ფეხბურთი

11:09 | 25.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “ეს მარცხი მხოლოდ ჩემი ბრალია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის თასის მეოთხედფინალში “ლეგანესთან” საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხისა და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ განაცხადა, რომ ეს მისი პირადი ჩავარდნაა და წაგების გამო პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება.

“შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ და ეს ჩემი ჩავარდნაა. ჩვენს თამაშს შეუძლებელია კარგი უწოდო, ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ძალიან მძიმე საღამოა მთელი გუნდისთვის. მომხდარის ანალიზი ახლავე უნდა დავიწყოთ და პირველ რიგში ეს მე უნდა გავაკეთო, რადგან ეს ჩემი მარცხია. 90 წუთი გვქონდა მდგომარების გამოსასწორებლად, თუმცა ვერ შევძელით. ახლა ხვალინდელ დღეზე ფიქრია აუცილებელი და მუშაობის გაგრძელება, რათა მომდევნო შეხვედრებს მომზადებული შევხვდეთ” - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.

ფრანგმა სპეციალისტმა კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განაცხადს მიღმა მათ დატოვებას შეცდომად არ მიიჩნევს.

“ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რონალდუსა და ბეილის მოედანზე არგამოყვანას ვნანობ. ფურცელზე კონკურენტუნარიანი გუნდი მყავდა და “ლეგანესთან” მატჩი მქონდა, რეალობაში კი მოვლენები სხვაგვარად განვითარდა” - განაცხადა ზიდანმა.

“რეალს” “ლეგანესთან” სტუმრად გამართული პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:2 წააგო (VIDEO) და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპის საგზური “ლეგანესმა” მოიპოვა, რომელიც პირველად ითამაშებს კოპე დელ რეის 1/2 ფინალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113169