ფეხბურთი

18:22 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი პაოლო მალდინის ვეღარ გადაასწრებს

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ლეგენდარული თანამემამულის, პაოლო მალდინის რეკორდს ვეღარ დაამხობს. საქმე ეხება იტალიის სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობას.

“მილანის” ექსკაპიტანზე მეტჯერ კალჩოში არავის უთამაშია და უკვე კარგა ხანია ლიდერია – 647 მატჩი. მეორე ადგილზე კი, სწორედ ბუფონია, რომლის ანგარიშზე 629 შეხვედრაა და რეკორდამდე 19 თამაში აშორებს.

თუმცა, საქმე ისაა, რომ სერია A-ს დასრულებამდე 19 ტურია დარჩენილი და შესაბამისად, ჯიჯის ყველა მატჩში მონაწილეობა სჭირდება. თუმცა, ტრავმირებულია... ამ მიზეზით 39 წლის კიპერი 6 იანვარს, “კალიარისთან” შეხვედრასაც გამოტოვებს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ბუფონი მალდინის რეკორდის ვერ დაამხობს. თუ “იუვეს” კარის დარაჯი დარჩენილ 18 თამაშს ჩაატარებს, მაშინ მხოლოდ გაუტოლდება პაოლოს, ხოლო თუ რეკორდის მოხსნა სურს, მაშინ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება უნდა გადაიფიქროს...

პაოლო მალდინიმ სერია A-ში 649 შეხვედრა 25 სეზონის განმავლობაში ჩაატარა, ბუფონი კი იტალიურ ელიტაში 22-ე სეზონს ატარებს (ერთი წელი სერია B-ში გაატარა). აქვე გეტყვით, რომ იტალიის მთავარ ლიგაში 600 მატჩიან ნიშნულს მალდინისა და ბუფონის გარდა, მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ და ხავიერ ძანეტიმ მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ჯიჯი საკმაოდ ბევრ რეკორდთან იყო და არის ახლოს, თუმცა რამდენიმე ვერ დაამხო. მაგალითად:

ბუფონმა იტალიის ნაკრებს 79-ჯერ უკაპიტნა და ფაბიო კანავაროს გაუტოლდა, თუმცა სარეკორდო მატჩის ჩატარებამდე კარიერის დასრულება მოუწია. იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გასულიყო, ჯიჯი გახდებოდა ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც 6 მუნდიალზე იქნებოდა ნამყოფი, თუმცა ასე არ მოხდა და ახლა იტალიელი მათეუსთან და კარბახალთან ერთად 5-5 მონაწილეობით ლიდერობას იყოფს. “იუვენტუსის” კაპიტანს სანაკრებო დონეზე 175 მატჩი აქვს ჩატარებული და მსოფლიო რეკორდამდე სულ რაღაც 9 სანაკრებო შეხვედრა დააკლდა.

გარდა ამისა, ჯიჯი რეკორდს იყოს დეიან სტანკოვიჩთან ერთად, რომელიც იტალიის სუპერთასის ტიტულებს ეხება (6 ტიტული), ხოლო სკუდეტო რვაჯერ აქვს მოგებული (თუ 2005 და 2006 წლებში ჩამორთმეულ სკუდეტოებს არ ჩავთვლით) ისევე როგორც ფერარას, ფურინოსა და როზეტას. ეს საუკეთესო შედეგია. ბუფონს კი რეკორდის დამყარების შანსი ამ კუთხით ჯერ კიდევ აქვს. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ორი წლის დაამხო სებასტიანო როსის რეკორდი სერია A-ში ზედიზედ მშრალად შენახული კარის კუთხით – 974 წუთი. გარდა ამია, ბუფონი რეკორდსმენია იტალიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (175 თამაში), რაც სხვათა შორის ევროპის მასშტაბითაც სარეკორდოა.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონმა ბოლოს 1 დეკემბერს, “ნაპოლისთან” მატჩში მიიღო მონაწილეობა და იქედან მოყოლებული ტრავმირებულია. როგორც იტალიური მედია იტყობინება, იგი მოედანს იანვრის ბოლოს დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09935