კალათბურთი

12:40 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგაში ქართული დერბის ბედი შენგელიას პასმა გადაწყვიტა (+VIDEO)

ევროლიგის მე-20 ტურში “ქართული” დერბი შედგა. გიორგი შერმადინის “უნიკახამ” თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” უმასპინძლა და ამ მატჩის თანმდევი ატრიბუტი, ნიშნად მასში ქართველი მოთამაშეების მონაწილეობისა, ტრიბუნაზე გამოფენილი საქართველოს დროშა იყო.

შეხვედრა ძალიან თანაბარი და დაძაბული გამოდგა და მისი ბედი შეხვედრის ბოლო წამებზე გადაწყდა. თორნიკე შენგელიას პასით ლატვიელმა იანის ტიმამ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და ბასკონიელებმა 85:83 გაიმარჯვეს.

ქართველი მოთამაშეები საუკეთესოთა შორის იყვნენ. შენგელიამ მოედანზე 25:53 წუთი გაატარა და 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ფორვარდი სარგებლიანობის კოეფიციენტის (16) მიხედვით, სტუმართა რიგებში მხოლოდ ურუგვაელ ჯეისონ გრეინჯერს (14 ქულა, 8 პასი) ჩამორჩა.

შენგელიას მსგავსად, არც შერმადინი არ ყოფილა სასტარტო ხუთეულში. ქართველი ცენტრი მოედანზე 23:10 წუთით იმყოფებოდა და 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა. გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 გახლდათ და ამ მხრივ, მას მასპინძელთა მხრიდან მხოლოდ სერბმა ნემანია ნედოვიჩმა (19 ქულა) აჯობა.

ბასკონიელებს 9 მოგება და 11 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, უნიკახელებს კი 8 მოგების წილ 12 მარცხი შერჩათ და მე-10 საფეხურზე არიან. 2 თებერვალს ბასკური კლუბი ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” დაუხვდება, მალაგელები კი რუსეთში “ხიმკის” ესტუმრებიან.

gbf.ge

0.121913