ფეხბურთი

17:53 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბერლინის “დინამო“ - უცნაური, ჯიუტი, კომუნისტური...

თუკი ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში სიმონ ბოლივარშტრასედან კონრად-ვაისშტრასეს დაადგებით, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში მოძველებული რუხი შენობა, რომელსაც აბრაზე წითლად “ბერლინერ დინამო“ აწერია და რომლის წინაც დღენიადაგ ჭრიალებს საღებავამძვრალი ჭიშკარი, საიდანაც ბერლინის “დინამოს“ ასევე ძველ, თუმცა კარგადმოვლილ სტადიონზე შევდივართ.

იყო დრო, როდესაც 1955 წელს დაარსებული ბერლინის “დინამო“ აღმოსავლეთ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ ათჯერ გახდა და ეს გუნდი ევროპის რეკორდსმენიცაა ზედიზედ მიღწეული ჩემპიონობის კუთხით, მაგრამ 1990 წელს გერმანია გაერთიანდა, გაერთიანდა შესაბამისად გერმანიის საფეხბურთო პირველობაც და აღმოსავლეთგერმანული კლუბების ქომაგებმა აღმოაჩინეს, რომ მათი საყვარელი გუნდები დასავლეთგერმანიის ძლიერ და ფინანსურად მდიდად კლუბებს უბრალოდ ვერანაირ კონკურენციას ვეღარ უწევდნენ და ახალი დროის ბუნდესლიგა მთლიანად დასავლეთის კლუბებმა მოიცვა.

უკან-უკან წავიდა ბერლინის “დინამოს“ საქმეებიც. გუნდის 16 ათასმაყურებლიანი სტადიონის გავსება ბერლინელ თავგადაკლულ ქომაგებს დიდ ოცნებად ექცათ, გაქრა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება და გაუქმდა ყოველგვარი ბენეფიტი, ბერლინელმა ქომაგებმა “ჰერტა“ და უზარმაზარ “ოლიმპიანშტადიონზე“ სიარული ამჯობინეს კომუნისტური ეპოქის “დინამოს“ გულშემატკივრობას და ბოლოს მოხდა ისე, რომ ერთ დროს ევროტურნირების მუდმივი მონაწილე ბერლინის “დინამო“, რეგიონლიგის მუდმივი წევრი გახდა და ვისაც კი ამ გუნდისთვის როდესმე უქომაგია, მათაც კი დაკარგეს ნათელი მომავლის იმედი.

65 წლის ჰელმუტ ნიმერმანი ბერლინის “დინამოს“ 12 წლის ასაკიდან ქომაგობს და იმ იშვიათ გულშემატკივრებს შორისაა, რომლებსაც საყვარელი გუნდისათვის არასოდეს უღალატიათ. ჰერ ჰელმუტი დარდიანად იხსენებს წარსულ დღეებს, განსაკუთრებით კი გასული საუკუნის 80-იან წლებს და ამბობს, რომ გერმანიის გაერთანება მისი დიდი ხნის ოცნება იყო, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგებდა, რომ ამ დიდ ამბავს მისი საყვარელი გუნდის დაცემა მოჰყვებოდა. ჰელმურტ ნიმერმანი საკმაოდ პრაქტიკული კაცია და კარგად ხვდება, რომ საბაზრო ეკონომიკას თავისი თამაშის წესები აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული კლუბების დრო გერმანიაში აუცილებლად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პრაქტიკოს გერმანელთან ერთად იგი რიგითი ქომაგიცაა და “დინამოს“ სტადიონის დასავლეთი ტრიბუნის მორყეულ სკამზე მჯდარი ამოოხვრებით იხსენებს ძველ დროს, როდესაც ამ სტადონზე ევროპის არაერთი ცნობილი გუნდი თამაშობდა და ამ კაცს დონეცკის “შახტართან“ უეფას თასზე განცდილი მარცხიც ახსოვს და ბელგრადის “პარტიზანთან“ მიღწეული ისტორიული გამარჯვებაც.

ბერლინის “დინამოს“ სტადიონთან არსებული შენობებიც, ლუდახანებიც და საკლუბო ამუნიციის მაღაზიებიც ძველმოდური და კომუნისტური ეპოქისდროინდელია. საქომაგო კაშნეებზე ბრუტალურად “იწონებენ თავს“ წითელი, კაშკაშა ვარსკვლავები და კლუბის საგულშემატკივრო სომღერების დიდი ნაწილიც კომუნისტური სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. ბერლინის “დინამოს ქომაგი, ჰერ ვალტერი ამბობს, რომ დაახლოებით 10 წლის წინ იყო მცდელობა კლუბს კომუნისტურ წარსულზე საბოლოოდ ეთქვა უარი, მაგრამ ფესვგაუხმობმა ქომაგებმა ამაზე სასტიკი უარი თქვეს და კლუბის მცირეჯიბიანი მეპატრონეებიც დამორჩილდნენ ფანების ნებას. აქ ყველამ იცის, რომ ასეთი სიჯიუტითა და სიხისტით კლუბის ისედაც ბუნდოვან მომავალს კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანს ხდიან, მაგრამ ასეთია ამ გუნდი ისტორია და ისტორიის გადაწერა არც ადვილია და მოდით პირდაპირ ვთქვათ - არც სასურველია.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ხომ მაინც ფეხბურის სიყვარულია! ეს კი ბერლინის “დინამოს“ქომაგებს ნამდვილად არ აკლიათ. მეტიც - ნამდვილი ფეხბურის სიყვარული სწორედ ასეთი კლუბის ქომაგთა გულში იხარშება, თორემ მიუნჰენის “ბაიერნის“ გულშემატკივრობას რა უნდა?!...

ლევან სეფისკვერაძე სპეციალურად worldsport-სთვის ბერლინიდან

0.117369