ფეხბურთი

3:00 | 28.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალმა” “მესტალიაზე” 2013 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა

ლა ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “მესტალიამ” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “ვალენსია” “რეალს” დაუხვდა და მადრიდში 3 ქულა გაატანა.

ორივე გუნდს შუა კვირაში ესპანეთის თასზე მძიმე თამაში ჰქონდა. “ვალენსიამ” “ალავესის” ბარიერი მხოლოდ პენალტების სერიით დაძლია და ნახევარფინალში გააღწია, ხოლო “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” სენსაციური მარცხი განიცადა და “ლეგანესთან” დუელში გამოვარდა.

ორივე გუნდს პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს განსაკუთრებით მასპინძლებზე ითქმის, რადგან ერთბაშად ოთხი ცენტრალური მცველი აკლდათ – ჯეისონ მურილიო, გაბრიელ პაულისტა, რუბენ ვეზო და ხავი ხიმენესი. შესაბამისად, დაცვაში დადგომა ფრანცის კოკლენს მოუწია, რომელიც ამპუით ჩამშლელი ნახევარმცველია. რაც შეეხება სტუმართა დანაკლისს, ისინი “მესტალიას” სერხიო რამოსის და ისკოს გარეშე ეწვივნენ.

თავიდანვე გამოჩნდა, რომ მარსელინიო ტორალმა ცოტათი ფრთხილი და უცნაური სათამაშო სქემა აირჩია. მარცხენა ფლანგზე ორი მცველი ხოსე ლუის გაია და ტონი ლატო მოქმედებდნენ, რამაც მასპინძელთა შეტევით პოტენციალს აშკარად ავნო, რადგან მარჯვენა ფლანგზე გადაწეული გონსალო გუედეში ისეთი პროდუქტიული ნამდვილად ვერ იყო, როგორც საპირისპირო ფრთაზე გახლავთ. თადარიგში დარჩნენ სიმონე ძაძა და ლუსიანო ვიეტო, რომელთაც ტორალმა როდრიგო-მინას დუეტი არჩია.

ზინედინ ზიდანს ველოსიპედის გამოგონება არ დაუწყია, ნაცადი ტაქტიკა 4-3-3 და ასეთივე შემადგენლობა აირჩია, რამაც როგორც მოგვიანებით გაირკვა, 100%-ით გაამართლა.

შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო და რომელიმე გუნდი უპირატესობას ფლობდაო რომ ვთქვათ, ტყუილი გამოვა. მომენტი ამ დროში არცერთს არ ჰქონდა. პირველივე სახიფათო ეპიზოდს კი, მასპინძელთა კარის მიმართულებით პენალტის დანიშვნა მოჰყვა: მე-15 წუთზე “ღამურებმა” კუთხური მოაწოდეს, რომელიც სტუმრებმა მოიგერიეს და უმალ უსწრაფესი კონტრშეტევევა განახორციელეს, რომლის დაბოლოებას კრიშტიანო რონალდუ ცდილობდა, მაგრამ მარტინ მონტოიამ საჯარიმოში წესების დარღვევით წააქცია და ხავიერ ესტრადა ფერნანდესმა სრულიად სამართლიანად, ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა, რომელიც თავად რონალდუმ აქცია გოლად.

ამ გოლის შემდეგაც დაახლოებით თანაბარი თამაში მიდიოდა, “ღამურებმა” ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, 25-ე წუთზე ჟოფრი კონდოგბიამ შესანიშნავი მოძრაობებით ორი მოთამაშე ჩამოიშორა და მადრიდელთა კარს საჯარიმოს მისადგომებიდან დაემუქრა, მაგრამ კეილორ ნავასმა იყოჩაღა და ბურთი მოიგერია.

37-ე წუთზე კი ესტრადა ფერნანდესმა “ლოს ჩეს” კარის მიმართულებით მეორე პენალტი დანიშნა, თუმცა ამჯერად უკვე ძალიან საკამათო. მარტინ მონტოია ქარიმ ბენზემას ოდნავ კი შეეხო, თუმცა ასეთ დარღვევებზე პენალტი ნაკლებად ინიშნება, მითუმეტეს ისეთ მომენტში, როდესაც გუნდის კარში ერთი პენალტი უკვე დანიშნულია. თანაც, ასეთივე საკამათო ეპიზოდი საპირისპიროდაც შეიქმნა, თუმცა დანი პარეხოს წაქცევას მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. რონალდუმ კი მეორე 11-მეტრიანიც ზუსტად შეასრულა და დუბლი გაიფორმა.

“ღამურებს” ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიშის შემცირების 100%-იანი შანსი ჰქონდთ, მაგრამ როდრიგო მორენომ დაახლოებით ხუთი მეტრიდან ცარიელ კარს ბურთი ზემოდან გადააცილა და ტაიმი 0:2 დასრულდა.

ტაიმის ბოლო წამებზე ტრავმა მიიღო გონსალო გუედეშმა, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მის ნაცვლად, კარლოს სოლერი გამოვიდა, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. მარსელინიო ტორალის შეგირდებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და როდრიგოს ოდნავ ყურადღებით რომ ეთამაშა, ერთ ბურთს გაქვითავდა. როდრიგომ ვერა, მაგრამ სამაგიეროდ ამის გაკეთება 58-ე წუთზე სანტი მინამ შეძლო, რომელიც დანი პარეხოს მიერ მოწოდებულ კუთხურს გამოეხმაურა და თავური დარტყმით შეაგდო. მომდევნო 15 წუთი მთლიანად “ვალენსიასი” იყო და კეილორ ნავასის ბრწყინვალე სეივი რომ არა, დანი პარეხო ანგარიშს აუცილებლად გაათანაბრებდა.

შეხვედრის ბოლოსკენ კი, “ვალენსიას” დაღლა დაეტყო, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან “ღამურებმა” ფაქტობრივად იგივე შემადგენლობით რამდენიმე დღით ადრე 120 წუთი ითამაშეს, ხოლო “რეალთან” მატჩს თავიდანვე აგებდნენ და შეტევაში მოუწიათ წასვლა, რამაც აშკარად ძალები გამოაცალა, რითაც მადრიდელებმა ისარგებლეს და ბოლო 10 წუთში თამაშს მთლიანად აკონტროლებდნენ, რაც ტაბლოზეც ასახეს: 84-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე მარსელომ ბრწყინვალედ ითამაშა, ასენსიოსთან მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა და ნეტოს ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი, ხოლო ხუთ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთი ჩინებული შეტევა განახორციელეს, რომელიც ტონი კროოსმა დაასრულა ზუსტი დარტყმით და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:4.

აღსანიშნავია, რომ “ღამურების” კარში გატანილი ყველა გოლი მარტინ მონტოიას ცუდ თამაშს მოჰყვა. პირველ ორ შემთხვევაში, პენალტი აიკიდა, ხოლო შემდეგ მისი ფლანგი ჩავარდა და გოლებიც იქიდან გავიდა. ასე რომ, ვალენსიელებს მარჯვენა მცველის დამატებაზე ფიქრი არ აწყენდათ.

“რეალმა” კი “მესტალიაზე” 2013 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა. “ლოს ჩე” 40 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “ბლანკოსს” 38 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა, თუმცა ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

რაც შეეხება დღის სხვა მატჩებს, “ვილიარეალი” შინ “სოსიედადს” დაუხვდა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” შეხვედრის ბედი დებიუტშივე გადაწყვიტეს: მე-20 წუთისთვის 3:0-ს იგებდნენ. ამის შემდეგ გუნდებმა პირველ ტაიმში გოლები გაცვალეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ერთი ბურთი ვილიან ჟოზემ შეაგდო და ვალენსიელებმა 4:2 მოიგეს.

“დეპორტივომ” “რიასორზე” “ლევანტე” მიიღო და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. მასპინძლებმა ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა სელსო ბორგესის გაძევების გამო 34-ე წუთიდან მოყოლებული 10 კაცით თამაშობდნენ, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. გალისიელებს ძალები ბოლომდე აღარ ეყოთ და შეხვედრის დასკვნით ათ წუთში ივისგან ორი გოლი მიიღეს – 2:2.

“მალაგას” და “ხირონას” დაპირისპირება კი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

დეპორტივო – ლევანტე 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ადრიანი (19), 2:0 ანდონე (45), 2:1, 2:2 ივი (80; 84)
გაძევება: ბორგესი (34 დ.)

ვალენსია – რეალი 1:4 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 რონალდუ (16 პენ; 38 პენ.), 1:2 მინა (58), 1:3 მარსელო (84), 1:4 კროოსი (89)

მალაგა – ხირონა 0:0

გაძევება: ჩ.კასტრო (78 მ.)

ვილიარეალი – სოსიედადი 4:2 (4:1)

გოლები: 1:0 ვ.რუისი (5), 2:0 ფორნალსი (17), 3:0 ბაკა (20), 3:1 დ.ლორენტე (24), 4:1 კასტილიეხო (34), 4:2 ვილიან ჟოზე (58)

თეგებილა ლიგა
0.161588