ლოპესის კარი აიღო – 1:1.

მორიგი შეხვედრა ჩააგდო “რეალმა”, რომელმაც გაუთვალისწინებელი ქულები ამჯერად “სიუდად დე ვალენსიაზე” დაკარგა. მადრიდელები მე-11 წუთზე სერხიო რამოსმა გახსნა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა. სტუმრებმა ტაიმის ბოლომდე ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და ვალენსიელებმა 42-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს: კასტილიელთა დაცვა უხეშად შეცდა და ხოსე ლუის მორალესი მეკარესთან პირისპირ დარჩა, კეილორ ნავასმა კი ივარგა, მაგრამ დამატებაზე ყველას ემანუელ ბოატენგმა დაასწორო და კოსტა-რიკელ კიპერს შანსი აღარ დაუტოვა.

მეორე ნახევარი “რეალის” დიდი უპირატესობით წარიმართა, რონალდუს, რამოსს და ბენზემას შეეძლოთ, რომ მადრიდული კლუბი მეორედ დაეწინაურებინათ, თუმცა ამის გაკეთება ისკომ მოახერხა 81-ე წუთზე, რომელმაც ბენზემას პასი შეირგო და ახლო მანძილიდან შეაგდო. “ლევანტე” არ დანებებულა და მეტოქეს უმალ შეუტია, 85-ე წუთზე როჟერს ოდნავ არ გაუმართლა, თორემ ანგარიში ისევ გათანაბრდებოდა, მაგრამ “ბაყაყებმა” ქულის გადარჩენა მაინც შეძლეს: 89-ე წუთზე ჯასონმა ბრწინვალე გადაცემა გაუკეთა შეცვლაზე შემოსულ ჯანპაოლო პაცინის, რომელმაც ესპანურ კლუბში დებიუტი უმნიშვნელოვანესი გოლით აღნიშნა – 2:2.

წააგო “ვილიარეალმა”, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში “რეალს” ასწრებდა და ოთხეულში შედიოდა. ვალენსიურ კლუბს 31-ე წუთზე უხეში თამაშისთვის ბონერა გაუძევეს, რამაც მათი გეგმები გვარიანად არია. “ბეტისმა” რიცხობრივი უპირატესობა უმალ შეირგო და ტაიმის ბოლოს ანდალუსიელთა ახალწვეულმა მორონიმ ანგარიში გახსნა, ხოლო 65-ე წუთზე უკვე დუბლი გაიფორმა. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს, რომელიც მე-80 წუთზე კარლოს ბაკამ პენალტით შეაგდო – 2:1.

სამარცხვინო მარცხი იწვნია “სევილიამ”, რომელიც “იპარუაზე” ადგილობრივ “ეიბართან” ყველასთვის მოულოდნელად 1:5 განადგურდა. ვიჩენცო მონტელას გუნდმა საშინელი შეხვედრა ჩაატარა, რაც ტაბლოზე ნათლად აისახა. დუბლით გამოირჩა ჩილელი ფაბიან ორელიანა, ერთი გოლი კიკემ გაიტანა, ხოლო თითო ბურთი ცენტრალურმა მცველებმა ივან რამისმა და არბილიამ შეაგდეს. ანდალუსიელთაგან პრესტიჟის გოლი პაბლო სარაბიამ გაიტანა და ისიც პენალტით.

ტურის გახსნით მატჩში “სოსიედადმა” “ანოეტაზე” “დეპორტივო” მიიღო და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა, რასაც ლა კორუნიელთა აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი კრისტობალ პარალო ემსხვერპლა. მიჯრით მეოთხე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა “ხირონამ”. კატალონიურმა კლუბმა კრისტიან სტუანის დუბლით საკუთარ მოედანზე “ბილბაოს” სძლია, “ალავესმა” შინ “სელტას” მოუგო, ხოლო “ხეტაფეს” და “ლეგანესის” კასტილიური დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

2 თებერვალი

სოსიედადი – დეპორტივო 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (32), 2:0, 5:0 ილარამენდი (62; 89), 3:0 კანალესი (75), 4:0 ელუსტონდო (82)

3 თებერვალი

ეიბარი – სევილია 5:1 (3:1)

გოლები: 1:0 კიკე (1), 2:0, 4:1 ორელიანა (17; 61), 2:1 სარაბია (21 პენ.), 3:1 რამისი (32), 5:1 არბილია (83)

ბეტისი – ვილიარეალი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 მორონი (45+2; 62), 2:1 ბაკა (80 პენ.)
გაძევება: ბონერა (31 ვ.)

ალავესი – სელტა 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ალფონსო (4), 2:0 ელ ჰადადი (18), 2:1 ასპასი (91)

ლევანტე – რეალი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 რამოსი (11), 1:1 ბოატენგი (42), 1:2 ისკო (81), 2:2 პაცინი (89)

4 თებერვალი

ხეტაფე – ლეგანესი 0:0

ესპანიოლი – ბარსელონა 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ხ.მორენო (66), 1:1 პიკე (82)

ხირონა – ბილბაო 2:0 (1:0)

გოლები: სტუანი (7 პენ; 65)

ატლეტიკო – ვალენსია 1:0 (0:0)

გოლი: ა.კორეა (59)

თეგებილა ლიგა
0.210727