ფეხბურთი

12:40 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

BBC Sport: მხითარიანის და სანჩესის გაცვლა შედგება

სომხეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ჰენრიხ მხითარიანი ლონდონის "არსენალში" სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის. ასევე, "მეთოფეების" თავდამსხმელი ალექსის სანჩესი "წითელ ეშმაკებთან" მოლაპარაკებას მართავს. როგორც BBC Sport-ი იუწყება, აღნიშნული ფეხბურთელების გაცვა უკვე გადაწყვეტილია.

ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი სანჩესის გაშვებას დათანხმდა, ოღონდ სანაცვლოდ მხითარიანი უნდა გადავიდეს "არსენალში". სომეხ ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია, ჩილელი კი კონტრაქტის დეტალებს აგვარებს. ჰენრიხი პრემიერლიგის 24-ე ტურში "მანჩესტერის" განაცხადში არ იყო, ასევე არც სამხრეთამერიკელი მოხვდა ვენგერის სიაში, ფრანგმა სპეციალისტმა კი დაადასტურა, რომ ფეხბურთელი ერთდროულად მოლაპარაკებას და თამაშს ვერ შეძლებდა. ჯერჯერობით უცნობია ორივე ფეხბურთელის კონტრაქტის დეტალები. Sky Sports-ს კი მხითარიანთან დაახლოებულმა პირმა ამცნო, რომ შემტევი ახალ გუნდში გადასვლით ბედნიერია.

ტრანსფერო უახლოეს 24 ან 48 საათში შედგება. სომეხი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ჟოზ მოურინიოს გეგმებში აღარ შედიოდა და მისი წასვლა გარდაუვალი იყო. სანჩესის შემთხვევაში კი ფეხბურთელმა არ ისურვა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება, რადგან "არსენალში" ტიტულები ვერ მოიპოვა. სამხრეთამერიკელს ხელშეკრულების ვადა კლუბთან 2018 წლის ზაფხულში ეწურება და ლონდონელებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი "მეთოფეებს" 2014 წლის ზაფხულში "ბარსელონადან" შეუერთდა. მას შემდეგ სანჩესმა 166 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 80 გოლი და 46 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისში გადასვლის შემდეგ კი ალექსის სატრანსფერო ღირებულება 38-დან 70 მილიონ ევრომდე გაიზარდა. მხითარიანის კი მანჩესტერულ კლუბში საქმეები ცუდად წაუვიდა. სომეხი 2016 წელს "დორტმუნდიდან" შეუერთდა "წითელ ეშმაკებს" და დღემდე ჩატარებულ 63 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. პრემიერლიგის გუნდში გადასვლის დროს ჰენრიხის სატრანსფერო ღირებულება 37 მილიონი იყო, ხოლო ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123816