ფეხბურთი

4:48 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა - მეორე წრეც უცვლელი სცენარით

გერმანიის ბუნდესლიგა ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მე-18 ტურის მერე სატურნირო ცხრილში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა. “ბაიერნს” შეგვიძლია უკვე მივულოცოთ ზედიზედ მეექვსე “ვერცხლის სინი”, აი, დანარჩენებს კი წინ ბევრი და ფიცხელი ბრძოლა ელოდებათ.

“ბაიერნმა” მეორე წრე გახსნა და ლევერკუზენში “ბაიერი” უშანსოდ დატოვა. ეს პარასკევს იყო. მატჩების უმრავლესობა კი, როგორც ბუნდესლიგას სჩვევია შაბათს ჩატარდა. ყველაზე დიდ ინტერესს ოთხეულში მყოფი გუნდების, “ლაიფციგისა” და “შალკეს” დუელი იწვევდა. რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა ჩინებულად გამოიყენა საკუთარი კედლების ფაქტორი და მიმდინარე სეზონში თავმოყვარე “ხუმარებს” სამი ქულა წაართვა. ნაბი კეიტამ გახსნა ანგარში. ვინძლო გვინეელისთვის ეს ბოლო მატჩიც აღმოჩნდეს გერმანულ გუნდში, რადგან “ლივერპულს” მისი გადაბირება უკვე, იანვარშივე სურს. სხვათა შორის, სტატისტიკოსებმა დათვალეს და აღმოაჩინეს, რომ “ლაიფციგს” არასდროს წაუგია ის მატჩი, რომელშიც გოლს კეიტა იტანდა. ახლაც ასე მოხდა – მართალია, მეორე ტაიმის სტარტზე “შალკეს” ბომბარდირმა მცველმა ნალდომ გაათანაბრა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა იყო. საბოლოოდ, ვიცე-ჩემპიონმა მოიგო და კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. “რედ ბულმა” სწორედ გელზენკირხენელებს გადაასწრო.

იულიან ნაგელსმანის ნაქები “ჰოფენჰაიმი”, როგორც ჩანს, მეორე წრეშიც ვერ დასტაბილურდება და ამიტომაც, ალბათ, ევროპაში გასვლა ძალზე გაუჭირდება. “სოფლელებმა” ამჯერად აუტსაიდერ “ვერდერს” ვერ მოუგეს. ეგ კი არა, ბრემენელები უფრო გააზრებულად ბურთაობდნენ და მოგებას იმსახურებდნენ. საბოლოდ, ფრე (1:1), რომელმაც არცერთი გუნდი არ დააკმაყოფილა.

“მაინცი” სტუმრად კომფორტულად თამაშობდა და “ჰანოვერს” 2:0-საც უგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძელმა ნიკლას ფოლკრუგმა არაფერი შეგეშალოთო და... ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს მეორე წრე სამი ქულით დააწყებინა.

მოიგო “შტუტგარტმაც”. “მერსედეს ბენც არენაზე” მარიო გომესის დაბრუნებას აღნიშნავდნენ და არ ივარგებდა ქომაგებისთვის ხასიათის წახდენა. “ჰერტას” მცველმა ნიკლას შტარკმა კი მატჩის მიწურულს ავტოგოლი მიითვალა და “შვაბებმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. სხვათა შორის, შტარკმა საკუთარი კარი სწორედ გომესთან ჭიდილის დროს დალაშქრა...

ზუსტად ასეთივე ანგარიშით “აუგსბურგმა” შინ “ჰამბურგი” დაამარცხა.

მეორე წრის პირველი ტური კვირას ორი მატჩით დასრულდება: უვარგისი “კიოლნი” “გლადბახის” მასპინძელი იქნება, ხოლო “დორტმუნდი” “ვოლფსბურგს” დაუხვდება.

“აუგსბურგი” – “ჰამბურგი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კოო (45)

“აინტრახტი” – “ფრაიბურგი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰალერი (28), 1:1 კოხი (51)

“ჰანოვერი” – “მაინცი” 3:2 (2:2)

გოლები: 0:1 მუტო (26), 0:2 ჰაკი (31), 1:2 ფოლკრუგი (33), 2:2 ფოლკრუგი (38, პენ), 3:2 ფოლკრუგი (75)

“შტუტგარტი” – “ჰერტა” 1:0 (0:0)

გოლები: 1:0 შტარკი (78, ა.გ)

“ვერდერი” – “ჰოფენჰაიმი” 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჰუბნერი (39), 1:1 გებრე სელასიე (63)

“ლაიფციგი” – “შალკე” 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 კეიტა (41), 1:1 ნალდო (55), 2:1 ვერნერი (69), 3:1 ბრუმა (71)

თეგებიბუნდესლიგა
ფრაიბურგი   2 - 0    აუგსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   3 - 2    ჰანოვერი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   1 - 4    შტუტგარტი

შემადგენლობა

მოვლენები

მაინცი   1 - 2    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   4 - 1    კიოლნი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   3 - 1    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰამბურგი   2 - 1    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   2 - 6    ლაიპციგი

შემადგენლობა

მოვლენები

შალკე   1 - 0    აინტრახტი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.415561