ფეხბურთი

4:07 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩიროს ბენეფისი, ბონუჩის პირველი, სარდინიული გაუგებრობა და უცვლელი ლიდერი

იტალიის სერია A-მ ეკვატორი გადალახა. თუ ორი-სამი ტურის სკუდეტოსთვის ბრძოლაში მრავალფეროვნება იყო, ახლა ასე აღარაა. შეიძლება ითქვას, იტალიის ჩემპიონის ტიტულისთვის “ნაპოლი” და “იუვენტუსი” შეეციელებიან ერთმანეთს.

ნეაპოლელები ისევ ლიდერობენ, ხოლო ტურინელები ფეხდაფეხ მიჰყვებიან კონკურენტს. სხვაობა ოდენ ერთი ქულაა.

მაურიციო სარის გუნდმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი “ვერონა” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ვერაფერი დააკლო, მეორე ნახევარში მაინც გატეხა და მოიგო. კალიდუ კულიბალისა და ხოსე კალეხონის გოლებით “აძურიმ” ლიდერობა მინიმუმ ერთი ტურით შეინარჩუნა.

“ნაპოლის” გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხა “იუვენტუსმა”, რომელსაც 3 ქულის მოპოვება ძალიან გაუჭირდა. ტურინული გრანდი ტურის დასკვნით შეხვედრაში “კალიარის” ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად დაიწყო თამაში, მერე გაშვებულ გოლს რამდენჯერმე გადაურჩა. საბოლოოდ, დუგლას კოშტას გარღვევას ფედერიკო ბერნარდესკის გოლი მოჰყვა და “ბიანკონერიმ” მაინც მოიგო. “იუვე” ლიდერს ქულით ჩამორჩება. სამაგიეროდ, “რომასთან” და “ინტერთან” უპირატესობა გაზარდა.

“ინტერმა” ჯერ კიდევ პარასკევს ვერ მოიგო თავისი მატჩი. აი, “რომამ” კი საერთოდ წააგო. ორწუთიან ინტერვალში “მგლებმა” ბერგამოს “ატალანტასგან” ორი გოლი მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უპირატესობაში გაატარეს, მხოლოდ პრესტიჟის გოლით შემოიფარგლნენ. ამრიგად, “რომა” ჩემპიონობას ვიღა დაეძებს და, მეხუტე პოზიციაზე დაქვეითდა.

ეს, მას შემდეგ, რაც ჩირო იმმობილემ “სპალთან” შოუ დადგა. იტალიელი დიდებულ სეზონს ატარებს და დებიუტანტს ნახევარ საათში 4 გოლი გაუტანა! საბოლოოდ, “ლაციომ” 5:2 მოიგო და მეოთხე პოზიციაზე აინაცვლა. იმმობილემ კი ელიტაში პირველად შეასრულა პოკერი. ბომბარდირთა დავაში მაურო იკარდის 2 გოლით გაასწრო. ისიც სათქმელია, რომ ჩიროს ზედიზედ მეორე სეზონია, რაც მინიმუმ 20 გოლი გააქვს სერია ა-ში. ბოლოს ასეთი რამ ჯუზეპე სინიორიმ გააკეთა (1993 და 1994 წლებში) “ლაციოს” ფეხბურთელის რანგში.

ვაგლახ, “მილანმა” მოიგო და ჯენარო გატუზო კმაყოფილი დარჩა. პროგრესს განვიციდთო. მაგრამ, რა ვიცით, “კროტონესთან” კინკილა გოლით მოგებული მატჩით წესით რინო კმაყოფილი არ უნდა იყოს. გოლი ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა. ეს “როსონერის” რიგებში ლეოს სადებიუტო გოლი აღმოჩნდა. სხვათა შორის, კურიოზული გოლი გამოვიდა. მეკარემ მოიგერია ბურთი და ბონუჩის მოხვდა, ისე შევარდა კარში. მიუხედავად გამარჯვებისა, ლომბარდიული გრანდი მე-11 ადგილზეა...

ვალტერ მაცარის დაბრუნება წარმატებული გამოდგა. “ტორინომ” ახალი თავკაცის ხათრით “ბოლონიასთან” მაქსიმალურად მოინდომა და მეტოქე უშანსოდ დატოვა – 3:0.

და ბოლოს, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ “ბენევენტოს”. გუნდს, რომელსაც 18 ტურის განამვლობაში 1 ქულა ჰქონდა მოპოვებული, ბოლო ორ ტურში 6 ქულა გამოიმუშავა! რობერტო დე ძერბის გუნდმა მიჯრით მეორე თამაში მოიგო. ამჯერად თავმოყვარე “სამპდორიასთან” და ეს მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი წააგო – 3:2. “ბენევენტოს” მხრიდან მესამე გოლი 18 წლის ენრიკო ბრინიოლამ გაიტანა. საინტერესოა, რომ ბრინიოლას სერია A-ში სამი მატჩი აქვს ჩატარებული. სამივე შემთხვევაში, როდესაც ენრიკო მოედანზე გამოჩნდა, მის გუნდს არ წაუგია. არადა, “ჯალოროსიმ” 20 მატჩიდან სწორედ 3 თამაშში შეძლო მარცხისგან თავის არიდება – ეტყობა ფეხი აქვს იღბლიანი...

ახლა, სერია A ზამთრის არადადეგებზე გავიდა. კალჩო 22 იანვარს განახლდება.

“ტორინო” – “ბოლონია” 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დე სილვესტრი (38), 2:0 ნიანგი (53), 3:0 იაგო ფალკე (85)

“მილანი” – “კროტონე” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბონუჩი (54)

“ბენევენტო” – “სამპდორია” 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 კაპრარი (45), 1:1 კოდა (69), 2:1 კოდა (84), 3:1 ბრინიოლა (90), 3:2 კოვნაცკი (90)

“ჯენოა” – “სასუოლო” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 გალაბინოვი (80)

“სპალი” – “ლაციო” 2:5 (2:4)

გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (5), 1:1 ანტენუჩი (8, პენ), 1:2 იმმობილე (19), 1:3 იმმობილე (26), 2:3 ანტენუჩი (30), 2:4 იმმობილე (41), 2:5 იმმობილე (50)

“ნაპოლი” – “ვერონა” 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კულიბალი (65), 2:0 კალეხონი (78)

“რომა” – “ატალანტა” 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 კორნელიუსი (14), 0:2 დე რუნი (19), 1:2 ჯეკო (56)

“კალიარი” – “იუვენტუსი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ბერნარდესკი (74)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.659226